2018 წლის პირველი მაისიდან საქართველოში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ამოქმედდა.

რამდენად ვიცავთ ამ კანონის მოთხოვნებს და როგორია მონიტორინგის შედეგები; რამდენად ეფექტურია სამი წლის წინ დაწყებული C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა და რა სიახლეებს უნდა ველოდეთ მომავალში – ამ და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსი გოჩა გიორგიძე გვესაუბრება.

-„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის მონიტორინგზე პასუხისმგებელი თამბაქოს კონტროლის ასოციაციაა, რომელიც ამ საკითხში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის პარტნიორია, – ამბობს გოჩა გიორგიძე, – აღსანიშნავია, რომ კანონი საზოგადოებამ ძალიან კარგად მიიღო, განსაკუთრებით მათ, ვისგანაც პრობლემებს ველოდებოდით – სარესტორნო ბიზნესი, კაფე-ბარები და სხვ. მუნიციპალიტეტებში მოქმედ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს მათი დაჯარიმება არ ევალება. ისინი მხოლოდ დარღვევის ფაქტს აფიქსირებენ და ინფორმაციას თამბაქოს კონტროლის ასოციაციას აწვდიან. ასოციაცია საქმის კურსში აყენებს დაჯარიმებაზე პასუხისმგებელ ორგანოს.

იმერეთის მუნიციპალიტეტებში ამ ექვსი თვის მანძილზე არც ერთი ფიზიკური პირი არ დაუჯარიმებიათ. კანონის ამოქმედების პირველ ეტაპზე ქუთაისში ერთ-ერთი რესტორანი 500 ლარით დაჯარიმდა.

პირველი სექტემბრიდან „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებები ამოქმედდა. ამ ცვლილებით, სარეალიზაციო ცენტრებსა და სადისტრიბუციო ქსელებში თამბაქოს რეკლამა იზღუდება.

ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად გარკვეულ რისკებს ველოდებით. ზამთარში, შესაძლოა,  მწეველებს დახურული სივრციდან გამოსვლა დაეზაროთ. მოვუწოდებთ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს, რომ მონიტორინგი გაააქტიურონ. თუ ჩვენ პრეცედენტი დავუშვით, მწეველს ისევ ჩამოუყალიბდება ქცევაში, რომ დახურულ სივრცეში მოწევა დასაშვებია.

-ბატონო გოჩა, მესამე წელია, საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა ხორციელდება. რა შედეგები გვაქვს იმერეთში დაავადების გამოვლენისა და მკურნალობის კუთხით?

-პრევალენტობის (ფართოდ გავრცელებული)  კვლევის მიხედვით C ჰეპატიტზე 150 ათასი პირი უნდა იყოს გამოვლენილი. სკრინინგით 119 ათასი ადამიანია იდენტიფიცირებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი დაავადებულთა გამოსავლენად.

იმერეთში, პრევალენტობის კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, მოსახლეობის 9% C ჰეპატიტით დაავადებულია. სწორედ მათ გამოვლენაზე უნდა ვიზრუნოთ. მუნიციპალიტეტებს დამატებითი კვლევა უნდა შევთავაზოთ.

ამჟამად უკვე განკურნებულია 31 ათას პაციენტზე მეტი. 50 ათასზე მეტი მკურნალობს. დანარჩენი პირები მოსაძიებელია. C ჰეპატიტის სკრინინგი, დამადასტურებელი კვლევაც და მკურნალობაც უფასოა.

აუცილებელია დაავადებულების მოძიება და მათი მკურნალობა. ჯანდაცვის მინისტრის #169 დადგენილებაში ცვლილება შევიდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურებს იმ პაციენტების მოძიება დაევალათ, რომელთაც C ჰეპატიტი დაუდასტურდათ. საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურების თანამშრომლებმა მათ დაავადების სიმძიმე უნდა აუხსნან და მკურნალობაში ჩართვის აუცილებლობაში დაარწმუნონ.

სამი კვირაა, რაც C ჰეპატიტის გამოსავლენად ახალი პროექტი დავიწყეთ. ყველა დიდ ქალაქში მოქმედ იუსტიციის სახლებში გაიხსნა დაავადებათა კონტროლის ცენტრის სივრცე, სადაც ლაბორანტი და რეგისტრატორი იუსტიციის სახლში მისულ პირებს C ჰეპატიტის შესახებ ინფორმაციას აწვდიან და იქვე სკრინინგს უტარებენ. აქამდე თუ მოსახლეობას ვთავაზობდით, მოდი, გამოგიკვლევ, ახლა მათთან თავად მივდივართ.

-მეორე წელია, გრიპის სეზონთან დაკავშირებით, მედპერსონალის უფასო ვაქცინაცია მიმდინარეობს. რამდენად ეფექტურია ეს ვაქცინა, როგორ აფასებს მედპერსონალი? რამდენად შესაძლებელია, რომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნულმა ცენტრმა გრიპზე მოსახლეობის უფასო საყოველთაო ვაქცინაცია ჩაატაროს?

-გრიპზე ვაქცინაცია ოქტომბრის შუა პერიოდიდან დაიწყო. გრიპის სეზონი მომდევნო წლის მეოცე კვირამდე გრძელდება. უფასო ვაქცინაციას რისკ ჯგუფებს ვუტარებთ. ესენია მოხუცთა და ბავშვთა თავშესაფრების ბენეფიციარები, 18 წლამდე დიაბეტით დაავადებული ბავშვები, ორსული ქალები, სამხედროები და მედპერსონალი. ამჟამად ამ რისკ ჯგუფებისთვის 27 ათასი დოზა ვაქცინაა შემოტანილი. შარშანდელთან შედარებით, ვაქცინაცია საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს. მოსახლეობის ცოდნის დონე ამაღლდა. ამ ვაქცინაციის მნიშვნელობა კარგად გააცნობიერეს. მუდმივად ვაკვირდებით, საქართველოში გრიპის რომელი ტიპი ვრცელდება და ვაქცინასაც ამის მიხედვით ვყიდულობთ.

შარშან, გრიპზე ვაქცინაცია რომ დავიწყეთ, 8 ათასი დოზა ვაქცინა შევიძინეთ. ბევრი წარმატებული ქვეყანა მოსახლეობის ვერც ერთ ჯგუფს გრიპზე უფასო ვაქცინაციას ვერ სთავაზობს. წელს ჩვენ გრიპისგან 27 ათასი ადამიანის დაცვა შეგვიძლია. ეტაპობრივად, საზოგადოების სხვა ჯგუფებსაც მოვიცავთ. თუმცა, კარგი იქნება, სხვადასხვა უწყებებმა დასაქმებულთა ვაქცინაცია თავად უზრუნველყონ.

-ბატონო გოჩა, სხვადასხვა გარემოებებთან ერთად მოსახლეობის ჯანმრთელობაზე უარყოფითად ეკოლოგიური პრობლემებიც მოქმედებს. მუნიციპალიტეტებში მოქმედი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებმა დაავადებების გამომწვევი მიზეზები უნდა შეისწავლონ. იმერეთის რეგიონის 12 მუნიციპალიტეტიდან თუ იყო შემთხვევა, როცა ადგილზე კვლევა განახორციელდა და კონკრეტულად რომელი დაავადებების რისკი გამოიკვეთა?

-გასულ წელს არაგადამდებ დაავადებათა რისკფაქტორები გამოვიკვლიეთ. ჰიპერტენზიული, გულსისხლძარღვთა, ენდოკრინოლოგიური, ბავშვებში სიმსუქნესთან დაკავშირებული დაავადებების მიმართულებით ბევრი სამუშაოა განსახორციელებელი.

პრობლემები გარემოს დაბინძურებასაც უკავშირდება. ამჟამად გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევა მიმდინარეობს. დაავადებათა კონტოლის ცენტრმა წყლისა და ბავშვებში ტყვიის შემცველობაზე კვლევა დავამატეთ. გვჭირდება რეალური სურათი, თუ რა მდგომარეობაა ტყვიის შემცველობის კუთხით მოზარდებში. სამწუხაროა, რომ ხშირ შემთხვევაში ოჯახები ბავშვების ლაბორატორულ კვლევებზე უარს ამბობენ. ეს უნიკალური შანსია და მოვუწოდებ ყველა იმ ოჯახს, რომლებიც კვლევაში მოხვდებიან, შვილებს ტყვიის შემცველობაზე კვლევა ჩაუტარონ.

გასულ წლებში ნარკოტიკების, ალკოჰოლისა და ჭარბწონიანობასთან დაკავშირებული კვლევების შედეგებმა გვაჩვენა, რომ ცხოვრების ჯანსაღი წესი და პრევენციული ღონისძიებები აქტიურად უნდა განხორციელდეს.

გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად ერთიანი სტრატეგია მუშავდება, რომელიც მოიცავს ნარჩენების მართვას, საწვავის ხარისხის, საღებავებისა და სათამაშოების კონტროლს.

ძალიან მნიშვნელოვანია დაავადებათა ადრეული გამოვლენა, რომელიც კიბოს სკრინინგის კომპონენტებს მოიცავს.

ყველას მოვუწოდებ, იცხოვრონ ჯანსაღად. უარი უთხრან თამბაქოსა და ნარკოტიკს, ზომიერად მოიხმარონ ალკოჰოლი, გამოიყენენონ სკრინინგი, დროულად ჩაერთონ ყველა იმ პროგრამაში, რომელსაც სახელმწიფო სთავაზობს. დაავადების პრევენცია არის ყველაზე ხარჯეფექტური და ჯანსაღი მიდგომა საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ.

ნინო კაპანაძე