ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის ანგარიში საკრებულოში 5 ნოემბრის სხდომაზე განიხილეს.
ამ ანგარიშის მიხედვით, 2018 წლის ცხრა თვეში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარება სამ უკიდურესად გაჭირვებულ მოქალაქეზე გაიცა. ამ ქვეპროგრამის ფარგლებში 9 თვეში სულ 350 ლარია გახარჯული.
„სამედიცინო მომსახურებების დაფინანსებისთვის მოქალაქეების მომართვიანობა, წინა წლებთან შედარებით, გასამმაგდა, – ამბობს მერიის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ნანა კიკნაძე, – განსაკუთრებით – ონკოლოგიური დაავადებების მქონე მოქალაქეების. ონკოლოგიურ პაციენტებს 1500 ლარით ვეხმარებით. ამ დრომდე, გარდა ერთჯერადი ფულადი დახმარებისა, ყველა პროგრამასა და ქვეპროგრამას ვაფინანსებთ.“
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ ერთჯერადი ფულადი დახმარება ყველა მთხოვნელზე ვერ იცემა.
„ხარაგაულში ფულადი დახმარება თითქმის ყველა ოჯახს ეკუთვნის, – ამბობს დეპუტატი ჯამბულ გამცემლიძე, – ხშირად ის 100 თუ 150 ლარი ოჯახებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სირცხვილია, რომ ცხრა თვეში სამ ადამიანზე მეტს ვერ დავეხმარეთ. მომავალი წლის ბიუჯეტის განხილვისას მერიამ გარანტია უნდა მოგვცეს, რომ ამ მუხლში თანხას არა მარტო გაზრდის, არამედ დაგეგმილს გასცემს. წინააღმდეგ შემთხვევაში 2019 წლის ბიუჯეტს მხარს არ დავუჭერ.“
ამავე მიზეზით 2019 წლის ბიუჯეტის პროექტისთვის მხარდაჭერას არც დეპუტატი თემური ფცქიალაძე აპირებს. „ხარაგაულში მცხოვრები მოსახლეობის ნახევარს არავითარი შემოსავალი არ გააჩნია, – ამბობს თემური ფცქიალაძე, – ამიტომ ასეთ ოჯახებს წელიწადში ორჯერ მაინც – ახალ წელს და აღდგომას – ფინანსურად უნდა დავეხმაროთ.“
„მერია დაგვპირდა, რომ ააიპ-ების რეორგანიზაციის შედეგად 200 ათას ლარამდე თანხა გამოთავისუფლდებოდა და იმ ფულს სოციალურ პაკეტში მიმართავდა, მოტყუებული დავრჩი,“ – ამბობს დეპუტატი დავით კიკნაძე.
„წყლის ნაყვა“ უწოდა დეპუტატმა თორნიკე ავალიშვილმა კოლეგებისგან მერიის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის მიმართ გამოთქმულ შენიშვნებს. მისი თქმით, 2018 წლის თებერვალში დეპუტატებს მერიაში ხელფასების ზრდისთვის მხარი არ უნდა დაეჭირათ. „რატომ ვერ გაიცა ადგილობრივი ბიუჯეტიდან ერთჯერადი სოციალური დახმარებები, ამაზე პასუხი დეპუტატებმა მუნიციპალიტეტის მერს, ნიკოლოზ თოფურიძეს უნდა მოთხოვოთ“, – ამბობს საკრებულოს წევრი თორნიკე ავალიშვილი.
დეპუტატი ქეთევან ზუმბაძე მიიჩნევს, რომ „მერიის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის ანგარიშში არ არის გაანალიზებული ის პრობლემები, რის გამოც პროგრამები სრულყოფილად ვერ ფინანსდება და არც ამ პრობლემების გამოსწორების გზებზეა საუბარი. ანგარიშში აღნიშნული უნდა იყოს, თუ რა გზებით გეგმავს მერია აღებული ვალდებულებების შესრულებას“.
ნანა კიკნაძის განმარტებით, წლის ბოლომდე თანხა ოპერაციებსა და სხვა სამედიცინო მომსახურებებზე მერის სარეზერვო ფონდიდან ან დამატებითი შემოსავლებიდან დაიფარება.
საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილი მიიჩნევს, რომ ჯანდაცისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურს არ აქვს სათანადო ხელშეწყობა დებულებით გაწერილი ვალდებულებების შესასრულებლად. ამიტომ მან სამსახურის საქმიანობის შეფასებისგან თავი შეიკავა. ვარლამ ჭიპაშვილი ამბობს, რომ „ამ მდგომარეობამდე არ მივიდოდით, მერიას 2018 წლის ბიუჯეტის პროექტზე საკრებულოს შენიშვნები რომ გაეთვალისწინებია.“
საბოლოოდ, დეპუტატებმა მერიის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის ანგარიში დადებითად შეაფასეს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში 2018 წელს სოციალური პროგრამების დასაფინანსებლად 602 ათასი ლარი განისაზღვრა. ცხრა თვეში ამ მიმართულებით 434 800 ლარია გაცემული.
ნინო კაპანაძე
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი