ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციას, 2018 წლის აგვისტოდან, ლევან საბანიძე ხელმძღვანელობს. რა სიახლეებს გეგმავს, რა და როგორ უნდა გაუმჯობესდეს ეროვნულ პარკში ვიზიტორებისა და ტურისტებისთვის, – ამ საკითხებზე ახალ ხელმძღვანელს ვესაუბრეთ.

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში 2018 წლის ცხრა თვეში 53 860 ვიზიტორი იმყოფებოდა. მათგან 34 063 საქართველოს მოქალაქე, ხოლო 19 797 უცხოელი ვიზიტორია.

ტურისტები ჩვენს ეროვნულ პარკს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან სტუმრობენ. თუმცა მათ შორის ხუთი ქვეყანა – გერმანია, ისრაელი, რუსეთი, ჰოლანდია და პოლონეთი – ლიდერობს.

-ბატონო ლევან, გვიამბეთ თქვენი ბიოგრაფია. სად საქმიანობდით ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის უფროსად დანიშვნამდე?

-დავიბადე თბილისში 1981 წელს. 1996 წლამდე მესტიის რაიონის სოფელ ლახამულაში ვცხოვრობდი. ვსწავლობდი ამავე სოფლის არასრულ საშუალო სკოლაში. 1998 წელს საჩხერის N1 საშუალო სკოლა დავამთავრე. იმავე წელს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე ჩავირიცხე, რომელიც 2003 წელს დაამთავრე. 2005 წლიდან 2012 წლამდე საქართველოს პროკურატურაში სხვადასხვა პოზიციებზე ვმუშაობდი, 2012 წლიდან 2014 წლამდე – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში, შემდეგ საქართველოს ოკუპირებული ტერიიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტში. მყავს მეუღლე და ორი შვილი.

რა სიახლეებს სთავაზობს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი ტურისტებს?

-ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტურისტული შეთავაზებები საკმაოდ მრავალფეროვანია. ვიზიტორებს წელიწადის ნებისმიერ დროს შეუძლიათ ეწვიონ ეროვნულ პარკს და ულამაზესი ველური ბუნებით დატკბნენ.

რაც შეეხება სიახლეებს, დაგეგმილია ბორჯომისა და ხარაგაულის ვიზიტორთა ცენტრების რეკონსტრუქცია. ცენტრები უფრო მიმზიდველი გახდება ტურისტებისათვის. მოეწყობა საგამოფენო და საინფორმაციო სივრცეები, რომლებიც ინტერაქტიული მასალებით აღიჭურვება. დაგეგმილია ტურისტული შეთავაზებების გამრავალფეროვნება და მათი მორგება სხვადასხვა მიზნობრივ ჯგუფებზე.

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ტურისტები, უმეტესად, ბორჯომიდან შემოდიან. ამის ერთ-ერთი მიზეზი ხარაგაულიდან ეროვნული პარკისკენ მიმავალ გზაზე დაზიანებული ინფრასტრუქტურა – გზები და ხიდებია. როდის იგეგმება ხიდების რეაბილიტაცია და როგორ გეგმავთ ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ხარაგაულის მხრიდან?

-დიახ, ვიზიტორთა უმეტესობა ეროვნულ პარკს სწორედ ბორჯომიდან სტუმრობს. ამის ერთ-ერთი მიზეზი ეროვნული პარკის მიმდებარედ არსებული ტურისტული შეთავაზებებისა და ინფრასტრუქტურის განვითარებაც არის.

რაც შეეხება ხარაგაულში არსებულ ინფრასტრუქტურას, როგორც უკვე აღვნიშნე, დაგეგმილია ხარაგაულის ვიზიტორთა ცენტრის რეკონსტრუქცია, რომელიც მომავალ წელს დასრულდება. ასევე მომავალ წელს ვგეგმავთ ტურისტულ ბილიკზე არსებული ხიდების რეაბილიტაციას.

-ბატონო ლევან, გასულ წელს შემუშავდა ბორჯომხარაგაულის ეროვნული პარკის ტურიზმის განვითარების სტრატეგია, რომელიც აგროტურიზმის განვითარების ელემენტებს აერთიანებს. გვიამბეთ ამ გეგმის ძირითადი მიმართულებების შესახებ. კონკრეტულად რას შეცვლის და რას გააუმჯობესებს ეს ტურისტებისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის?

-ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტურიზმის განვითარების სტრატეგია მოიცავს არსებული ტურისტული შეთავაზებების გაუმჯობესებას და ახალი ტურისტული პროდუქტების განვითარებას, რაც თავისთავად ხელს შეუწყობს ვიზიტორთა რაოდენობის ზრდას როგორც ეროვნულ პარკში, ასევე მის მიმდებარე რეგიონში. ვიზიტორთა რაოდენობის ზრდა დადებით გავლენას იქონიებს ადგილობრივ მოსახლეობაზე. არსებობს გარკვეული მომსახურებები, რომელთა ორგანიზება სწორედ ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით ხდება. ახალი შეთავაზებები კიდევ უფრო გაზრდის ადგილობრივი მოსახლეობის როლს ეროვნული პარკის ტურიზმის განვითარებაში.

-სამართალდარღვევის რამდენი ფაქტი დაფიქსირდა ეროვნულ პარკში 2018 წლის ცხრა თვეში. კონკრეტულად რას ეხებოდა ეს სამართალდარღვევები?

-2018 წლის 9 თვის განმავლობაში 67 სამართალდარღვევის ფაქტი გამოვლინდა. აქედან 53 ფაქტი იყო ხე-ტყის უკანონო ჭრა, 5 – იარაღით გადაადგილება, 6 – ნადირობის წესების დარღვევა, 2 – თევზსაჭერი საშუალებით გადაადგილება და 1 – დაცული ტერიტორიის რეჟიმის დარღვევა.

-თებერვალში ორგანიზაცია „Nacres“, კავკასიის ბუნების ფონდის დაფინანსებით, ეროვნული პარკის ალპურ ზონაში განთავსებული საძოვრების მდგომარეობას სწავლობდა. რა პრობლემები გამოიკვეთა ამ საძოვრების შესწავლისას და როგორ უნდა დაიძლიოს ისინი?

-ეროვნულ პარკში არსებული ალპური საძოვრების მდგომარეობის შესწავლის პირველი ეტაპი, ძირითადად, სტატისტიკური მონაცემების შეგროვებას მოიცავდა. უკვე დაიწყო საძოვრების შესწავლის მეორე ეტაპი, რომელიც უფრო კონკრეტულ შედეგებზე იქნება ორიენტირებული. საველე სამუშაოების დასრულების შემდეგ განსახორციელებელი  ღონისძიებები დაიგეგმება. კონკრეტულ შედეგებს მოგვიანებით გაცნობებთ.

ნინო კაპანაძე