ხარაგაულში არასამთავრობო ორგანიზაცია „ნაბიჯი ხარაგაული“  (დამფუძნებელი რუსუდან გურგენიძე), მეშვიდე თვეა, პროექტს – „ჩვენ აქ ვართ“ ახორციელებს.

პროექტის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა საჭიროებების კვლევა და საზოგადოებაში მათი სოციალიზაცია. პროექტის ფარგლებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მშობლებს ასოციაცია „დეას“ აღმასრულებელი დირექტორი, ექსპერტი მადონა ხარებავა და ფსიქოლოგი რუსუდან ბოჭორიშვილი შეხვდნენ. ყოველთვიურად გამოიცემა გაზეთ „ჩემი იმერეთის“ ჩანართი „ჩვენ აქ ვართ“.

გაგაცნობთ ვერტყვიჭალაში მცხოვრები ბლიაძეების ოჯახის ერთ ჩვეულებრივ დღეს, რომლის შესახებაც ოჯახის დიასახლისმა ქალბატონმა ნაზი ნოზაძემ გვიამბო და გაზეთ „ჩემი იმერეთის“ ჩანართში „ჩვენ აქ ვართ“ გამოქვეყნდა.

…დღე ნაზი ნოზაძისა და გიორგი ბლიაძესთვის დილის 6 საათზე იწყება. ცოლ-ქმარი თავდაპირველად წვრილფეხის მოვლას იწყებს. რვა საათის შემდეგ ნინო და იაკობი იღვიძებენ. ნინო საკუთარ თავს თავად უვლის. იაკობს კი ოჯახის წევრების დახმარება სჭირდება. საწოლიდან ეტლში მშობლებს გადმოჰყავთ. იაკობი სახლის მეორე სართულიდან პირველ სართულზე სპეციალურად მისთვის მოწყობილი ლიფტით ჩადის. მაგიდაზე საუზმე მზადაა. იაკობს განსაკუთრებით ყავა უყვარს. დილით უნალექო ყავს მიირთმევს, შუადღისას – ნალექიანს. საუზმის შემდეგ თავის ოთახში შედის და კომპიუტერს მიუჯდება. იმის მიუხედავად, რომ წერა-კითხვა არ იცის, სოციალური ქსელითაც სარგებლობს და კომპიუტერული თამაშებითაც კარგად ერთობა.

შუადღის შემდეგ იაკობს მეზობელი გოგო-ბიჭები აკითხავენ. ინტერნეტში მოსწავლეებს ინფორმაციის მოძიება სჭირდებათ. იაკობი მათ კომპიუტერს სიამოვნებით უთმობს. თან სოფელ-ქვეყანაზე მომხდარი ახალი ამბებით ინტერესდება. ძალიან კომუნიკაბელურია. მათ სახლში სტუმარი და მიმსვლელ-მომსვლელი არ ილევა. იაკობი და ნინო ყველას ძალან უყვარს. ისინიც გარშემომყოფების მიმართ დიდ სითბოს გამოხატავენ.

იაკობს ყველაზე ძალიან სწყინს, როცა დედამისი სახლიდან საქმის გასაკეთებლად გარეთ გადის. თუ ცოტა შეაგვიანდა, მაშინვე ტელეფონზე ურეკავს და მისვლას სთხოვს. შეიძლება არც არაფერი სჭირდებოდეს, რადგან მამა და დაიკო ნინო იაკობს არაფერს აკლებენ, მაგრამ იაკობისთვის დედა მაინც ყველაზე დიდი იმედია.

27 წლის წინ შვიდთვიანი დაიბადა. მალევე იაკობს ექიმებმა ცერებრალური დამბლის დიაგნოზი დაუსვეს. სანამ ოჯახს შეეძლო, მასაჟებზე ქუთაისსა და თბილისში დაჰყავდათ. ორჯერ ოპერაცია გაუკეთეს, მაგრამ უშედეგოდ. იაკობს სკოლაში სისტემატურად არ უვლია, რადგან ეტლი არ ჰქონდა. ახლა ძალიან მონდომებულია, რომ წერა-კითხვა ისწავლოს და ინტერნეტში ინფორმაციებს გაეცნოს.

სანამ იაკობი კომპიუტერთან ერთობა, მისი მშობლები საქმიანობენ. სოფლად საქმეს რა გამოლევს, განსაკუთრებით – შემოდგომაზე. მათი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი 300 ლარი – და-ძმისა და მათი მამის პენსიაა. ფული მოაგროვეს და ზამთრისთვის საჭირო შეშა შეიძინეს. მამა შეშას ჩეხავს. ოჯახის დიასახლისი კარალიოკის ჩირს ამზადებს. ზამთრის პირზე ბაზარში ჩირს კარგი ფასი აქვს. თუ ბუნებამ ხელი შეუწყო, ეზოს მსხალი ბლომად ისხამს და იმასაც ყიდის. წინასაარჩევნო პერიოდია და ნაზი, როგორც აქტიური მოქალაქე, ამ პროცესში, როგორც ერთ-ერთი პარტიის აგიტატორი, ჩართულია.

იაკობი ყველა იმ ქორწილისა და წვეულების სტუმარია, სადაც მათ ოჯახს ეპატიჟებიან. ეს მას განსაკუთრებით ახარებს. ახალგაზრდები ყურადღებას არ აკლებენ და იაკობიც თავს საზოგადოებაში ლაღად გრძნობს.

ფულადი სოციალური დახმარება ოჯახს წელიწადნახევრის წინ მოუხსნეს. დენის გადასახადი გაქვთ ბევრიო, – ასე განუმარტეს. იაკობს ბანაობა სისტემატურად სჭირდება. აბაზანა კი დენზე აქვთ მოწყობილი.

ქალბატონ ნაზის სურს, რომ ვერტყვიჭალაში დღის ცენტრი ამოქმედდეს, რომ იაკობი იქ ჩაერთოს. დღის ცენტრი თუ ხარაგაულში ამოქმედდება და ტრანსპორტი მოემსახურება, იაკობს კვირაში ორჯერ ხარაგაულში გადმოიყვანს.

იაკობის სურს, ახალი მობილური ტელეფონი ჰქონდეს. დედა მის ამ სურვილს დაბადების დღეზე, 7 ნოემბერს შეუსრულებს. უფლის იმედითა და უკეთესის მოლოდინით ცხოვრობენ ბლიაძეები.

ნინო კაპანაძე