3 დეკემბერს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა.
დეპუტატებმა მუნიციპალიტეტის ცხრა თვის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში ცნობად მიიღეს, ცვლილება შეიტანეს მერიის საშტატო ნუსხისა და ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ დადგენილებებში. სხდომაზე დეპუტატებმა – თემურ ფცქიალაძემ და ვახტანგ ტალახაძემ მოსახლეობის წინაშე არსებული პრობლემები დააყენეს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ცხრა თვის ბიუჯეტის შესრულების მდგომარეობით საკრებულო უკმაყოფილოა. საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე დავით კიკნაძე ერთჯერადი ფულადი შემწეობის გაცემის მდგომარეობას აპროტესტებს. დეპუტატები, მთელი წელია, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებზე ფულადი დახმარების გაცემას უშედეგოდ ითხოვენ. „ამ პროგრამისთვის 2018 წელს 20 ათასი ლარი განვსაზღვრეთ და პროგრამა მხოლოდ ფურცელზე დარჩა, – ამბობს დავით კიკნაძე, – ხარაგაულში 20 ადმინისტრაციულ ერთეულში 10-10 ოჯახს 100-100 ლარით ვერ დავეხმარეთ. ამიტომ ნუ გაგვიკვირდება უკმაყოფილო მოსახლეობისგან არჩევნების შედეგები.“
საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე მალხაზ ფხალაძესთვის რეგიონული განვითარების ფონდიდან ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად გამოყოფილი თანხების ათვისების დაბალი მაჩვენებელი საგანგაშოა.
საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილი ამბობს, რომ მერიის სამსახურები დაკისრებულ ვალდებულებებს უპასუხისმგებლოდ ეკიდებიან, რის გამოც ცხრა თვის ბიუჯეტი ვერ შესრულდა.
ვარლამ ჭიპაშვილის ინფორმაცით, 2017 წლის დეკემბერში ხარაგაულის მუნიციპალიტეტისთვის სტიქიის სალიკვიდაციოდ გამოყოფილი 1 650 000 ლარიდან 400 ათასი ლარი დღემდე აუთვისებელია. განსახორციელებელი პროექტების უმრავლესობაზე საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაც კი არ არის მომზადებული. „შესყიდვების სააგენტო მერიას ახლა უკვე უარს ეუბნება პროექტების ერთ პირთან მოლაპარაკებით შესყიდვაზე. ეს მერიას აქამდე უნდა მოეთხოვა, – ამბობს ვარლამ ჭიპაშვილი, – რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოყოფილი თანხის 60% აუთვისებელია. დარჩენილი 40%-დან კი უმეტესობა სამუშაოების შემსრულებლებზე ავანსად გაცემულია.
ტაშ-ფანდურით დავუჭირეთ მხარი ააიპ-ების რეორგანიზაციას. მუნიციპალიტეტის მერი დაგვპირდა, რომ რეორგანიზაციით გამოთავისუფლებულ თანხებს სოციალურ მუხლსა და სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებში მიმართავდა. ეს დაპირება არ შესრულდა. მერს სამოქმედო გეგმა დღემდე არ წარმოუდგენია. მერია ახლა გვეუბნება, ყველაფერს გავაკეთებთო. წელიწადი იწურება და ახლა რა უნდა გაკეთდეს. კიდევ კარგი, იღბლად, ბიუჯეტი ჯარიმის მუხლით გათვალისწინებული თანხით ივსება და ბედნიერები ვართ, აღებულ ვალდებულებებს რომ შევასრულებთ. თუ ეს პრობლემები არ მოგვარდა, კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. უნდა გავარკვიოთ, პროექტების შეუსრულებლობის სუბიექტური და ობიექტური მიზეზები. მე ხარაგაულის მოსახლეობის მდგომარეობა და ხელისუფლების ავტორიტეტი მადარდებს.“
საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ თავმჯდომარე გივი თავზარაშვილი მიიჩნევს, რომ პროექტების შეუსრულებლობის მიზეზებზე მერიას, საკრებულოსთან ერთად, გზადაგზა უნდა ემსჯელა. „თანხის 5-10% რომ იყოს აუთვისებელი, მაშინ შეიძლება სუბიექტურ და ობიექტურ მიზეზებზე საუბარი, – ამბობს გივი თავზარაშვილი, – რგფ-დან გამოყოფილი თანხის 60% აუთვისებელია. ეს საგანგაშოა. ამას უთავობა ჰქვია.“
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა „პატრიოტთა ალიანსიდან“ თემურ ფცქიალაძემ საკრებულოს სხდომაზე რამდენიმე საკითხზე ისაუბრა. კერძოდ, მან მერიას, საკრებულოსა და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროსგან ეკონომიკის სამინისტროში წერილების გაგზავნა მოითხოვა რაიკავშირისა და საავადმყოფოს ყოფილი შენობების მუნიციპალიტეტზე გადმოცემის მოთხოვნით. თემურ ფცქიალაძე მიიჩნევს, რომ ქონებას მუნიციპალიტეტი მოუვლის და საჭიროებისამებრ გამოიყენებს. მისი წინადადებაა, რომ საავადმყოფოს ყოფილი შენობა გარემონტდეს და იქ მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე ოჯახები შეიყვანონ.
თემურ ფცქიალაძეს აინტერესებს, თუ რა პოზიცია აქვს მერიას ტრანზიტული მანქანებისთვის ალტერნატიული გზის მოწყობის თაობაზე. ის ასევე ითხოვს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისგან მოსახლეობასთან ხელშეკრულებების გაფორმებას და ამ კომპანიის მუნიციპალიტეტზე გადმოცემას.
მოლითის მაჟორიტარი დეპუტატი ვახტანგ ტალახაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისგან ანეულას მოსახლეობისთვის მიცემული პირობის შესრულებას მოითხოვს. ანეულაში, რკინიგზის მშენებლობის გამო, სარიტუალო სახლი აიღეს. ვახტანგ ტალახაძის ინფორმაციით, მერი მოსახლეობას სარიტუალო სახლისთვის მიწის ნაკვეთის შეძენასა და ახალ შენობას დაჰპირდა.
საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო ეთიკისა და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ოთარ ლურსმანაშვილმა 25 დეკემბრამდე საკრებულოში მუნიციპალიტეტის მერის ერთწლიანი საქმიანობის ანგარიშის განხილვა მოითხოვა. მის წინადადებას დეპუტატები დაეთანხმენ. საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე კოლეგებს დაჰპირდა, რომ მერის ანგარიშის მოსასმენად რიგგარეშე სხდომას მოიწვევს.
ნინო კაპანაძე
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი