
„კაცთმოყვარე, მცოდნე, გამჭრიახი და შრომისმოყვარე უნდა იყო, სიახლეებს მუდმივად უნდა ეცნობოდე“, – მიაჩნია ექიმს,რომელიც 48 წელია, ადამიანების ჯანმრთელობის სადარაჯოზე დგას.
ზაური ჭუმბურიძეს 4 ნოემბერს 81 წელი შეუსრულდა. ჩვენც სწორედ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ვესტუმრეთ და ვესაუბრეთ.
ზაური ჭუმბურიძე ბორჯომში დაიბადა. მამამისი იქ სკოლის დირექტორის მოადგილედ მუშაობდა. ბავშვობა ღორეშაში გაატარა. ხარაგაულის რკინიგზის #10 (დღევანდელი #3 საჯარო) სკოლა დაამთავრა. „ბავშვობაში სამხედრო ფორმა იმდენად მომწონდა, რომ სამხედრო სასწავლებელში სწავლა გადავწყვიტე, – იხსენებს ზაური ექიმი, – სკოლაც და ოჯახიც მეწინააღმდეგებოდა. თბილისის სამხედრო სასწავლებელში გამოცდები მაინც ჩავაბარე. მესამე კურსზე სწავლისას ჯარის შემცირებაზე გამოიცა ბრძანება და ჩვენც შეგვამცირეს. მაშინ მამა წაღვერში მუშაობდა და მასთან ჩავედი. ზამთარში თხილამურებით სრიალისას დავშავდი და საავადმყოფოში მოვხვდი. ისეთი კარგი ექიმი მკურნალობდა, მეც ექიმობა გადავწყიტე. თუმცა სამედიცინო ინსტიტუტში მოხვედრა ძალიან რთული აღმოჩნდა. ამიტომ ჯერ სამედიცინო ტექნიკუმი დავამთავრე და შემდეგ სამედიცინო ინსტიტუტში ჩავაბარე. ორი თვის შემდეგ დეკანატში დამიბარეს – საგამოცდო კომისიას ქულების შეჯამება შეეშალაო და ინსტიტუტიდან დამითხოვეს. ძალიან განვიცადე, – თავი სტუდენტი მეგონა და უცებ აღმოჩნდა, რომ ინსტიტუტში აღარ ვირიცხებოდი. ამ დროს თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურშიც ვმუშაობდი. მოულოდნელი სტრესი თანამშრომლებმა დამაძლევინეს და საგამოცდო კომისიის წინაშე მომდევნო წელს ხელახლა წარვსდექი“.
ორდინატურის დამთავრების შემდეგ სტუდენტებს სამუშაოდ რაიონებში ანაწილებდნენ. ზაური ექიმმა ჩხოროწყუში წასვლაზე უარი თქვა. კათედრის გამგის მოადგილე, ხარაგაულელი პროფესორის, სოფიო ბუაჩიძის მხარდაჭერით მშობლიურ რაიონში გაანაწილეს. ზაურ ჭუმბურიძეს დღესაც ახსოვს, ქალბატონმა სოფიომ რომ უთხრა – ხარაგაული მწირი რაიონია, სახელის მეტი არაფერი გექნებაო.
„ხარაგაულის საავადმყოფოში უძლიერესი ქირურგები დამხვდნენ – სტეფანე დევდარიანი და იური ბერაძე, – იხსენებს ზაური ექიმი, – მათგან ბევრი რამ ვისწავლე. ერთი ოჯახივით ვიყავით. დიმიტრი მემანიშვილი იყო მთავარი ექიმი – არაჩვეულებრივი ხელმძღვანელი. თანამშრომლების ფასი იცოდა. როცა უფროსი გაფასებს, სიმხნევე და ძალა გემატება.
აპენდიციტის პირველი ოპერაცია იური ექიმის ზედამხედველობით გავაკეთე. წლების შემდეგ, როცა საოპერაციოში ჩემს გვერდით დამწყები ექიმი იდგა, მაშინ მივხვდი, როგორ ინერვიულებდა იური ექიმი. ქირურგია ძალიან რთულია. საოპერაციოდან, უმეტესად, გამარჯვებული გამოვდიოდი. თუმცა მარცხიც განმიცდია. მთავარია, ექიმმა უხეში შეცდომა არ დაუშვა. ზოგჯერ მოვა პაციენტი, რომელსაც, ერთი შეხედვით, სასიკვდილო არაფერი სჭირს, მაგრამ ვერ გადაარჩენ. ზოგჯერ უმძიმესი მდგომარეობაა, მაგრამ გადარჩება. პაციენტს არაფერი უნდა დააკლო, მისი სიცოცხლის გადასარჩენად ბოლომდე უნდა დაიხარჯო.
ყველა მძიმე პაციენტი მახსოვს. კოლეგებს რომ უთქვამთ, აღარ გადარჩება და ნუღარ აწვალებო, ზოგჯერ სწორედ ასეთ დროს გამმართლებია. არ ვეშვებოდი, ყველა ხერხს მივმართავდი. იმაზე დიდი სიხარული არ არსებობს, სიკვდილზე რომ გაიმარჯვებ.
საავადმყოფოში ერთ ოჯახად ვმუშაობდით. ქირურგს გვერდით ძლიერი ანესთეზიოლოგი სჭირდება. ალექსანდრე ბარბაქაძე ამ საქმის საუკეთესო სპეციალისტია. ჩემს გვერდით არაჩვეულებრივი ექთანი მანანა მაჭავარიანი მუშაობდა. მისი ნამოწაფარია ლია გიორგაძე. საოპერაციოში რომ ხელს ავწევ, ლიამ იცის, რომელი იარაღი მჭირდება, რა ნომერი ძაფი უნდა მომაწოდოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
დღეს ხარაგაულის საავადმყოფოში მოსულ პაციენტს არაფერი მოაკლდება. ძალიან მაღალკვალიფიციური ექიმები გვყავს, მაგრამ ზოგიერთი სპეციალისტი კვირაში მხოლოდ ერთხელ მოდის. ექიმი მუდმივად ადგილზე უნდა იყოს.
ძალიან მიყვარს ხარაგაულელები. მეც ხშირად მიგრძვნია მათგან პატივისცემა და სიყვარული. წლების წინ, სანამ საყოველთაო დაზღვევა ამოქმედდებოდა და პაციენტს მკურნალობის თანხის დაფარვა არ შეეძლო, თანხას როგორ მოვთხოვდი. ადამიანმა, რა პროფესიისაც უნდა იყო, ირგვლივ მყოფთა მდგომარეობაზეც უნდა იფიქრო. მე, რაც შემიძლია, ვაკეთებ. სიყვარულით ვემსახურები ჩემს ხალხს. ღმერთი შემაძლებინებს“.
თამთა გოგოლაძე
სასტუმრო „ქუთაისი ინნ“-ში საერთაშორისო პარტნიორები, სამოქალაქო საზოგადოებისა
პირადობის ელექტრონული მოწმობის შეღავათიან ფასად
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე,
2025 წლის 8 სექტემბერს თბილისში,
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ