დამსახურებულ პედაგოგს, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ გოგი ჯღამაძეს პირველ ნოემბერს 91 წელი შეუსრულდა.

გოგი მასწავლებელი მხნედ გამოიყურება და სიამოვნებით იხსენებს მოსწავლეობის, სტუდენტობისა და მასწავლებლობის წლებს.

საკუთარი თავის, როგორც პედაგოგის, ყველაზე დიდ ღირსებად მიაჩნია, რომ მოსწავლესთვის შეურაცხყოფა არასდროს მიუყენებია. თუ ახალგაზრდას რაიმე შეეშლებოდა, მუდამ ცდილობდა, მისთვის სწორი გზა ეჩვენებინა. ამიტომაცაა, რომ მოსწავლეები არ ივიწყებენ, ხშირად სტუმრობენ და მარტო ყოფნის სევდას უმსუბუქებენ.

გოგი ჯღამაძე სარგვეშში ხუთ დედმამიშვილთან ერთად აღიზარდა. მეორე მსოფლიო ომის დროს ყველას უჭირდა, მრავალშვილიან ოჯახს – განსაკუთრებით. როცა სასწავლებლად სარგვეშის შვიდწლიანი სკოლიდან ბორითის სკოლაში გადავიდა, თანაკლასელებთან ერთად აქტიურად ჩაება საკოლმეურნეო შრომაში, – მაშინდელი კოლმეურნეობების ვენახებსა და ყანებში შრომადღეებზე გამომუშავებულ თანხას ომში აგზავნიდნენ.

გოგი ჯღამაძემ ბორითის საშუალო სკოლა ოქროს მედალზე 1945 წელს დაამთავრა. მასწავლებლობა სურდა და იმავე წელს, ერთი გამოცდით, გორის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. მის პროფესიულ არჩევანზე დიდი გავლენა მასწავლებლებმა – ნათელა ანთაძემ, ნანა ღამბაშიძემ, რუსიკო ორჯონიკიძე-ჩხიკვაძემ, ლევან მაღლაკელიძემ და კოტე კელენჯერიძემ მოახდინეს.

წარჩინებულ სტუდენტს მეორე კურსიდან ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის სტიპენდია დაუნიშნეს. ლექტორები ასპირანტურაში სწავლის გაგრძელებას ურჩევდნენ, მაგრამ მან, მოსწავლეების სიყვარულის გამო, სკოლა არჩია. გოგი ჯღამაძის პედაგოგიური ნათლობა ბორჯომის სომხურ სკოლაში შედგა. ქართულ ენას, როგორც უცხო ენას, ისე სწავლობდნენო, – იხსენებს გოგი მასწავლებელი. გოგი მასწავლებლის მცდელობას, მოსწავლეებს ქართული ენა კარგად შეესწავლათ, ფუჭად არ ჩაუვლია. ორი წლის შემდეგ სკოლაში ოვანეს თუმანიანის მოთხრობა „გევორქის“ მიხედვით სკოლაში სპექტაკლი ქართულ ენაზე დადგეს.

ერთხელაც, ბორჯომის სომხურ სკოლას განათლების მაშინდელი მინისტრი მარიამ ბურჭულაძე ესტუმრა. მინისტრი ქართული ენის ახალგაზრდა მასწავლებლით დაინტერესდა. გოგი ჯღამაძესთან გასაუბრების შემდეგ კი ბორჯომის განათლების განყოფილებაში ქართული ენისა და ლიტერატურის სექციის ხელმძღვანელად გადაიყვანა.

მშობლიური ხარაგაულიდან შორს ყოფნა ძალიან უჭირდა. ბორჯომში პარტიულ თანამდებობას სთვაზობდნენ, მაგრამ უარი თქვა და ხარაგაულში წამოსვლა მოითხოვა. სხვადასხვა წლებში ლაშის, კიცხისა და სარგვეშის სკოლებში მუშაობდა. ყველაზე ხანგრძლივად ხარაგაულის #2 საშუალო სკოლაში დაჰყო. ხარაგაულის განათლების განყოფილებაში მეთოდისტად მუშაობდა.

„სკოლაში სხვადასხვა ხასიათისა და განწყობის ბავშვები გხვდებიან, – ამბობს გოგი ჯღამაძე, – ამიტომ მასწავლებელი კარგი ფსიქოლოგი უნდა იყო, რომ თითოეულს ინდივიდუალურად მიუდგე. როგორ შეიძლება მოზარდს უთხრა, შენგან კაცი არ გამოვაო. თუ ბავშვი არ გიყვარს, სკოლაში არ უნდა შეხვიდე. მოსწავლე გულის კარს მაშინ გაგიღებს, თუ მის მიმართ კეთილგანწყობილი ხარ. თბილად და მეგობრულად უნდა ესაუბრო. თუმცა, სიყვარულსა და ურთიერთობაშიც ზღვარია საჭირო. თუ რამე პრობლემა აქვს, გამოსავალი მასთან ერთად უნდა მოძებნო.“

განათლების განყოფილებაში გოგი ჯღამაძეს ბავშვთა უფლებების დაცვა ევალებოდა. მილიციის ბავშვთა ოთახის მაშინდელი ხელმძღვანელის მუშაობა რომ არ მოეწონა, მილიციის უფროსს მისი გათავისუფლება მოთხოვა.

გოგი მასწავლებელი მიიჩნევს, რომ სწავლებასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია აღმზრდელობითი მუშაობა. გაკვეთილზე ნაწარმოების ახსნისას უმთავრეს ყურადღებას მის გაანალიზებას უთმობდა. აკაკი წერეთლის „გამზრდელი“ კარგად რომ გაეცნობიერებიათ, გაკვეთილზე „ლიტერატურულ სასამართლოს“ მართავდა.

„ერთხელ სარგვეშის სკოლაში გაკვეთილზე მოულოდნელად განათლების განყოფილების მეთოდისტები ლევან აბაშიძე, ნიკალა შარიქაძე და პავლე ღამბაშიძე დამესწრენ, იხსენებს გოგი მასწავლებელი, – გიორგი ლეონიძის „შინმოუსვლელო, სადა ხარ“ უნდა ამეხსნა. მოსწავლეებს მეორე მსოფლიო ომში მონაწილე საბჭოთა კავშირის ხუთი ხარაგაულელი გმირის შესახებ ვუამბე. ლევან აბაშიძე სიტყვაძუნწი იყო და განსაკუთრებული არაფერი უთქვამს. მალე ხარაგაულის რაიონულ გაზეთში გამოქვეყნდა ლევან აბაშიძის წერილი, სადაც ის საუბრობდა, რომ ძალიან უხარია, როცა სკოლაში ახალგაზრდა, ნიჭიერ და სიახლეების მოყვარულ მასწავლებლებს ხვდება. მე ასეთ მასწავლებლად მიმიჩნევდა და სარგვეშის სკოლაში ჩემს მიერ ჩატარებულ გაკვეთილზე ამბობდა, რაიონის მასშტაბით უნდა გაანალიზდესო. ძალიან ბედნიერი ვიყავი, რადგან ეს შეფასება ჩემთვის უმნიშვნელოვანესი იყო.“

გოგი მასწავლებელს დღემდე სასთუმალთან უდევს და კითხულობს შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანს“, ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებებს. ეს ბრძენკაცები ცხოვრებას გვასწავლიანო, – ამბობს. ძალიან უყვარს კონსტანტინე გამსახურდიას „დიდოსტატის მარჯვენა“ და იხსენებს, პედაგოგთა დახელოვნების ინსტიტუტში კურსებზე ყოფნისას მეგობარმა არჩილ ჭელიძემ კონსტანტინე გამსახურდიასთან რომ წაიყვანა. იმ დროს სკოლის სასწავლო პროგრამაში „დიდოსტატის მარჯვენა“ უნდა შეეტანათ და მწერალს კონსულტაციისთვის მიმართეს. მასთან შეხვედრამ გოგი მასწავლებელზე დიდი გავლენა მოახდინა. მის რჩევებს ნაწარმოების ახსნისას გაკვეთილზე მუდმივად იყენებდა.

-ადამიანი ჰუმანური და კეთილი უნდა იყო, – ამბობს გოგი მასწავლებელი, – სამართლიანობის გრძნობა აუცილებელია. სარგვეშის სკოლაში საკუთარ და-ძმებს ვასწავლიდი. ყოველთვის იმ ნიშანს ვუწერდი, რაც ეკუთვნოდათ, სხვა მოსწავლეებში როგორ გამოვარჩევდი. ჩემთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, ვინ ვისი შვილი იყო. ამიტომაც ვუყვარდი მოსწავლეებს. ძალიან მიყვარს იოსებ ნონეშვილის ლექსი – „მასწავლებელი ზოგჯერ უშვილო, მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი…“

დღეგრძელობასა და ჯანმრთელობას ვუსურვებთ მრავალი თაობის აღმზრდელ იუბილარ პედაგოგს.

ნინო კაპანაძე

ფოტოზე: ხარაგაულის განათლების განყოფილების მეთოდკაბინეტის გამგე მზია კახნიაშვილი, მეთოდისტები თამარ გაჩეჩილაძე, ცაცო შათირიშვილი და გოგი ჯღამაძე.