ათი წლის წინ, 2008 წლის 4 ნოემბერს, ცხრა ქართველ ჟურნალისტთან ერთად სტაჟირებაზე ყოფნის დროს, შესაძლებლობა მომეცა, ვაშინგტონის შტატის ქალაქ სიეტლში ამერიკის პრეზიდენტის არჩევნებს ერთ-ერთ საარჩევნო უბანში გავცნობოდი.

ჩვენი სტაჟირების პროგრამის ხელმძღვანელის, კურტის კორტილიუს საარჩევნო უბანი ეკლესიაში იყო განთავსებული. მან განგვიმარტა, რომ ამერიკელთა უმრავლესობა საკუთარ არჩევანს ინტერნეტით აფიქსირებს. თავად კი საარჩევნო უბანში ხმის მიცემა იმიტომ გადაწყვიტა, რომ ჩვენთვის ამერიკაში ხმის მიცემის პროცესზე დაკვირვების შესაძლებლობა მოეცა.

ამერიკელთა საუბნო საარჩევნო კომისია პენსიონერი მოხალისეებით იყო დაკომპლექტებული. საარჩევნო მასალები და ინფორმაცია ვაშინგტონის შტატში ორ ენაზე – ინგლისურად და ჩინურად დაებეჭდათ.

2008 წლის 4 ნოემბერს ამერიკის პრეზიდენტის პოსტზე რვა კანდიდატი იყრიდა კენჭს. საარჩევნო ბიულეტენში გამოყოფილი იყო მეცხრე გრაფაც, – ამომრჩევლებს შეეძლოთ, ნებისმიერი სხვა კანდიდატი (თუნდაც საკუთარი თავი) მიეწერათ და მისთვის დაეჭირათ მხარი.

2008 წლის 4 ნოემბერს ამერიკაში, არჩევნებთან ერთად, რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე ამომრჩეველთა გამოკითხვაც ჩატარდა. მაგალითად, ბიულეტენში მოქალაქეებს ეკითხებოდნენ, უნდა დაეხმარონ თუ არა ექიმები დაავადებულ ადამიანს, რომელსაც სიცოცხლე აღარ სურს; ასევე ამომრჩევლებს უნდა გადაეწყვიტათ, ქალაქ სიეტლში საზოგადოებრივი ელექტროტრანსპორტის განვითარება სურდათ თუ ახალი გზატკეცილების მშენებლობა საკუთარი ავტომობილებით გადასაადგილებლად; ასევე ამომრჩევლებს ჰქონდათ მინდობილი შინ მყოფი ავადმყოფების მომვლელთა სერთიფიცირების საკითხი და სხვ.

განსაკუთრებით დამამახსოვრდა საარჩევნო ყუთი-სკანერი (ფოტოებზე), რომელიც თავად ითვლიდა ხმებს. იმის ნაცვლად, რომ საათობით ეთვალათ ბიულეტენები და მასზე ასახული მონაცემები, არჩევნების დღის ბოლოს საარჩევნო ყუთიდან ამობეჭდეს იმ უბნის მონაცემები. სწორედ ეს პატარა ფურცელი დაილუქა და გაიგზავნა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.

კურტის კორტილიუს, ისევე როგორც ყველა ამომრჩეველს, ვინც უკვე ხმა მისცა, საარჩევნო უბნიდან წამოსვლისას გადასცეს სამკერდე ნიშანი წარწერით „ხმა მივეცი“, – ამით საარჩევნო უბანში ჯერ მოუსვლელ თანამოქალაქეებსაც შეახსენებდნენ თავიანთ მოქალაქეობრივ ვალს.

არჩევნების დღესვე, 8 საათზე, ცნობილი გახდა, რომ ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა გახდა. ამ ამბავმა ძალიან გაახარა ჩემი ამერიკელი მასპინძლები, ბარაკ ობამას მხარდამჭერები – ჯენიფერ კოლეზარი და დეივ ჟანსენი. ჩვენ პირდაპირ ეთერში ერთად მოვუსმინეთ ახალარჩეული პრეზიდენტის გამოსვლას ჩიკაგოს ცენტრალურ პარკში შეკრებილი ამომრჩევლების წინაშე.

ლაურა გოგოლაძე

ფოტოებზე: ხმას აძლევს ამერიკაში ჩვენი სტაჟირების პროგრამის ხელმძღვანელი კურტის კორტილიუ; სიეტლის ერთ-ერთ ეკლესიაში განთავსებული საარჩევნო უბნის წინ, ქართველ კოლეგებთან ერთად.