ქართული ჭიდაობა იმდენად ძველია, რომ მისი წარმოშობის ზუსტი თარიღი უცნობია.

ითვლება, რომ ის ქართველი კაცის დაბადებასთან ერთად გაჩნდა. ცნობილია, რომ ანტიკურ ხანაში საქართველოს სამხრეთით – მესხეთში, ბერძნების მსგავსად, ოთხ წელიწადში ერთხელ იმართებოდა „მესხური თამაშები,“ სადაც სპორტის სხვადასხვა სახეობებში, მათ შორის ჭიდაობაშიც ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. გამარჯვებულ მოჭიდავეებს ძეწნის ან ფიჭვის გვირგვინით აჯილდოებდნენ.

უცხოელ მემატიანეთა ცნობებიდან საყურადღებოა რომაელი ისტორიკოსის დიონ კასიონის ცნობა, რომლის მიხედვითაც ჩვ. წ. I საუკუნეში იბერიის მეფე ფარსმანს რომში თავისი ამალით მიუღია მონაწილეობა სპორტულ ასპარეზობებში. ქართველთა მეფეს პირველობა მოუპოვებია ცხენოსნობაში, მის ვაჟ მითრიდატეს კი – ჭიდაობაში.

ორთაბრძოლის უძველეს სახეობაზე – ჭიდაობაზე – არაერთი ცნობა მოიპოვება „ქართლის ცხოვრების“ ქრონიკებში. საინტერესო საფალავნო ამბებზე მოგვითხრობენ მოსე ხონელის „ამირანდარეჯანიანი“ და იოანე შავთელის „აბდულმესიანი“ (XII ს).

ალავერდის ტაძრის დასავლეთ კედელზე გამოსახულია წმ. გიორგის „ლასიაქალაქის სასწაული.“ ფრესკის მარცხენა დაბალ კუთხეში ორი მოჭიდავის შეჭიდების სცენაა ასახული (XVI ს).

დადასტურებულია, რომ საქართველოს სხვადასხვა მხარეში გავრცელებული ყოფილა ჭიდაობის თხუთმეტამდე სახეობა: ქართულ-კახური, სვანური-ლიბრგიელ-ქამარში ჩავლებით ჭიდაობა, ლიბუძგვალ-ჯგუფური ჭიდაობა, რაჭული-ბეჭდაბეჭ ჭიდაობა და ღოჯური, იმერული-საბეჭურით ჭიდაობა, გურული-ჭედობა, მეგრული-რკინება, მოგორდა, ქიზიყური-მკლავმობმით, აჭარული-მატეკრობა, მთიულური-იღლიღორა და მაჯურა ჭიდაობა, ხევსურული-მოშდამოშ-ფეხის გარეშე ჭიდაობა და მუქასრისა – სადაც ფეხსაც ხმარობდნენ, ინგილოური-ქამარ-ქამარ, ფშაური ჭიდაობა, მესხური ჭიდაობა, მკერდაობა ხელების გამოუყენებლად, ცალხელა – ერთი ხელის გამოყენებით, თვალახვეული ჭიდაობა და სხვ.

ქართული ჭიდაობა ქართული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის უძველესი ელემენტია, რომელიც საქართველოს ძნელბედობით სავსე ისტორიის მანძილზე მტერთან საბრძოლველ, ტრადიციულ წვრთნად მოიაზრებოდა. დროთა განმავლობაში მან დაკარგა საბრძოლო ორთაბრძოლის ფუნქცია და დღეისთვის სასპორტო სანახაობად ჩამოყალიბდა. შერკინების, მუსიკის და ჩაცმულობის ერთობლიობა ქართულ ჭიდაობას ეფექტურ სანახაობრივ ასპარეზობად წარმოაჩენს.

ქართული ჭიდაობისთვის დამახასიათებელია რაინდული სული. მიუღებელია სარბიელიდან გაქცევა, დაჩოქილ ან დაცემულ მოწინააღმდეგესთან ბრძოლის გაგრძელება, მოწინააღმდეგისთვის განზრახ დაზიანების მიყენება. ჭიდაობა მიმდინარეობს დგომში. აკრძალულია მტკივნეული და მახრჩობელა ილეთების გაკეთება, შებოჭვა, ფეხებში ხელის წავლება.

ქართული ჭიდაობა პირდაპირია. ხელი ხელს ებრძვის, ფეხი – ფეხს, თეძო – თეძოს. გამორიცხულია მიპარვა ან მზაკვრული მოქმედება. მოჭიდავეები ჭიდაობის დაწყებისას მუდამ ერთმანეთის პირისპირ დგანან. თუკი ჭიდაობისას რომელიმე დაეცემა, დაუშვებელია მასზე მიწოლა ან გადაგორება. მოპაექრე მოშორებით ელოდება მის წამოდგომას. მოჭიდავეები პაექრობის დაწყებისას და დასასრულს ხელის ჩამორთმევით ესალმებიან.

ქართული ჭიდაობა გამოირჩევა ილეთებისა და კონტრილეთების მრავალფეროვნებითა და სიმრავლით. დაფიქსირებულია 200-მდე ილეთი და კონტრილეთი. ქართული ჭიდაობის ილეთები გამოიყენება თითქმის ყველა სახის ჭიდაობებსა და ორთაბრძოლებში.

ქართული ჭიდაობის კარგი ცოდნა ეხმარება ქართველ სპორტსმენებს სხვადასხვა სახის ორთაბრძოლებში წარმატების მიღწევაში (ძიუდო, სამბო, თავისუფალი და ბერძნულ-რომაული ჭიდაობა). ქართული ჭიდაობის წყალობით გაიცნო მსოფლიომ ვახტანგ ბალავაძე, დავით ციმაკურიძე, გურამ საღარაძე, მირიან ცალქალამანიძე, გივი კარტოზია, ანზორ კიკნაძე, შოთა ჩოჩიშვილი, შოთა ხაბარელი, თემურ ხუბულური, ზურაბ ზვიადაური, გურამ თუშიშვილი, ლაშა შავდათუაშვილი და სხვები.

ქართული ჭიდაობა აღმოსავლეთ საქართველოში უფროა ფესვებგადგმული და განვითარებული. თუმცა, ბოლო პერიოდში დასავლეთ საქართველოშიც დიდი ყურადღება ექცევა. ქართული ჭიდაობის ფედერაცია ატარებს ჩემპიონატებს ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ასაკში, რაც ხელს უწყობს მომავალი მოჭიდავეების გაზრდას. აღმოსავლეთ საქართველოს ბევრ სოფელში ტარდება სოფლის დღეობები ქართულ ჭიდაობაში, სადაც საქვეყნოდ ცნობილი ფალავნები მონაწილეობენ.

ხარაგაულში, სოფელ ვახანში, 1991 წლიდან ვატარებთ ტურნირს ქართულ ჭიდაობაში, რომელიც ტრაგიკულად დაღუპული რეინჯერის, მერაბ არევაძის, სახელს ატარებს. სამომავლოდ, ვფიქრობთ, ეს ტურნირი მოხვდეს ქართული ჭიდაობის ფედერაციის საშეჯიბრო გრაფიკში. ეს ხელს შეუწყობს ტურნირის მასშტაბების გაზრდას და ძლიერი მოჭიდავეების მოზიდვას.

ყოველი წლის ბოლოს საქართველოში ტარდება ქართული ჭიდაობის ჩემპიონატი 80 კგ, 90 კგ, 100 კგ და +100 კგ წონით კატეგორიებში. თითოეულ წონაში საპრიზო ადგილზე გასული მოჭიდავეები მონაწილეობენ ფალავანთა ფალავნის ტიტულის მოპოვებაში. 2018 წლის ფალავნობა გაიმართა თბილისში 15 დეკემბერს, სადაც მსაჯად მიმიწვიეს. 2018 წლის ფალავანთა ფალავანი კასპელი ბექა ბერძენიშვილი გახდა.

  • ამა წლის 29 ნოემბერს მავრიკიის ქალაქ პორტლუისში გამართულ იუნესკოს XIII სესიაზე ქართული ჭიდაობა მსოფლიოს არამატერიალურ ფასეულობათა მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანეს.
  • „ქართველი, ჭიდაობისა და ანბანის შესწავლას, ალბათ, ერთდროულად იწყებს,“ – ამბობს შოზო სასახარა, მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.
  • „საერთაშორისო სარბიელზე მოპოვებულ ჩემს წარმატებებს რაინდულ ქართულ ჭიდაობას ვუმადლი,“ – ამბობს ლევან თედიაშვილი, ოლიმპიური თამაშების ორგზის და მსოფლიოს ხუთგზის ჩამპიონი.

ვეფხვია ღონღაძე

ხარაგაულის სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის პროგრამების მენეჯერი,
რესპუბლიკური კატეგორიის მსაჯი ქართულ ჭიდაობაში

 ფოტოზე: ვეფხვია ღონღაძე ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ გელა ბერუაშვილთან და 2018 წლის ფალავანთა ფალავან ბექა ბერძენიშვილთან ერთად.