პატარა ხარაგაულში მცხოვრები ლილი მაღლაფერიძე კვირაში ერთხელ სახლიდან ხარაგაულამდე მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობს. მიკროავტობუსს 9:50 საათზე მოჰყვება და შინ რომ დროულად, ხარაგაული-კიცხის მარშრუტით, დაბრუნდეს, სწრაფად უნდა შეიძინოს საჭირო პროდუქტები. წინააღმდეგ შემთხვევაში 13:00 საათამდე მოუწევს ტრანსპორტისთვის ლოდინი.
„ძლიერი ქარი რომ იყო, იმ დღეს, ვერ მოვასწარი ხარაგაული-კიცხის მარშრუტზე გაყოლა და ფეხით გავუდექი გზას, – იხსენებს ქალბატონი ლილი, – ისე ძალიან გამიჭირდა, სახლში რომ მივედი, ვიტირე. რატომ უნდა ვიყოთ ამ დღეში? კარგი საავადმყოფო აშენდა, რა მოხდება საავადმყოფომდე ტრანსპორტი საათში ერთხელ დადიოდეს? მძღოლს არაფერში ვადანაშაულებ, როგორც დაუწესეს, ისე მოძრაობს. 20 თეთრი ღირს მგზავრობა და 50 თეთრს გადავიხდი, ოღონდ ყოველ საათში დადიოდეს.“
ხარაგაულის 2018 წლის ბიუჯეტში მგზავრთა ტრანსპორტირებისთვის 16 ათასი ლარი განისაზღვრა. მოსახლეობის მგზავრობის თანადაფინანსებისთვის 10 ათას ლარზე გამოცხადებული ტენდერი ინდმეწარმე შოთა აბაშიძემ მოიგო. დანარჩენი 6 ათასი ლარი არ გახარჯულა.
შოთა აბაშიძე საკუთარი მიკროავტობუსით თეთრაწყაროდან ყოველდღიურად 8:30 საათზე გამოდის; ხარაგაულის რკინიგზის სადგურიდან საავადმყოფომდე მოძრაობს განრიგით – 9:30 სთ; 11:30 სთ და 13:30; თეთრაწყაროში – 16:00 საათზე; საღამოს 18 საათზე – კიცხში. შოთა აბაშიძეს მგზავრები სამშაბათობით ორჯერ – 10:00 სთ-ზე და 14:30 სთ-ზე – ხარაგაული-ფარცხნალის მიმართულებით გადაჰყავს. შოთა აბაშიძე 2018 წლის ივნისამდე ხუთშაბათობით ქროლისა და ბაზალეთის მოსახლეობას ხარაგაულის საავადმყოფომდე ემსახურებოდა. თუმცა, როგორც თვითონ ამბობს, მგზავრთა ნაკადის სიმცირის გამო, მარშრუტი გაუქმდა. ხარაგაულიდან საავადმყოფომდე მგზავრობა 20 თეთრი ღირს, ფარცხნალამდე – 30 თეთრი, კიცხამდე – 50 თეთრი.
„საავადმყოფომდე 2-3 მგზავრიც რომ მყავდეს, მარშრუტი მაინც უნდა შევასრულო. 10 ათას ლარზე ტენდერი რომ გამოაცხადეს, მაშინ საწვავი 1.60 ლარი ღირდა, ახლა 3 ლარამდე გაძვირდა. თუ მუნიციპალიტეტმა თანადაფინანსება არ გაზარდა, ან მგზავრობა უნდა გავაძვირო ან საერთოდ უნდა გავჩერდე,“ – ამბობს შოთა აბაშიძე.
მუნიციპალური ტრანსპორტის მომსახურებით კმაყოფილია თეთრაწყაროელი ნადია სვიდერსკაია, თუმცა წუხს, რომ მიკროავტობუსი დასვენების დღეებში არ მოძრაობს.
„პაციენტები, საავადმყოფოში მომსახურების შემდეგ, გზას ფეხით უნდა დაადგნენ ან ტაქსი გამოიძახონ, რაც ძვირია და მოსახლეობას უჭირს. ხარაგაულიდან საავადმყოფომდე ტრანსპორტს ბევრი მგზავრი არ ჰყავს, თუმცა აუცილებელია, რომ უფრო ხშირად იმოძრაოს,“ – ამბობს ხარაგაულის საავადმყოფოს ექიმი ლაბორანტი ეკა ლურსმანაშვილი.
საბისა და სარგვეშის მოსახლეობას ხარაგაულის მიმართულებით მიკროავტობუსი ყოველდღე ემსახურებოდა. ის ახლა მწყობრიდანაა გამოსული და სარგვეშელების ტრანსპორტირებას ამ თემის მაჟორიტარი დეპუტატი რუსუდან გიორგაძე საკუთარი ავტომანქანით ცდილობს. მას თანასოფლელები უკავშირდებიან და საკრებულოში მომავალს 4-5 ადამიანი მოჰყვება ხოლმე.
„2019 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას წამოვაყენე წინადადება, რომ მუნიციპალური ტრანსპორტი ხარაგაული-სარგვეში-უბისას მიმართულებითაც დაინიშნოს, კოლეგებმაც და მუნიციპალიტეტის მერმაც მხარი დამიჭირეს. იმედია, 2019 წლის ბიუჯეტში ამ მომსახურების თანხას გაითვალისწინებენ,“ – ამბობს ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რუსუდან გიორგაძე.
სარგვეშელებისათვის თბილისსა და ზესტაფონში გამგზავრება ბევრად იოლია, ვიდრე ხარაგაულამდე ტრანსპორტირება. სარგვეშიდან ზესტაფონისკენ მიკროავტობუსი, უბისას გავლით, ყოველდღიურად, დღეში ორჯერ, ხოლო თბილისისკენ – კვირაში ორჯერ გადის.
ღორეშისა და მდინარე ძირულას ხეობის სოფლების მოსახლეობას ხარაგაულამდე მგზავრობა უჭირთ. უბისამდე მოსულ ღორეშელებს ავტომაგისტრალზე მოძრავი მიკროავტობუსები, ძირულამდე ტრანსპორტირებისთვის, არ უჩერებენ, რადგან უბისიდან ძირულამდე მოკლე მანძილია. იგივე პრობლემა აწუხებს ვერტყვიჭალის, ბორითის, ხუნევის მოსახლეობას.
ხუნევის მაჟორიტარი დეპუტატი ლენა აბაშიძე ხარაგაულამდე მგზავრობას „გაძაღლებულს“ უწოდებს. ის ასევე ამბობს, რომ „ხევის საზოგადოებრივი ცენტრი მალე უფუნქციო გახდება, რადგან ხევამდე ტრანსპორტირება ძალიან ჭირს. მოსახლეობა დღემდე უშედეგოდ ითხოვს მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნას შროშიდან ან ძირულიდან სოფელ ხევამდე. ვერტყვიჭალიდან ზესტაფონამდე და ხაშურამდე გადაადგილება უფრო იოლია, ამიტომ სხვადასხვა მომსახურების მისაღებად მოქალაქეები ამ ქალაქებში მიდიან“.
ნადაბურისა და ხევის მოსახლეობას ხარაგაულამდე, საკუთარი მიკროავტობუსით, ორშაბათობითა და ოთხშაბათობით ნადაბურელ გრიშა გელაშვილს მოჰყავს. „ზოგჯერ ერთი და ორი მგზავრისთვის ამხელა მანძილზე ვერ მოვდივარ, მანქანას მოვლა სჭირდება. საქმეს ვაკეთებ, მაგრამ მადლობელი არავინაა, თუ მუნიციპალიტეტი რაიმე ფორმით დამეხმარება, მოხარული ვიქნები,“ – ამბობს გრიშა გელაშვილი.
ხევის საჯარო სკოლის პედაგოგი რაიბულ კურტანიძე ამბობს, რომ „სოფლის ინტერნეტიზაციამ მუნიციპალურ ცენტრს ხალხის ნაკადი მოაკლო. ხარაგაულში საბუთების გადაგზავნა ახლა ინტერნეტითაც შეიძლება. თუმცა, კარგი იქნება, თუ ხევიდან ხარაგაულამდე ტრანსპორტი უფრო ხშირად ივლის“.
ხარაგაულამდე მგზავრობა უჭირთ წყალაფორეთისა და ხიდრის მოსახლეობას. ისინი ჯერ კიცხამდე, ხოლო შემდეგ ხარაგაულამდე უნდა გამოყვნენ ტრანსპორტს. კვირაში ერთხელ, ორშაბათობით, 8:00 საათზე ხიდრიდან ხარაგაულის მიმართულებით გამოსული მიკროავტობუსი უკან ძალიან მალე, 11:00 საათზე, ბრუნდება. ასე მცირე დროში კი ხარაგაულში საქმის მოგვარება ძალიან რთულია. ხიდრის საჯარო სკოლის დირექტორი ეთერი პაპავა ამბობს, რომ მასწავლებლებისთვის ტრენინგებსა თუ სხვა საქმეზე, პირდაპირი მარშრუტით, ზესტაფონამდე მგზავრობა უფრო იოლია, ვიდრე ხარაგაულამდე.
ვარძიიდან ხარაგაულამდე ტრანსპორტი მხოლოდ ორშაბათობით მოძრაობს; ზესტაფონის, თბილისისა და ქუთაისის მიმართულებით – ყოველდღიურად. ვარძიის მაჟორიტარი დეპუტატი გივი ხიჯაკაძე ვარძიიდან-ხარაგაულამდე პირდაპირი მარშრუტის მეტი პერიოდულობით დანიშვნას საჭიროდ არ მიიჩნევს, რადგან ვარძიიდან-კიცხამდე და კიცხიდან-ხარაგაულამდე ტრანსპორტი ხშირად მოძრაობს.
წყალაფორეთი-ზესტაფონის მიმართულებით მიკროავტობუსი ყოველდღიურად დადის, ხარაგაულამდე პირდაპირი მარშრუტი კი დანიშნული არ არის. წყალაფორეთის მაჟორიტარი დეპუტატი მალხაზი ფხალაძე ამბობს, რომ ხარაგაულამდე მგზავრობა გაადვილდება, თუ წყალაფორეთიდან კიცხამდე ყოველდღიური ტრანსპორტი დაინიშნება. კიცხიდან ხარაგაულამდე გადაადგილება კი უფრო იოლია.
კვირაში რამდენჯერმე მიკროავტობუსები ემსახურება ბაზალეთის, ვანის, სხლითისა და ლეღვნის მოსახლეობას. ლეღვნელები პარასკევსა და კვირას „ბაზრის დღეებს“ უწოდებენ, ამ დღეებში მათ ლეღვნიდან ზესტაფონისკენ ავტობუსით მგზავრობის შესაძლებლობა აქვთ.
ბაზალეთის მაჟორიტარი დეპუტატი ვარლამ ჭიპაშვილი ამბობს, რომ „მდინარე ძირულასა და ჩხერიმელას ხეობის სოფლების მოსახლეობას მუნიციპალური ტრანსპორტი დღეში ერთხელ მაინც უნდა მოემსახუროს. ხარაგაულის მაღალმთიანი სოფლებიდან მოსახლეობას მუნიციპალურ ცენტრამდე მგზავრობა უჭირს.“
ჩხერიმელას ხეობის სოფლებში მცხოვრებთა ძირითადი ტრანსპორტი მატარებელია. შორი სოფლებიდან მოსახლეობას რკინიგზის სადგურებამდე კერძო მიკროავტობუსები ემსახურება.
ვახანის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ფერაძე ამბობს, რომ მოსახლეობა ვახანიდან ხარაგაულამდე, კვირაში ერთხელ მაინც, ტრანსპორტის დანიშვნას ითხოვს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებამდე სამარშრუტო ხაზები, სს „ავტოტრანსს“ ეკუთვნის. ამ ხაზებზე მოძრავი მიკროავტობუსები „ავტოტრანსის“ კუთვნილი ავტოსადგურით სარგებლობენ. „ავტოსადგურიდან რომ მგზავრები აიყვანოს, მძღოლი ამისთვის გარკვეულ თანხას იხდის, – განმარტავს „ავტოტრანსის“ დირექტორი დავით ხარაძე, – მარშრუტების სისტემატურად განხორციელების ვალდებულება არც მძღოლს აქვს და არც სს „ავტოტრანსს“. ავტომანქანა მძღოლის საკუთრებაა, სამარშრუტო ხაზი – „ავტოტრანსის“. ვთქვათ, მოვიდა მძღოლი ძირულამდე, თუ მას მგზავრი არ ჰყავს, ხარაგაულში არ წამოვა, რადგან უსარგებლო ხარჯს არავინ აუნაზღაურებს. ამა თუ იმ მარშრუტზე მგზავრობის ღირებულებას „ავტოტრანსი“ მძღოლთან და გადამზიდავებთან ურთიერთშეთანხმებით ადგენს. მაგალითად, ქუთაისში მხოლოდ ხარაგაულის მიკროავტობუსი ხომ არ მოძრაობს, არის პარალელური ხაზი. ქუთაისისა და ხარაგაულის გადამზიდავები ვთანხმდებით და ვადგენთ ტარიფს, ასეა სხვა მარშრუტების შემთხვევაშიც,“ – ამბობს დავით ხარაძე.
ხარაგაულის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტში მოსახლეობის ტრანსპორტირების თანადაფინანსებისთვის 10 ათასი ლარია გამოყოფილი.
თამთა გოგოლაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი