28 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური გაიმართება. არჩევნების საბოლოო შედეგი რამდენად აისახება რეგიონებში არსებულ ვითარებაზე, – ამის შესახებ აზრი რამდენიმე მოქალაქეს გამოვკითხეთ.

მამუკა ჭიპაშვილი, სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი: -კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტს დიდი უფლება-მოვალეობები არ აქვს. ამიტომ მგონია, რომ ბევრი რამ არ შეიცვლება. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ იმაზე მეტად ინფორმირებულები ვართ კანდიდატების შესახებ, როგორც არასდროს. არ ვარ პესიმისტურად განწყობილი და მჯერა, რომ ყველაფერი მშვიდობიანად ჩაივლის. დღეს მოქმედი პრეზიდენტის გადაწყვეტილებებს რა გავლენაც ჰქონდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტზე, ასეთივე ექნება იმ პრეზიდენტისას, რომელსაც ახლა ავირჩევთ.

ინგა მაღრაძე, საკრებულოს წევრი: -არჩევნების მეორე ტურის შედეგად არ ველოდები აპოკალიფსს, როგორც ამას ორი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები გვიხატავენ. თუ იქნება მუნიციპალიტეტში ცვლილება, რას შეიძლება ეს შეეხოს – საკადრო გადაწყვეტილებებს? არა მგონია, რომ ამან რაიმე მოგვცეს. ერთი პიროვნების მეორეთი ჩანაცვლება შედეგს ვერ მოგვიტანს. მთავარია, თვითმმართველობისა და რეგიონის განვითარების მიმართ დამოკიდებულებები შეიცვალოს.

ხათუნა მანჯავიძე, ა/ო „ქალები ქვეყნის მომავლისათვის“ თავმჯდომარე: -არჩევნების პირველმა ტურმა აჩვენა, რომ ხალხს ცვლილება უნდა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტი ამ კუთხით გამონაკლისი არ არის. ამომრჩევლისგან ცვლილების სურვილმა გამოიწვია ის, რომ მთავრობა უკვე გამოფხიზლდა. იმედია, მომავალში გადააფასებს თავის შეცდომებს და ხალხზე მეტად ორიენტირებული იქნება. ცენტრალურ ხელისუფლებას კიდევ აქვს ფუნქციონირების ორი, ხოლო თვითმმართველობას – სამი წელი, რომ უკეთ იმუშაონ.

ლაშა გურგენიძე, მეფუტკრე: -არჩევნების მეორე ტური რა შედეგითაც უნდა დამთავრდეს, მუნიციპალიტეტში სიტუაცია არ შეიცვლება. შეიძლება ერთი ან ორი ახალი სახე გამოჩნდეს, ხალხის თვალის ასახვევად. ხარაგაულში არც დაპირისპირებას ველოდები, რადგან მოსახლეობა დაიღალა; თან მიხვდა, რომ „ზემოთ“ „დაპირისპირებული“ მხარეები ერთმანეთში მორიგებულები არიან, ფულს შოულობენ და ხალხზე არ ზრუნავენ. არანაირი ცვლილება არ იქნება, მხოლოდ წელიწადის დროები იცვლება. ეს არის ჩაკეტილი წრე, საიდანაც, წლებია, ვერ გამოვდივართ.

მანანა ტაბაშიძე, ა/ო „წიფლარის“ ხელმძღვანელი: -რა შედეგიც უნდა მივიღოთ არჩევნების მეორე ტურზე, მჯერა, რომ სიტუაცია აუცილებლად გაუმჯობესდება. თუ გულით აღიარებენ წინა და დღევანდელი ხელისუფლებები შეცდომებს, ორი ნაბიჯით მაინც წავალთ წინ. მე სასიკეთო ცვლილებას ველოდები. რადგან ხალხმა ხელისუფლებას საკუთარი ძალა აჩვენა, მომავალში ძველებურად მუშაობას ვეღარ გაბედავენ. ადგილზეც ველოდები ცვლილებას, რადგან ხარაგაულში ბევრი პრობლემაა. თქვენი გაზეთი რომ 15 წლის წინ წერდა სახლ-კარ დანგრეულ მოსახლეობაზე, მათი პრობლემები ისევ მოუგვარებელია.

დავით კიკნაძე, საკრებულოს წევრი: -ის ფაქტი, რომ მეორე ტური დაგვჭირდა, მეტყველებს იმაზე, რომ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობის პრობლემებს ბოლომდე ვერ ვაცნობიერებთ. საღანძილის თემის მაჟორიტარი ვარ და ამ სოფლებში წელს არც ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი არ განხორციელებულა. სოციალურ პროგრამებში ცვლილებაა საჭირო, საკუთარი ოჯახისთვის საჭირო სამასალე ხე-ტყეზე ხელი უნდა მიუწვდებოდეს სოფლის მაცხოვრებელს, ინფრასტრუქტურა მოსაწესრიგებელია. კაბინეტიდან მართვამ შედეგი რომ ვერ მოიტანა, ვხედავთ. რა თქმა უნდა, ცვლილებებს ველოდები.