ერთი თვეა, რაც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერს ახალი თანაშემწე ჰყავს.

ამ თანამდებობაზე, კონკურსის წესით, ლაშა გელაშვილი შეარჩიეს.

ჟურნალისტთა სკოლა „იმედი ხვალის“ სტუდენტებმა გადავწყვიტეთ, ახლოს გაგვეცნო ახალგაზრდა, რომელსაც ხარაგაულის განვითარებასა და მისი უკეთესი ხვალინდელი დღის შექმნაში საკუთარი წვლილის შეტანა სურს.

კესო ჩხიკვაძე: -როგორი მოსწავლე იყავით. მოსწავლეობის შემდეგ როგორ გაგრძელდა თქვენი ცხოვრება?
-მეექვსე კლასის ჩათვლით ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღთან მოქმედ სკოლაში ვსწავლობდი. იქ სწავლების განსხვავებული სისტემა იყო დანერგილი. სკოლაში გახანგრძლივებული ჯგუფი მოქმედებდა. გაკვეთილების შემდეგ გვასადილებდნენ და მეცადინეობას ვიწყებდით. ასე რომ, სახლში დაბრუნებულებს გაკვეთილები ნასწავლი გვქონდა. შემდეგ სწავლა ხარაგაულის სასულიერო გიმნაზიაში გავაგრძელე.

12-წლიანი სწავლება რომ შემოიღეს, არაქართულენოვან სკოლებს ნება დართეს, იმ წელს სკოლა მეთერთმეტე კლასს დაემთავრებია. ამიტომ ბორჯომის რუსულ სკოლაში გადამიყვანეს. ბავშვობაში სწავლა არ მიჭირდა, თუმცა ცოტა ზარმაცი ვიყავი. 2008 წელს სკოლა ოქროს მედალზე დავამთავრე და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე 100%-იანი გრანტით ჩავირიცხე.

ჩემი გამოცდილებიდან გეტყვით, რომ გამოცდებზე არ ინერვიულოთ. ნერვიულობა საქმეს აზარალებს. ჯობია, მხოლოდ საგამოცდო საკითხებზე იფიქროთ. პირველ კურსზე თავგამოდებით ვსწავლობდი. უნივერსიტეტში ფუნქციონირებდა ე. წ. ელიტჯგუფი, სადაც ყველა საგანი ინგლისურად ისწავლებოდა. ლექტორმა ლაშა ლაბაძემ ელიტჯგუფში სწავლება შემომთავაზა. ვიფიქრე, რომ ინგლისურად სწავლას ვერ შევძლებდი და უარი ვუთხარი. ახლა ამას ძალიან ვნანობ.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში სტაჟიორად მივედი. ხუთი თვის შემდეგ ხელფასი დამენიშნა. ორი წლის განმავლობაში სახელმწიფო აუდიტის სამსახურში სერიოზული გამოცდილება მივიღე. 2015-2016 წლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამშემწედ ვიმუშავე. საკრებულოში მუშაობის დასრულების შემდეგ ჩავერთე პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“ და ხარაგაულში მცირე ბიზნესი დამიფინანსეს.

არმაზი შავიძე: -რა პროფესიაზე ოცნებობდით ბავშვობაში და რამდენად გსურდათ საჯარო სამსახურში საქმიანობა?
-ბავშვობაში საჯარო სამსახური საერთოდ არ ვიცოდი რა იყო. სფეროებიდან უფრო მეტად გეოლოგია, არქეოლოგია და მსგავსი საველე სამუშაოები მიზიდავდა. თუმცა, მივხვდი, რომ საქართველოში ამ პროფესიებით საკუთარ თავს ვერ ვიპოვიდი.

სტუდენტობისას, ძირითადი საგნების გარდა, ფილოსოფია ძალიან მომწონდა. ისეთი საგანია, შეზღუდული არ ხარ და სამყაროზე ან ნებისმიერ კონკრეტულ საკითხზე შენი წარმოდგენებით ფანტაზიორობ. ზოგადად, მშრალი თეორიული მასალის შესწავლისას, პრაქტიკულად უნდა წარმოიდგინოთ, რეალურ პირობებში ამას როგორ გამოიყენებთ. თეორიულ მასალას ასე უფრო ადვილად ვიმახსოვრებდი. ბევრი იზეპირებს, რაც ჩემთვის წარმოუდგენელია.

კესო ჩხიკვაძე: -უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ ხარაგაულში დაბრუნება გადაწყვეტილი გქონდათ, თუ დრომ და გარემოებებმა გაიძულათ, ასე მოქცეულიყავით?
-უნივერსიტეტი რომ დავამთავრე, მუშაობა სახელმწიფო აუდიტის სამსახურში დავიწყე. პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად სახელმწიფო აუდიტის სამსახური ისეთი მნიშვნელოვანია, არათუ ხარაგაულში, საზღვარგარეთაც რომ მქონოდა, ვთქვათ, ფიზიკური, მაგრამ მაღალ ხელფასიანი სამუშაოს დაწყების შანსი, არ წავიდოდი.

მუშაობა იმ შეგნებით დავიწყე, რომ თავიდან დიდი ხელფასი არ მექნებოდა. თუმცა ვიცოდი, რომ ბევრი რამ უნდა მესწავლა. მცირედიდან უნდა დაიწყო და აგურ-აგურ აშენო შენი ცხოვრება და ეს პროცესი სიამოვნებას უნდა განიჭებდეს. რთულია, მაგრამ საქმეს იმ შეგნებით უნდა შეუდგე, რომ ამის გაკეთება საჭიროა. ის კი არა, რომ ორი თვე ვიმუშავებ და მერე – მეტი მეკუთვნის. ჯერ უნდა ისწავლო საქმის კეთება და როცა კარგად შეისწავლი, მერე უნდა გაგიჩნდეს მეტის ამბიცია.

საქმის კეთება თუ არ იცი, მაღალ თანამდებობაზე დიდხანს ვერ გაჩერდები და ფასი არ ექნება შენს იქ საქმიანობას. საბოლოოდ კი მხოლოდ ხელფასი ხომ არ არის მნიშვნელოვანი. წარმოიდგინეთ, ცხოვრების უმეტეს ნაწილს სამსახურში ატარებ. ეს დრო საინტერესოდ თუ არ გაატარე, რამე მართლა კარგი თუ არ შექმენი, გამოდის, რომ მხოლოდ ხელფასის და იმ დარჩენილი მცირე თავისუფალი დროისთვის დაგიკარგავს ცხოვრების უდიდესი ნაწილი.

ცხოვრება რამდენჯერმე გაძლევს შანსს და სწორად უნდა გამოიყენო. ცხოვრებაში გამოუვალი სიტუაცია არ არსებობს. ბევრ სტაჟირებაზე უნდა მიხვიდე, არ უნდა დაიღალო. ფარხმალი არ უნდა დაყარო. ეს მარტო სამსახურს არ ეხება. მთავარია, ცხოვრებაში მიზანი გქონდეთ. თუ მიზანი არ მაქვს, თუნდაც მოკლევადიანი, თავს ძალიან ცუდად ვგრძნობ.

რაღაცას რომ ვერ აკეთებ, ეს ერთი ტრაგედიაა, მაგრამ ცხოვრებაში მიზანი რომ არ გაქვს და რაღაცისკენ თუ არ ისწრაფვი, დეგრადირდები. ეცადეთ, რომ თუ გრძელვადიანი არა, მცირე მიზანი მაინც გქონდეთ; იმას რომ მიაღწევთ, მერე საკუთარ ძალებში დარწმუნდებით და უფრო დიდ მიზნებზე იფიქრებთ.

მე და ჩემი მეგობრები სტუდენტობისას ხარაგაულში ჩამოსვლაზე მუდმივად ვფიქრობდით. გვინდოდა, შეგვეცვალა ის, რაც არ მოგვწონდა. მხოლოდ ეს პოლიტიკურ სიტუაციას არ ეხებოდა. რისი თავიც არ გვქონდა, იმაზე არც ვსაუბრობდით. 2011 წელს გადავწყვიტეთ, რომ ხარაგაულში სიახლე შემოგვეტანა და „ახალგაზრდა ინიციატორთა კავშირი“ დავაფუძნეთ.

ჩვენი პირველი პროექტი „ქუჩის კალათბურთი“ დღემდე გრძელდება და ხარაგაულში ყველაზე ხალხმრავალი და განსხვავებული ჩემპიონატია. ორჯერ საქველმოქმედო აქცია ჩავატარეთ – საახალწლოდ კალენდრები დავბეჭდეთ და შემოსული თანხით რამდენიმე ოჯახს პროდუქტები შევუძინეთ. ვიცოდით, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ხარაგაულში დავბრუნდებოდით და რაღაცას შევცვლიდით.

ქრისტინე მაღრაძე: -რატომ გადაწყვიტეთ მერის თანაშემწის თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობა?
-საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწის თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება მქონდა. ჩემი მეგობრები მერიაში სხვადასხვა სამსახურების უფროსებად მუშაობენ. ჩემთვის ნაცნობი, ყველანაირად მისაღები და კომფორტული გარემო იყო სამუშაოდ.

საბა ებანოიძე: -რას შეცვლით როგორც მერის თანაშემწე და რისი მომტანი იქნება ხარაგაულისთვის თქვენი საქმიანობა?
-მერიაში მომუშავე ახალგაზრდები მომსახურების ხარისხის ამაღლებას ვცდილობთ. ჩვენ ხომ იმისთვის დაგვიქირავეს და ბიუჯეტიდან ხელფასს იმისთვის ვიღებთ, რომ მინიმუმ, მოსახლეობასთან ურთიერთობისა და შიდა სამსახურებრივი მუშაობის ხარისხი გავაუმჯობესოთ.

ყველა საქმიანობას, სადაც შეხება მიწევს, ვცდილობ არსებულისგან განსხვავებულად მივუდგე. საჯარო სამსახურში მუშაობისას თუ პრობლემას წააწყდები, მას გვერდი არ უნდა აუარო, პრობლემის გადაჭრას უნდა ეცადო.

ელენე ტალახაძე: -რა უფლება-მოვალეობები გაქვთ თქვენ, როგორც მერის თანაშემწეს?
-მერის თანაშემწეობასთან და მიმდინარე, ყოველდღიურ სამუშაოებთან ერთად მოსახლეობისთვის სტიქიით მიყენებული ზარალის შემფასებელი კომისიის ხელმძღვანელობა მაქვს დავალებული.

ახალი წლის ღონისძიებებისთვის საორგანიზაციო ჯგუფის წევრი ვარ. ასევე ამ პერიოდში თვალსაჩინოების სახით ვამუშავებ მასალას, 2018 წლის განმავლობაში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ. ანალოგიურად იქნება წარმოდგენილი 2019 წელს დაგეგმილი სამუშაოების შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია.

ანა კვინიკაძე: -რამდენად ემთხვევა თქვენი რჩევები და მერის დამოკიდებულებები ერთმანეთს? რას მოიმოქმედებთ, თუ მერი თქვენს რჩევას არ გაითვალისწინებს?
-ჩემი მოვალეობა მერისთვის მაინცდამაინც რჩევების მიცემა არაა. თუმცა, არის რაღაცები, რაზეც საკუთარი აზრი გამომითქვამს. ჩემი და მერის დამოკიდებულებები, ძირითადად, ერთმანეთს ემთხვევა. ის მერიაში მომუშავე ახალგაზრდებს გვენდობა. იცის, რისი გაკეთება შეგვიძლია და რისკენ ვართ მიმართულები.

ერთპიროვნული მერი არ გვყავს, – გადაწყვეტილებების მიღებისას რჩევებსა და გარემო ფაქტორებს ითვალისწინებს. ასეთი მიდგომები აქვთ განვითარებული ქვეყნების მუნიციპალიტეტებშიც და ეს ძალიან მომწონს.

ელენე ჭყოიძე: -თქვენი აზრით, რა და როგორ უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ახალგაზრდებს, განათლების მიღების შემდეგ, ხარაგაულში დაბრუნების სურვილი ჰქონდეთ?
-ხარაგაულში, ყველა მიმართულებით, მუშაობის სტანდარტი გასაუმჯობესებელია. ზოგადად, ეს რეგიონების პრობლემაა. ახალგაზრდებს შესაბამისი გარემოს შექმნა სჭირდებათ. ვიცი, რომ დღეს ჩემს ინიციატივებს გაიზიარებენ და გვერდით დამიდგებიან.

ეს დამატებითი სტიმულია. ვფიქრობ, გამოცდილება მიღებული, განათლებული და მონდომებული ახალგაზრდა ხარაგაულში საკუთარ ადგილს აუცილებლად იპოვის.

ქრისტინე მაღრაძე: -თქვენი ინიციატივითა და ხელშეწყობით ახლახან ხარაგაულში ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფი შეიქმნა. რა მიზანი აქვს ამ ჯგუფს?

-მერის თანაშემწედ მუშაობის დაწყებამდე ვფიქრობდი, თუ როგორ შეიძლებოდა ბიუჯეტში ახალგაზრდული პროგრამების მუხლით გათვალისწინებული თანხის ეფექტურად გამოყენება. მუნიციპალიტეტის მერთან ერთად გადავწყვიტეთ, ეს ახალგაზრდებისთვის გვეკითხა, რადგან ასე საუკეთესო იდეებს მივიღებდით.

უმნიშვნელოვანია, როცა თავად ჩაერთვები საკუთარი იდეის განხორციელებაში. მუნიციპალიტეტის მერმა ახალგაზრდებისგან შემუშავებული და შერჩეული რვავე პროექტი მოიწონა. 2019 წლის ბიუჯეტში მათი დაფინანსება გათვალისწინებულია. პროექტების შექმნისას მოსწავლეებმა ყველა რისკი გათვალეს და სრულყოფილი პროექტები წარმოადგინეს.

ნანუკა ლურსმანაშვილი: -რა სახის ახალგაზრდულ პროექტებს განახორციელებს საინიციატივო ჯგუფი 2019 წელს ხარაგაულში და როგორ?
-პირველი პროექტი, რომელიც უკვე დავიწყეთ, ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში ექსპონატების ანოტაციების ინგლისურ ენაზე თარგმნაა. მეორე პროექტი ქუჩის კალათბურთის ჩემპიონატში სიახლეების შეტანას ეხება. მესამე პროექტი ხარაგაულში ყოველწლიურად ოლიმპიური თამაშების რამდენიმე სახეობაში შეჯიბრების ჩატარებას ითვალისწინებს.

სპორტის თითოეულ სახეობაში რეკორდსმენები გამოვლინდებიან და მათ შესახებ ბროშურები დაიბეჭდება. ამ პროექტით ახალგაზრდების სპორტისადმი ინტერესი და მუნიციპალიტეტის სკოლებს შორის კონკურენცია გაიზრდება.

გასულ ზაფხულს ხარაგაულში ელექტრონული მუსიკის საღამო ჩატარდა. მსგავსი საღამო 2019 წელს დევების ქანდაკებების მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩხერიმელას სანაპიროსთან, დაიგეგმა. ელექტრონული მუსიკის კონცერტი ხარაგაულში სიახლეა და ჩვენს კულტურულ ცხოვრებას გაამრავალფეროვნებს.

ერთ-ერთი გამარჯვებული პროექტია „ეზოს ფესტივალი“, რომელიც გასული საუკუნის 90-იანი წლების ხარაგაულს წარმოგვიდგენს. ეს იქნება არა მარტო გასართობი, არამედ საგანმანათლებლო. ადგილი, სადაც ეზოს ფესტივალი გაიმართება, იმ პერიოდისთვის დამახასიათებელი ატრიბუტებით მოეწყობა. უფროსი თაობის წარმომადგენლებისგან მაშინდელ ისტორიებს მოვისმენთ.

შემდეგი პროექტის ფარგლებში სკოლებში მოვიწვევთ თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს, რომლებიც მოსწავლეებს მათთვის საინტერესო სამხედრო თემებსა და საქართველოში ამ მიმართულებით მოქმედ სასწავლებლებზე ესაუბრებიან. ამ პროექტის ფარგლებში მოსწავლეები ავღანეთში სამშვიდობო მისიით მყოფ ჯარისკაცებს წერილებს მიწერენ.

ხარაგაულელებს კეთილმოწყობილი საპიკნიკე ადგილი არ გვაქვს. პატარა ხარაგაულში, ყოფილი საბაგიროს სადგურის მიმდებარედ, ფიჭვნარში, შევარჩიეთ ტერიტორია, სადაც მაგიდები, სკამები დაიდგმება და ახალი ნერგები დაირგვება. ეს მშვენიერი ადგილი იქნება შესაბამისი პროფილის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისთვის საველე სამუშაოების ჩასატარებლად.

ერთ-ერთი გამარჯვებული პროექტი ხარაგაულში ზებრა გადასასვლელების მოხატვას და ქუჩის მხატვრობას ეხება. ზებრა გადასასვლელები მოიხატება მათი ადგილმდებარეობის შესაბამისად.

მაგალითად, მუსიკალურ სკოლასთან – ნოტებით, ბიბლიოთეკასთან – წიგნებით და ა. შ. რაც შეეხება ქუჩის მხატვრობას, შესაძლებლობის ფარგლებში, უსახური შენობებისა და კედლების გალამაზება იგეგმება. პროექტის ავტორებმა რამდენიმე ადგილი შეარჩიეს 9 აპრილის ქუჩაზე, სპორტსკოლის მოპირდაპირე მხარეს, რკინიგზის მიწისქვეშა გადასასვლელი და სხვ.

საბა ებანოიძე: -მომავალში როგორ ხარაგაულს ხედავთ?
-2020 წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ყველა სოფლის ცენტრალური გზის კეთილმოწყობა დამთავრდება. შემდეგ სოფლებში საუბნო გზებისა და ჩიხების მობეტონება დაიწყება. ხარაგაულში ამჟამად ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი – ჩუმათელეთი-ხარაგაული-ძირულას საავტომობილო გზის მშენებლობა მიმდინარეობს. მომავალი წლიდან ხარაგაულის სოფლებში წყლის სისტემების აღდგენა იწყება.

როდესაც ძირითადი გზების მშენებლობა დასრულდება, სოფლის ცენტრებში საზოგადოების თავშეყრის ადგილები მოეწყობა, ჯერ გადაწყვეტილი არაა, მაგრამ თავშეყრის ადგილებზე უფასო, უკაბელო ინტერნეტის მიწოდების იდეა არსებობს. ამით სოფლად მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ცხოვრება მცირედით მაინც კომფორტული და მიმზიდველი გახდება. დაბა ხარაგაულში 2019 წელს სკვერების კეთილმოწყობა იგეგმება.

 ფოტოზე: ჟურნალისტთა სკოლა „იმედი ხვალის“ სტუდენტები ლაშა გელაშვილთან ერთად, ინტერვიუს შემდეგ