
ათი წლის წინ თეონა ვეფხვაძის ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. დედის გარდაცვალების შემდეგ მან პასუხისმგებლობა აიღო, რომ უმცროს დაიკო თამარზე დედასავით იზრუნებდა.
თამარი სამშობიარო ტრავმით დაიბადა. ექიმების დიაგნოზით მას ცერებრალური დამბლა აქვს. დამოუკიდებლად გადაადგილება, ჩაცმა და ჭამა არ შეუძლია და მუდმივ მეთვალყურეობას საჭიროებს.
-ოჯახში ვცხოვრობთ მე, მამა, თამუნა და ბებია, – გვიამბობს თეონა, – თითქმის ყოველი დღე ერთმანეთს ჰგავს. დილაადრიან, პირველ რიგში, თამარის საუზმეზე ზრუნვას ვიწყებ, რადგან ჩემი დაიკო ძალიან წუხს, როცა შია. შემდეგ საოჯახო საქმეებს ვაგვარებ, ვუვლი წვრილფეხს. თვეში ორჯერ თამარის წამლებისთვის ზესტაფონში დავდივარ.
ხარაგაულის #2 საჯარო სკოლა ვერცხლის მედალზე დავამთავრე. იმ დროს დედა უკვე გარდაცვლილი იყო. ბებოს თამარზე ზრუნვა შეეძლო და მე ზესტაფონში მედდის პროფესიის დაუფლება შევძელი. მას შემდეგ სულ სახლში ვარ. ბებო უკვე 86 წლისაა და თამარს რამდენიმე საათით თუ დავუტოვებ. ჩემს დას მუდმივად ყურადღება სჭირდება და ამიტომ ვერსად ვმუშაობ.
ჩვენი ოჯახის შემოსავალი ბებოსა და თამარის პენსია 360 ლარია. ორი წლის წინ, სოფელში ბუნებრივი აირის შემოყვანა რომ დაიწყო, მამა იქ დროებით დაასაქმეს. როგორც კი მის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა დაფიქსირდა, ფულადი სოციალური შემწეობა შეგვიწყვიტეს. გავასაჩივრეთ, ბევრი ვიწვალეთ, მაგრამ ყოველი ახალი გადამოწმების დროს ოჯახის სარეიტინგო ქულები იზრდება. რაც ყველაზე სამწუხაროა, მამაჩემმა ანაზღაურება რეალურად ვერ მიიღო. სამუშაოების მწარმოებელს ჩემი თანასოფლელები დღემდე ეძებენ.
…თამარი ძალიან ჭკვიანი და დამჯერეა. მთავარია, გვერდით ვყავდე. ვერ წარმოიდგენთ, როგორი სიხარულით ევსება თვალები და რა ბედნიერია, როცა სადმე წასული შინ ვბრუნდები და სახლის კარებს შევაღებ.
ფსიქოტროპული წამლები აქვს გამოწერილი. ამ წამლების შესაძენად ზესტაფონში დავდივარ და უფასოდ მაძლევენ. ზოგჯერ თამარს კბილები სტკივა. სტომატოლოგთან კი წავიყვანე, მაგრამ ძალიან ძნელია, მას რაიმე პროცედურა ჩაუტარდეს.
რადგან გადაადგილება და საკუთარი თავის მართვა უჭირს, არასდროს მიფიქრია, რომ დღის ცენტრში ან სპეციალურ დაწესებულებაში წამეყვანა. იმის წარმოდგენაც კი მიჭირს, ჩემი და რომ სადმე უცხო გარემოში დავიგულო…
თამარს ძალიან რთული ბავშვობა ჰქონდა. ახლა მშვიდია. უყვარს ბავშვები და უხარია, როცა აქ აკითხავენ. ჩემი დით ყოველთვის ვამაყობდი. მისი ავადმყოფობა მეგობრებთან არასდროს დამიმალავს. თუმცა, არ შემიძლია, ვინმეს თავი შევაცოდო, ჩემი მდგომარეობა მოვუყვე და დახმარება ვითხოვო… დედა თამარზე ოჯახის გარეთ არასდროს საუბრობდა. სულ ცდილობდა, თამარის მდგომარეობის ამბავი სახლიდან გარეთ არ გასულიყო.
მე კი მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია გარეთ გავიყვანოთ ჩვენი და-ძმები, შვილები, ყველა, ვისაც რაიმე შეზღუდვა აქვს. არ უნდა დავკომპლექსდეთ, მაგრამ აქ ერთი ძალიან სერიოზული პრობლემაა. რამდენჯერმე გადავაწყდი საზოგადოების მხრიდან უკურეაქციას. თაკო რომ ზესტაფონში წავიყვანე, ადამიანები როგორც უცხო პლანეტელებს, ისე მოგვაშტერდნენ. ზოგი გვიყურებდა და ვეცოდებოდით. ალბათ ოჯახები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს სახლებში ამიტომ კეტავენ, საზოგადოების უარყოფითი დამოკიდებულება თავიდან რომ აირიდონ.
თაკო განსაკუთრებულს არაფერს ითხოვს. მხოლოდ სულ უნდა, რომ მე ან ბებოს ხელი ჩაგვჭიდოს.
…ოჯახის შექმნის თემა ჩემთვის დახურულია. ვერ წარმომიდგენია. თაკოს ვერ მივატოვებ. ერთად, გვერდიგვერდ ვწევართ, ერთად გვძინავს, თამარს ჩემს გარეშე ყოფნა არ შეუძლია… დედა რომ გარდაიცვალა, მას შემდეგ თამარი არც ერთი ღამე არ დამიტოვებია. ამ მიზეზით ვერ ვახერხებ რუსთავში მცხოვრებ დასთან ჩასვლას. ბებოს ფიზიკურად არ შეუძლია თამარის მოვლა. მამა ვერ ახერხებს…
ვოცნებობ, სამსახური მქონდეს, რეალიზებული ვიყო და თან გულდამშვიდებულიც, რომ თამარს უჩემოდ არაფერი გაუჭირდება.
P.S. რუსუდან გურგენიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „ნაბიჯი ხარაგაული“-ს აღმასრულებელი დირექტორი: -თეთრაწყაროში მცხოვრები ვეფხვაძეების ოჯახის მდგომარეობას მუნიციპალიტეტის საკრებულოს გავაცნობ. თეონას შევთავაზე, რომ თამარი ზესტაფონის დღის ცენტრ „ორიონში“ მიიყვანოს. პარალელურად ვიზრუნოთ თეონას დასაქმებაზე. დღის ცენტრში ისეთი თერაპიებით მკურნალობენ, რომ თამარი მალევე შეძლებს გარკვეული უნარ-ჩვევების განვითარებას. შესაძლოა, პირველ ეტაპზე ყოველდღე არ იაროს დღის ცენტრში. პრობლემაა ის, რომ ვეფხვაძეები ცენტრალური გზიდან მოშორებით ცხოვრობენ. ამიტომ მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სახლიდან გზამდე მისასვლელად ტრანსპორტირება უნდა აუნაზღაურდეს. დღის ცენტრში ჩარიცხვის შემდეგ კი მისი საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებას თავად ორგანიზაცია აფინანსებს.
გამოდის, რომ არა მარტო თამარი, არამედ თეონაც სახლში ჩაკეტილია. ამ ოჯახის დასახმარებლად ყველამ უნდა იაქტიუროს.
ნინო კაპანაძე
სასტუმრო „ქუთაისი ინნ“-ში საერთაშორისო პარტნიორები, სამოქალაქო საზოგადოებისა
პირადობის ელექტრონული მოწმობის შეღავათიან ფასად
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე,
2025 წლის 8 სექტემბერს თბილისში,
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ