• რა ბედი ელის გასულ წელს სტიქიით დაზიანებულ სასოფლო გზებს ხარაგაულში;
  • რა კონკრეტული შედეგი მოიტანა ააიპ-ების რეორგანიზაციამ ხარაგაულში;
  • როდის დასრულდება რგფ-დან მხარდაჭერილი პროექტები;
  • რის დაფინანსება იგეგმება 2019 წელს მგფ-დან ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, – ამ საკითხებით დაინტერესდა ხარაგაულის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილი საკრებულოს ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ხარაგაულის მერის, ნიკოლოზ თოფურიძის, მუშაობის ანგარიშის წარმოდგენისას.

ნიკოლოზ თოფურიძის განმარტებით, „სტიქიით დაზიანებული საუბნო გზების შესაკეთებლად ტენდერებია გამოცხადებული და გზები უახლოეს მომავალში შეკეთდება“. რაც შეეხება რგფ-დან დაფინანსებულ პროექტებს, დღემდე მათი დაუსრულებლობის მიზეზად მერი მეწარმეების არაკეთილსინდისიერებას ასახელებს და ამბობს, რომ „ეს არა მხოლოდ ხარაგაულის, არამედ მთელი ქვეყნის პრობლემაა“.

ხარაგაულის მერის განცხადებით, ააიპ-ებში რეორგანიზაცია 2019 წელსაც გაგრძელდება. თუმცა, მოსახლეობის მძიმე სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით, რეორგანიზაციის „რბილად“ ჩატარებას შეეცდებიან.

ხარაგაულის მერმა სხდომაზე განაცხადა, რომ მერიამ მგფ-ს მიმართა შემდეგი პროექტების დასაფინანსებლად:

  • ღორეშა-ბაზალეთის შემაერთებელი გზა;
  • ხარაგაულის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია;
  • კიცხის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
  • ვერტყვიჭალისა და საღანძილის საბავშვო ბაღების მშენებლობა;
  • ნადაბურში ხიდისა და გზის ორი მონაკვეთის შეკეთება.

„ამ პროექტებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიღწეულია, – ამბობს ნიკოლოზ თოფურიძე, – ღორეშა-ბაზალეთის გზის პროექტი უკვე მზადაა, იანვარში გამოცხადდება ტენდერი და მარტიდან დაიწყება მშენებლობა.“

დეპუტატი ინგა მაღრაძე ხარაგაულის ე.წ. „ღია ესტრადის“ ბედითა და ხარაგაულის მოსახლეობისთვის სასმელი წლის მიწოდების პრობლემის მოგვარების გზებით დაინტერესდა.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის განმარტებით, „ღია ესტრადის“ ექსპლუატაციისათვის ვარგისიანობის დასადგენად მერიამ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მიმართა. სამხარაულის ბიუროდან მიღებული დასკვნით, „ღია ესტრადაზე“ ღონისძიებების ჩატარება შეუძლებელია. შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ საძირკველიც კი  გაბზარულია. კითხვის ნიშნები არსებობს და ამას შესაბამისი ორგანოები გამოიკვლევენ.

ხარაგაულის მოსახლეობის სასმელი წყლით მომარაგებასთან დაკავშირებით ხარაგაულის მერმა აღნიშნა, რომ „ცენტრალური ხელისუფლება საქართველოს მასშტაბით, სადაც საჭიროება მოითხოვს, არტეზიულ ჭებს მოაწყობს; წყლის სათავე ნაგებობების კეთილმოწყობა და წყლის მილებით მოსახლეობის უზრუნველყოფა ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება“. თუმცა როდის აღდგება ლეღვნის წყალსადენის სათავე ნაგებობა, მერს ბიუროს სხდომაზე არ დაუკონკრეტებია. დაბა ხარაგაულის მოსახლეობას სასმელი წყალი ლეღვნის წყალსადენით მოეწოდება და სათავე ნაგებობა იმდენადაა დაზიანებული, რომ წვიმის დროს წყალი იმღვრევა და „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ მოსახლეობას წყალს უკეტავს.

საკრებულოს წევრი იუზა კელენჯერიძე დაინტერესდა, რატომ აღარ გრძელდება ხარაგაულში „საპატიო ხარაგაულელების“ გამოვლენის ტრადიცია. მერის განმარტებით, „საპატიო ხარაგაულელების“ გამოვლენა 2019 წელს გაგრძელდება.

თამთა გოგოლაძე