ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი სკოლების დირექტორებისა და საზოგადოების წარმომადგენლებისათვის ხარაგაულის კინოთეატრში დღეს, 13 დეკემბერს, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

კამპანიას – „ყველა ბავშვი სკოლაში“ ქვეყნის მასშტაბით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ა/ო „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი“ ატარებენ.

ა/ო „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის” ტრენერმა ია კაშიამ და სოციალურმა მუშაკმა ლანა მოწონელიძემ ისაუბრეს იმ საფრთხეებზე, რომლებიც შეიძლება განვითარდეს ბავშვის ცხოვრებაში და მან უარი თქვას სკოლაში სწავლაზე.

„საინფორმაციო შეხვედრის მიზანია განათლების მიღმა დარჩენილი  ბავშვებისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში ჩართულობა, – აღნიშნა შეხვედრაზე ია კაშიამ, – არც ერთი ბავშვი არ უნდა დარჩეს სკოლის გარეშე, მიუხედავად მისი ეთნიკური წარმომავლობისა, რელიგიის, სქესისა და ასაკისა. თუ თქვენს გარშემო არიან ბავშვები, რომლებიც არ სწავლობენ სკოლაში, ან ხშირად უმიზეზოდ აცდენენ გაკვეთილებს, არსებობს ეჭვი, რომ მშობლების მხრიდან ბავშვი უმეთვალყურეოდაა დატოვებული ან არის ძალადობის მსხვერპლი, აუცილებელია სოციალურ სამსახურს ან პოლიციას შეატყობინოთ.“

ლანა მოწონელიძის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობამ ბავშვის განათლების უფლების უგულვებელყოფა,  როგორც ძალადობის ერთ-ერთი ფორმა, სპეციალური დადგენილებით განსაზღვრა და მისი დარღვევის შემთხვევაში, შესაძლოა, მშობლის პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს.

„ხარაგაულის მუნიციპალიტეტის არც ერთ სკოლაში მანდატურის სამსახური არ მოქმედებს, არ გვყავს ბავშვთა ფსიქოლოგები, – აღნიშნა ბორის საჯარო სკოლის დირექტორმა ჰამლეტ ბერაძემ, – ხშირად გვიწევს სკოლის დატოვება ტრენინგებისა თუ სხვა გადაუდებელი საქმეების გამო. საჭიროა დაგვეხმაროს განათლების სამინისტრო, რომ სკოლებში ვიდეო კამერები დამონტაჟდეს.“

ბაზალეთის საჯარო სკოლის დირექტორი იზოლდა ოკრიბელაშვილი ამბობს, რომ მისი სკოლის მოსწავლეების უმრავლესობა სოციალურად დაუცველია. თუმცა ის დახმარებები, რასაც ეს ოჯახები იღებენ, ბავშვებამდე ვერ აღწევს. მისი შეფასებით საჭიროა, სახელმწიფომ უფრო მეტად იზრუნოს სოციალურად დაუცველ ოჯახებში მყოფ ბავშვებზე.

მარელისის საჯარო სკოლის დირექტორი ვერა ოდიკაძე მსგავს შეხვედრებს სასარგებლოს უწოდებს. მისი თქმით, საჭიროა საინფორმაციო შეხვედრები მშობლებისთვისაც გაიმართოს, რადგან ხშირ შემთხვევაში მშობლის მხრიდან წინააღმდეგობაა, ბავშვს მიენიჭოს შშმ  პირის სტატუსი და ისარგებლოს იმ სიკეთეებით, რასაც სახელმწიფო სთავაზობს.

ა/ო „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის“ ტრენერმა ია კაშიამ შეხვედროს ბოლოს აღნიშნა, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სკოლებში არსებულ პრობლემებს განათლების სამინისტროს წინაშე დააყენებს.

თამთა გოგოლაძე