ორმოცი წლის წინ ცხინვალის პედაგოგიური ინსტიტუტიდან ხარაგაულში კომკავშირული საგზურით გამოაგზავნეს.

სოფელ ვარძიის სკოლაში ერთი თვე უნდა ემუშავა, თუმცა ოცი წლის ქალიშვილმა აქ სამუდამოდ დარჩენა გადაწყვიტა. ამბობს, რომ ხარაგაულელების მსგავსი თბილი და მოსიყვარულე ხალხი არსად შეხვედრია. ხარაგაულში მას, როგორც პირდაპირ და სამართლიან ქალბატონს, იცნობენ. ვარძიის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ ლალი ხარაზიშვილზე გვსურს გიამბოთ.

ზნაურის რაიონის სოფელ ქალეთში დაბადებულსა და გაზრდილს დედ-მამის საფლავი, თანასოფლელები და ახლობლები ენატრება. დარწმუნებულია, რომ ქართულ-ოსური კონფლიქტი მოგვარდება, თუ ოსები და ქართველები ერთმანეთს რუსეთის გარეშე დაელაპარაკებიან…

„უცხო მხარიდან მოსულს აქაურობასთან შეგუება თავიდან ცოტა გამიჭირდა, – იხსენებს ლალი ხარაზიშვილი, – ამას მეუღლის ავადმყოფობა დაერთო. თუმცა ჩემი მშობლების, ვარძიელებისა და ხარაგაულელების თანადგომით მშობლიური მხარის მონატრება დავძლიე. პედაგოგიური საქმიანობის დახვეწასა და პროფესიულ განვითარებაში მაშინდელი განათლების განყოფილების აწ გარდაცვლილი მეთოდისტები ნუნუ ყიფშიძე, ენდი ბუაჩიძე და მზია კახნიაშვილი მეხმარებოდნენ.

ერთი კვირის გარდაცვლილი მყავდა მეუღლე, როცა განათლების სამინისტროდან ჩემს გაკვეთილზე დასასწრებად მოვიდნენ. მათთან ერთად იყვნენ განათლების რაიონული განყოფილების მეთოდისტები. არასოდეს დამავიწყდება, ენდი ბუაჩიძემ კომისიის წინაშე რომ გამოაცხადა, დღეს ლალი მასწავლებლის მაგივრად გაკვეთილს მე ჩავატარებო. ეს მისი მხრიდან უდიდესი თანადგომა იყო.

რა დამავიწყებს ნუგზარ ნავაძის მხარდაჭერას, როცა სკოლაში პიონერხელმძღვანელად მნიშნავდნენ. ის მაშინ კომკავშირის რაიკომის მდივნად მუშაობდა. ჩემი პირადი საქმე რუსულიდან ქართულ ენაზე არასწორად თარგმნეს და ცენტრალური კომიტეტიდან მიღებული ორი ჯილდოს მაგივრად საყვედური ჩაწერეს. ამიტომ პიონერხელმძღვანელად დანიშვნაზე უარს მეუბნებოდნენ. ნუგზარ ნავაძემ რუსული კარგად იცოდა და თარგმანის შეცდომას მაშინვე მიხვდა.

გვერდით დამიდგნენ ხააგაულელები, როცა ჩემს მშობლიურ სოფელში პირველი კონფლიქტის შემდეგ ვარძიაში ჩემი ძმისშვილები და დისშვილები მოვიდნენ. ნოდარ სამხარაძემ (მამა მირიანი), რომელიც იმ დროს განათლების განყოფილებას ხელმძღვანელობდა, სურსათი მომიტანა. შემდეგ ვიღაცამ ხმა გაავრცელა, სახლში ოსებს ინახავსო. ჩემი ძმისცოლი ოსია და ალბათ, ამიტომ. პრამონ აბრამიშვილმა, რომელიც იმ დროს ხარაგაულის რაიონულ გაზეთში მუშაობდა, დამიბარა. ტირილით შევედი რედაქციაში. შემდეგ მან წერილი გამოაქვეყნა გაზეთში სათაურით – „დღეს სტუმარია ის ჩვენი…“ იმ გაზეთს დღემდე ვინახავ.

ჩემ ძმას და ძმისშვილებს ძალიან უყვართ ვარძია. ჩვენ ოსებთან გასაყოფი არაფერი გვაქვს. პირიქით, ერთმანეთი ძალიან გვიყვარს და პატივს ვცემთ. ამის დასტურია შერეული ოჯახები და ის ურთიერთობები, რომელსაც დღემდე ვაგრძელებ ჩემს თანასოფლელებთან და ოს მეგობრებთან.“

ლალი ხარაზიშვილი მოსწავლეებს სხვისი ღირსების პატივისცემას და სამშობლოს სიყვარულს ასწავლის. სკოლისა და ბავშვების გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია. მოსწავლეებთან თავს ახალგაზრდად გრძნობს და ცდილობს, განათლების სისტემაში დანერგილ ყველა სიახლეს ფეხი აუწყოს. არის კლასის ხელმძღვანელი, პედსაბჭოს თავმჯდომარე.

„ძილის წინ სულ მუდამ იმას ვფიქრობ, აბა, დღეს მე ვის რა ვარგე, – ამბობს ქალბატონი ლალი, – მართალია, ახალგაზრდა დავქვრივდი, მაგრამ შევძელი და ორივე შვილს უმაღლესი განათლება მივაღებინე. ერთი ქალიშვილი ვარძიაში ცხოვრობს და დაწყებით კლასებში ასწავლის. მეორე ქალიშვილი თბილისის 129-ე სკოლის დირექტორია. ახლა სულ შვილიშვილების პატივისცემაზე ვფიქრობ.

მოსწავლეებთან ახლო ურთიერთობა მაქვს. მუდმივად ვინტერესდები მათი მდგომარეობით. ყურადღებით ვაკვირდები, ოჯახიდან გაკვეთილზე განერვიულებული ხომ არ მოვიდა. თუ რამე საეჭვოს შევამჩნევ, მაშინვე დაველაპარაკები და როგორც შემიძლია, რჩევას მივცემ. მასწავლებლობა მარტო გაკვეთილის ჩატარება ხომ არ არის. ამიტომ ჩემს მოსწავლეებს ხშირად გაკვეთილების შემდეგ ვესაუბრები.

შეიძლება ბევრმა ჩემი იმედები სრულად ვერ გაამართლა, მაგრამ ერთ რამეს ყველა მეუბნება, რომ მათ ცხოვრებაში საუკეთესო დარიგება მივეცი. ვასწავლე, რომ მიბაძონ სხვას, თუ რამე მოსწონთ და ნუ შეშურდებათ. ცხოვრებაში ბევრი გექნება, არ უნდა გაგიკვირდეს, ცოტა გექნება, – არ შეგეშინდეს.

სიყვარულით ვასწავლი „ვეფხისტყაოსანს“, სიბრძნის წიგნს, ევროპული და აზიური აზროვნების შერწყმის საუკეთესო მაგალითს; მუხრან მაჭავარიანის პატრიოტულ ლექსებს, ილიას თავგანწირვას. გული მწყდება, ქართული გრამატიკა სიღრმისეულად რომ აღარ ისწავლება. თუ სადმე ხმა მიმიწვდება, ამას ყველგან ვამბობ. ქართული ენის სიწმინდის დაცვას არასაკმარისი ყურადღება ეთმობა.

…ყოველ ღამე სიზმარში ჩემს მშობლიურ სოფელში ვარ. მინდა სიცოცხლეში კიდევ მოვინახულო ის ადგილები, მშობლების საფლავი. „მიწის ყივილს“ რომ ვასწავლი, მოსწავლეებს ჩემ ამბებსაც ვუყვები. ოსებმა შემომითვალეს, შენ მოდი, მიგიღებთო. მარტო მე რატომ წავალ. ჩვენ ყველა, ვინც სოფელი დავტოვეთ, ერთად უნდა დავბრუნდეთ.

მინდა, რომ ოსეთსა და აფხაზეთში თავისუფლად შევიდეთ და ამაყად ვთქვა, მე ზნაურში, სოფელ ქალეთში გავიზარდე, აქ ვისწავლე ის, რაც შემდეგ ცხოვრებაში გამომადგა. მშობლიური მიწის სიყვარულით ვზრდი მოსწავლეებს. ვუნერგავ, რომ სხვისი ღირსების დაცვა, საკუთარი ღირსების გაფრთხილებას ნიშნავს. ერთხელ დედამ მითხრა, ათი ადამიანიდან თუ რვა შენზე კარგს ამბობს, გაგეხარდება, მაგრამ იმ ორს რომ არ მოსწონხარ, ეს უფრო საინტერესოა, რადგან მუდამ ფხიზლად იქნები და არ მოდუნდებიო.

მრავალი ბედნიერი ახალი წელი გაგთენებოდეთ, ჩემო ხარაგაულელებო.“

ნინო კაპანაძე