პრინციპული, სამართლიანი, თავმდაბალი, მშვიდი და მზრუნველი – ასეთი ახსოვთ კოლეგებს, მოსწავლეებსა და თანამედროვეებს ხარაგაულში ერთ-ერთი გამორჩეული, ლიდერი ქალბატონი, სულით ხორცამდე პედაგოგი ვერა ლეჟავა. 22 წლის განმავლობაში, 1952 წლიდან 1974 წლამდე, ხარაგაულის #2 საშუალო სკოლის დირექტორად მუშაობდა და ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა. ხვალ, 15 დეკემბერს, ვერა ლეჟავას 100 წელი უსრულდება.

მის მოსწავლეებს დღემდე გამორჩეულად ახსოვთ ვერა მასწავლებლის გაკვეთილები. კოლეგებისთვის საუკეთესო მრჩეველი, მოსიყვარულე დედა, იდეალური დედამთილი და კეთილი ბებია გახლდათ. საზოგადოებაში მაღალი ნდობით, სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობდა. ვერა ლეჟავამ ღირსეულად განვლო ცხოვრება.

„დედა დილით ადრე დგებოდა, – იხსენებს ვერა ლეჟავას ვაჟიშვილი დათო ფოფხაძე, – სკოლიდან გვიან ბრუნდებოდა. უმეტეს დროს სამსახურს უთმობდა. ჩვენთან ცხოვრობდა დედას ძმისშვილი მედეა, რომელმაც სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა. მედეა რომ მეცადინეობას დაიწყებდა, მეც გვერდით მივუჯდებოდი. დედას არ ეცალა, გაკვეთილების მომზადებაში რომ დაგვხმარებოდა. მედეაზე ვიყავი მინდობილი. მერე დამოუკიდებლად მეცადინეობა ჩვევად გადამექცა.

დედას დისციპლინა და წესრიგი უყვარდა. მახსოვს, სკოლის დერეფანში რომ გაივლიდა, მოსწავლეები კედელს ავეკვრებოდით. მკაცრიც იყო და თავმდაბალიც. მახსოვს, მეორე კლასში ვსწავლობდი, 21 იანვარს, ჩემი დაბადების დღეზე, სკოლაში ყველას ხაჭაპურით გაგვიმასპინძლდა.

ვარდები უყვარდა და ეზოში თავისი ხელით დარგო. მაისიდან ვარდები რომ გაშლას იწყებდნენ, ეზოში მიმსვლელ-მომსვლელი არ წყდებოდა – შემოდიოდნენ და კრეფდნენ. ყვავილებს ყველას ღიმილით ატანდა.

მამაჩემი, პლატონ ფოფხაძე, ფიცხი და პირდაპირი კაცი იყო. დედა მშვიდი, წყნარი და

გაწონასწორებული. ვერ ვიხსენებ, დედას რომ ვინმეზე ცუდი ეთქვას.

ადამიანისგან მხოლოდ სახელი რჩება. ვამაყობ, დედას დღემდე რომ თბილად იხსენებენ. სოსო აბაშიძე რომ ქუჩაში მხვდება, დედაჩემისადმი პატივისცემისა და სიყვარულის ნიშნად, დღემდე „ლეჟავათი“ მომმართავს. სახელს მოფრთხილება სჭირდება. წინაპარი შთამომავლობამ უნდა უკვდავყოს. საკუთარ თავზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ შვილები ცუდად არ აღგვიზრდია. მირანდას კარგი ოჯახი აქვს და წარმატებული მასწავლებელია. პლატონი კვალიფიციური ექიმია. უმცროსი ქალიშვილი ნია ფიზიკურად და ხასიათით დედაჩემს ჰგავს. წარჩინებული მოსწავლეა ჩემი ძმისშვილი. დედა 1998 წლის ოქტომბერში, 80 წლის ასაკში, გარდაიცვალა. ბედნიერი ვარ, მისი სახელი ხარაგაულელთა მეხსიერებაში დღემდე რომ ცოცხლობს.“

„ვერა ლეჟავა ხარაგაულში ქალის ეტალონი იყოო, მეუბნებოდა ხოლმე ექიმი მერი ჩიკვაიძე, – ქალბატონი ვერას რძალი დოდო გელაშვილი, – მართლაც, დიდებული ადამიანი იყო. ნეტავ, დიდხანს ეცოცხლა. მისგან რამდენ რამეს ვისწავლიდი. შინ თუ განერვიულებული დავბრუნდებოდი, დამამშვიდებდა. ისე დამელაპარაკებოდა, წყენა მაშინვე გამივლიდა. სახლში მუდამ დახვეწილი ქართულით საუბრობდა.

მასწავლებლისთვის, ალბათ, ძალიან ძნელია, სკოლაში მრავალწლიანი მუშაობის შემდეგ, პირველ სექტემბერს რომ საყვარელ მოსწავლეებთან აღარ წახვალ. ქალბატონ ვერას ახალგაზრდებთან ურთიერთობა იმდენად უყვარდა, შვილიშვილებთან ერთად მეზობლის ბავშვებსაც ამეცადინებდა. ბედნიერი იყო, როცა ვინმეს სასკოლო თხზულების დაწერაში ეხმარებოდა.

ეზოში ტყემლის ხე გვედგა. ერთ დღესაც, ხე ბავშვებით გაივსო. ქალბატონი ვერა გარეთ გავიდა და რომ ვიფიქრე, ბავშვებს უსაყვედურებს-მეთქი, ხესთან კიბე მიუდგა და დაუძახა – გენაცვალეთ, არ ჩამოვარდეთ, ფრთხილად ჩამოდით, ტყემალს მე დაგიკრეფთ და გაგატანთო.

სტუმარი რომ მოვიდოდა, შეიძლება საჭმელი არც გვქონოდა, მაგრამ ისე უმასპინძლებდა, გავოცდებოდი. მაგიდაზე გახამებულ სუფრას გადააფარებდა, ლეღვის მურაბას ან ჩირს კოხტად დადებდა და ტკბილად ესაუბრებოდა.“

-ვერა ლეჟავას სკოლა ოქროს მედალზე დაუმთავრებია, – ამბობს ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის მასწავლებელი ვენერა კიკნაძე, – ვერა ლეჟავა ჩემი მეუღლის, შალვა კიკნაძის თანაკლასელი იყო. მას ვიცნობდი როგორც პრინციპულ და კეთილშობილ ქალბატონს.

-კომუნიკაბელური, საუკეთესო სპეციალისტი, სამართლიანი და მომთხოვნი, – ასე იხსენებს ვერა ლეჟავას ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი მაყვალა ფერაძე, – მისთვის უპირველესი სკოლა და საზოგადოებრივი საქმიანობა იყო.

-ხარაგაულის #2 სკოლაში საუკეთესო პედაგოგიური კოლექტივი დამხვდა, – ამბობს თამარ სულიაური, – ქალბატონი ვერა კვალიფიციური, დახვეწილი და კორექტული რჩევებით გამოირჩეოდა. ქიმიის გაკვეთილზე ხშირად მესწრებოდა. იმის მიუხედავად, რომ ფილოლოგი იყო, ისეთ რჩევას მაძლევდა, დარწმუნებული ვარ, ასახსნელ მასალას წინასწარ ეცნობოდა. ახალგაზრდა მასწავლებლებს პროფესიონალად ჩამოყალიბებაში მუდმივად ხელს გვიწყობდა.“

ვერა ლეჟავა მეორე დედად მიაჩნია ხარაგაულის #2 საშუალო სკოლის კურსდამთავრებულ მაყვალა სებისკვერაძეს. „ვერა დეიდა დედაჩემის უახლოესი მეგობარი იყო და ჩემთვის დღემდე სამაგალითო პიროვნებაა, – ამბობს მაყვალა სებისკვერაძე, – ფაქტობრივად, ჩვენ სახლში გაიზარდნენ მისი შვილები დათო და ვალოდია. ვერა ლეჟავას ავტორიტეტზე მეტყველებს ის, რომ ხარაგაულიდან უმაღლესი საბჭოს დეპუტატად აირჩიეს. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ მისი თაოსნობითა და აქტიურობით აშენდა ხარაგაულის მუსიკალური სკოლა. სამწუხაროდ, საქართველოში არ ვიყავი და უკანასკნელ გზაზე ვერ გავაცილე. ვერა ლეჟავა იმსახურებს, რომ მისი ასი წლის იუბილე მასშტაბურად აღინიშნოს.“

ხარაგაულის #2 საშუალო სკოლის 1951 წელს კურსდამთავრებული, პროფესორი გურამ კვირიკაშვილი იხსენებს, რომ ვერა ლეჟავასგან წარმოთქმული პირველი სიტყვებიდანვე მოსწავლეებს კეთილგანწყობა ეუფლებოდათ. მისი ყველა გაკვეთილი სამაგალითო და საინტერესო იყო.

1974 წელს ვერა ლეჟავა ხარაგაულის #2 საშუალო სკოლიდან პენსიაში გავიდა. მან მუშაობა აღმასკომში ჯერ წიგნის მოყვარულთა საზოგადოებაში გააგრძელა, შემდეგ არასრულწლოვანთა საქმეების კომისიის მდივნად გადაიყვანეს.

„არასრულწლოვანთა კომისიის თავმჯდომარედ ტოგო ხიჯაკაძე მუშაობდა, – იხსენებს  მაშინდელი აღმასკომის წერილების განყოფილების გამგე ლენა კალანდაძე, – ორივე არაჩვეულებრივი ადამიანი გახლდათ. ღმერთმა ნათელი დაუმკვიდროს მათ სულებს. ძნელად აღსაზრდელ ბავშვებთან და მათ მშობლებთან ვერა ლეჟავას დედა-შვილური ურთიერთობა ჰქონდა. ასაკობრივი სხვაობისა და თანამდებობის მიუხედავად, როგორც თანატოლს, ისე მექცეოდა. მისგან, როგორც უაღრესად განათლებული, მოწესრიგებული და პასუხისმგებლიანი პიროვნებისგან, ბევრი რამ ვისწავლე. 1990 წელს ქალბატონი ვერა სამსახურიდან წავიდა. სიცოცხლის ბოლო წლებში იავადმყოფა. რძალი, დოდო გელაშვილი, საკუთარი დედასავით უვლიდა. მშობლიურმა სკოლამ უკანასკნელ გზაზე ღირსეულად გააცილა.“

-გასული საუკუნის 90-იან წლებში, საყოველთაო გაჭირვებისას, ახალი სასწავლო წლისთვის ახალი პერანგი ვერ მიყიდეს, – იხსენებს ვერა ლეჟავას შვილიშვილი მირანდა ფოფხაძე, – მახსოვს ბებომ როგორ გამოძებნა ნაჭერი და მთელი ღამე კერავდა. ძალიან ლამაზი პერანგი გამოვიდა.

არ მახსოვს, საძინებლიდან მოუწესრიგებელი გამოსულიყო. მენატრება ბებიას გაკეთებული გოგლიმოგლის გემო… თხზულების წერა მასწავლა, – ჯერ გეგმა უნდა ჩამოვწეროთო… მარტო მე კი არა, უბანში თუ ვინმეს დასჭირდებოდა, ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ყველას ეხმარებოდა.

დამამთავრებელი კლასის ქართული ენის გამოცდის თემებს რადიოთი და ტელევიზიით აცხადებდნენ. ბებო ყოველთვის იწერდა, წინა წლისას ადარებდა და დედასთან ერთად მსჯელობდა. მიხარია, რომ ვერა ლეჟავას ხარაგაულში დღემდე პატივისცემით იხსენებენ.

ნინო კაპანაძე

ფოტოებზე: ვერა ლეჟავა; ხარაგაულის #2 საშულო სკოლის პედაგოგიური კოლექტივი, 1964 წ. 2 მარტი.