ა/ო „ნაბიჯი ხარაგაულის“ (თავმჯდომარე რუსუდან გურგენიძე) პროექტის „ჩვენ აქ ვართ“ ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ფსიქოლოგი რუსუდან ბოჭორიშვილი მშობლებს ბავშვთა აღზრდის ზოგიერთ ფსიქოლოგიურ ასპექტზე ესაუბრა.

ბავშვი მშობლის არასწორ ქმედებებს პირდაპირ ირეკლავს. შვილი მშობლის სარკეა. თუ ბავშვი ისე არ იქცევა, როგორც საჭიროა, იმაზე უნდა დავფიქრდე, რომ მე – მშობელმა რა გავაკეთე, რა ვუთხარი, რა ჩავიდინე ისეთი, რითაც შვილის ასეთი ქცევა გამოვიწვიე. საკუთარი ქცევის კორექტირება ბავშვის მოქმედებას ავტომატურად ცვლის.

13 ან 15 წლის ასაკის მოზარდის პრობლემათა მიზეზებს ადრეულ ბავშვობაში ვეძებთ, – რა ხდებოდა, რა ტიპის ურთიერთობა ჰქონდა პატარა ასაკში მშობლებთან, რამდენად დაცულად გრძნობდა თავს. თუ ოჯახში დისციპლინა არ გვაქვს, ბავშვი მოწოდების სიმაღლეზე არ იქნება.

დისციპლინა არაა, თუ ერთი და იგივე ქცევისთვის ზოგჯერ ვსჯი, ზოგჯერ – არ ვსჯი; ეზოში ზოგჯერ ვუშვებ, ზოგჯერ – არ ვუშვებ. ბავშვმა უნდა იცოდეს, რა ელიან მისგან. ეს მოლოდინი განსაზღვრული უნდა იყოს და ყოველთვის ერთი და იმავეს უნდა ვითხოვდეთ. დღეს მოვითხოვო, რომ ადრე დაიძინოს და ხვალ აღარ მოვითხოვო, შვილის აღზრდაში კარგ შედეგს ვერ მოგვცემს.

ძალიან მარტივად ეგუება ბავშვი მოთხოვნათა ჩარჩოს, ჩვენ თუ წინასწარ ვუთანხმებთ. თუმცა, ეს უნდა იყოს არა ძალადობრივად თავზე მოხვეული, არამედ წინასწარ შეთანხმებული და სათანადოდ ახსნილი.

ზოგადად, ქართველები იშვიათად ვართ გულგრილები, მაგრამ როცა ძალიან გადაღლილი ხარ, შეიძლება არ გქონდეს შვილის მოსმენის, მისი შთაბეჭდილებების გაზიარების, მასთან დალაპარაკების თავი. თუკი ბავშვს ეუბნები, – მოიცა რა,.. დავიღალე, – ეს მასთან ურთიერთობაში დამღუპველია… ურთიერთობის ძვირფასი წუთები გადის… როდემდე გაგვიგებს ჩვენი შვილი.

რა ჯობია, – მოვაკლო ის ორი ლუკმა, რომლის საშოვნელადაც მთელი დღეები ვმუშაობ და მეტი სითბო მივცე თუ პირიქით?… ხანდახან გვიწევს არჩევანის გაკეთება – ბავშვთან გატარებული დრო თუ სამსახური. თავს იმით ვიმართლებთ, – ხომ უნდა ვაჭამო ამ ბავშვს. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ, შესაძლოა, ეს „ჭამა“ აღარ გამომადგეს იმიტომ, რომ ჩემი ხელიდან წავიდეს. შვილთან ურთიერთობაში ბალანსის დარღვევა არაფრით არ შეიძლება. ჯობია, ცოტა მშიერი იყოს და სიყვარულით კარგი ადამიანი გაიზარდოს, ვიდრე კარგად გამძღარი და ცუდი. ამის ბევრი მაგალითი გვაქვს.

შიმშილი არ არის იმხელა პრობლემა, რამდენიც უსიყვარულობა. ცუდია, სიყვარულის გაცემის თავი რომ აღარ აქვს მშობელს. რამდენი ცნობილი, წარმატებული და გამოჩენილი ადამიანი გაზრდილა უკიდურეს სიღარიბეში იმიტომ, რომ მშობლისგან სიყვარული და მიღწევის ძლიერი მოტივაცია ჰქონდა. ხშირად ჩვენს შვილებს რაღაცის გაკეთების მოტივაცია აღარ აქვთ იმიტომ, რომ ჩვენ ვუკმაყოფილებთ ბაზისურ (ფიზიოლოგიურ) მოთხოვნილებებს. ამაზე მეტი არც ჩვენ შეგვიძლია. ჩვენი სახელმწიფო და ყოფა არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ თვალსაწიერი გავუზარდოთ, ბევრი რამ ვაჩვენოთ.

ნახეთ, რა ხდება? – მე ვაძლევ საკვებსა და სითბოს. ამიტომ მოთხოვნილება – მიღწევის ტენდენცია – აღარ აქვს, რომ ეს მაინც მოიპოვოს. ძირითადი პირველადი მოთხოვნილებები დაკმაყოფილებული აქვს, „ორი ლუკმით“ კმაყოფილია და ამიტომ აღარ უნდა განვითარება. აღარც წინ წასვლა უნდა – არ იცის, წინ რა არის, – ვერ ვანახეთ. ამგვარად, ჩვენ, შესაძლოა, შვილს დათვური სამსახური გავუწიოთ. ნამდვილად ჯობია, ცოტა მშიერი იყოს, რომ საკვების მოპოვება მაინც მოუნდეს, იმუშაოს და პურის ფული იშოვოს, გარკვეული მიღწევის ტენდენცია ჰქონდეს.

მიღწევის ტენდენცია მით მეტი გაქვს, რაც უფრო მეტი რამ გაკლია. მდიდრებს ღარიბებზე გაცილებით მეტი პრობლემა აქვთ. იშვიათია მდიდარი ბედნიერი ოჯახი. ოთხი და ხუთი შვილი რომ ჰყავს, ბავშვები იატაკზე წვანან და სათამაშო არ აქვთ, იმ ოჯახში ბედნიერები არიან. ეს უნდა დავაფასოთ და ურთიერთობები არ უნდა დავკარგოთ. არ უნდა ავეწყოთ სოციუმიდან შემოთავაზებას, რომ სახლში აუცილებლად ყველაფერი უნდა გქონდეს.

ბავშვის განვითარებას ძალიან უშლის ხელს მშობლის არაადექვატური მოლოდინები. ყველას გვინდა, რომ ჩვენი შვილი გენიოსი იყოს. ამ იმედით იბადება, რომ გენიოსი მეყოლება. ასეთი მოლოდინი რომ გვაქვს, ერთ დღესაც ბავშვი ხელს ჩაიქნევს; მიხვდება, რომ მშობლის მოლოდინი ვერ გაამართლა. ეს ადრეულ ასაკში ხდება და მერე მთელი ცხოვრება ხელჩაქნეული მიდის.

მოლოდინი აუცილებელია, მაგრამ ჯერ ჩვენი შვილი უნდა შევისწავლოთ, რა პოტენციალი გააჩნია. რაც შეუძლია, ზუსტად ის მოლოდინი უნდა შევიქმნათ და არა ის, რაც მე მინდა.

ხშირად მშობლები ვხედავთ არა ბავშვს, არამედ ჩვენს სურვილებსა და ემოციებს. ილუზიებს ვიქმნით და მერე სასურველს რომ ვერ ვიღებთ, ჩვენც იმედგაცრულებულები ვართ და ბავშვსაც თვითშეფასება საშინლად უქვეითდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შვილი მივიღოთ ისეთი, იმ უნარებითა და შესაძლებლობებით, რაც გააჩნია. ასეთ შემთხვევაში ბავშვი უფრო მეტად რეალიზებას შეძლებს, ისიც ბედნიერი იქნება და მშობელიც.

ბავშვის განვითარებისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს უსაფრთხო მიჯაჭვულობას – ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, რომელიც 6 თვიდან 1,5 წლამდე პერიოდში ვლინდება. რამდენად ჯანსაღად ჩამოყალიბდება მიჯაჭვულობა, ამაზეა შემდგომში დამოკიდებული ბავშვის ემოციური და ფსიქოლოგიური განვითარება.

მიჯაჭვულობა არის შვილისა და მშობლის ემოციური და ქცევითი კავშირი, რომელიც დროთა განმავლობაში ვითარდება განსაკუთრებით იმ კონტექსტში, როდესაც ჩვილი გამოხატავს ყურადღების, კომფორტის, დაცულობისა და ემოციური მხარდაჭერის საჭიროებას.

მიჯაჭვულობა ბავშვისა და მშობლის ორმხრივი ურთიერთობაა. მშობელის აქვს უნარი, რომ აღიქვას, გააანალიზოს და სწორად მოახდინოს რეაგირება ბავშვის საჭიროებებზე.

ზოგჯერ ჩვენ ჩვილს ყურადღებას კი ვაქცევთ, მაგრამ შესაძლოა, ბავშვს სულ სხვა საჭიროება ჰქონდეს. ხშირად ჩვენ ბავშვის ტემპერამენტს სწორად არ ვუსმენთ. ძალიან მნიშვნელოვანია, დავუკვირდეთ, როგორი ხმა, როგორი ტემპი სიამოვნებს ჩვილს, რამდენად აქტიური უნდა იყოს შენი ყურადღება. ამას ჩვენ საკუთარი ტემპერამენტის კარნახით ვაკეთებთ ხოლმე და ამ დროს, შესაძლოა, ბავშვის ტემპერამენტს ავცდეთ იმიტომ, რომ ის განსხვავებული ტემპერამენტის იყოს. გამოდის, რომ ვერ ვუკმაყოფილებთ უსაფრთხო მიჯაჭვულობას. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის მოსმენა ჩვილობიდან; „მოსმენა“ ყურით კი არა, რას მეუბნება – თავად სხეულით, – დედის ინსტინქტი რაც არის.

რა არ არის მიჯაჭვულობა?

  • ეთამაშო, ან გაართო ბავშვი – ეს არ არის მიჯაჭვულობა. ეს არის მშობლის, როგორც თამაშის პარტნიორის, როლი. ბავშვი და მშობელი აუცილებლად ერთად უნდა თამაშობდნენ. დრო რომ არ გვაქვს, ვიცით, მაგრამ თუ გვინდა, რომ ჯანსაღი ბავშვები გვყავდეს, ეს აუცილებელია.

ახლა უკვე დიდები არიან? მასთან ერთად კომპიუტერი ვითამაშოთ. მეც რომ დავინტერესდები, უფრო მარტივად გამოვიყვან კომპიუტერთან ხანგრძლივად თამაშიდან. შენ რომ შვილს ბოლომდე გაუგებ, მერე თავადაც გაგიგებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

  • კარგად კვებო, – ეს არ არის მიჯაჭვულობა. ეს არის მშობლის, როგორც მომვლელის, როლი. ხშირად მშობელს მხოლოდ მომვლელის როლი აქვს და ეს ყველაზე ცუდია.
  • დაუწესო წესები და ჩარჩოები – არც ეს არის მიჯაჭვულობა. ეს არის მშობლის, როგორც აღმზრდელის, როლი. დისციპლინის გარეშე ვერავითარ შემთხვევაში ვერ გავზრდით ბავშვს. ჩვენი, როგორც აღმზრდელის, მოვალეობაა, ბავშვთან დისციპლინა გვქონდეს და არა – გავატაროთ სადამსჯელო ღონისძიებები.
  • ასწავლო ბავშვს ახალი უნარები – არც ეს არის მიჯაჭვულობა. ეს არის მშობლის, როგორც მასწავლებლის, როლი.

მშობლობა ყველაზე რთული სამსახურია ამქვეყანაზე.

მიჯაჭვულობა არის, როდესაც ბავშვი იყენებს მშობელს, აღმზრდელს, როგორც დაცულ ბაზისს, დაცულ ადგილს, საიდანაც მას შეუძლია იკვლიოს, როცა საჭიროა – დაბრუნდეს, როგორც უსაფრთხო თავშესაფარში და როგორც კომფორტის წყაროში.

ბავშვს ჩვენ უნდა შევუქმნათ ემოციური კომფორტი და დაცულობის განცდა. დედაა ძირითადი მიჯაჭვულობის ობიექტი. დედასთან დამშვიდდება, წავა, ისევ რაღაცას მოიკვლევს და მერე უკან დაბრუნდება. ეს პროცესი მომავალში მთლიანად განაპირობებს ფსიქიკურ ჯანმრთელობას.

ლაურა გოგოლაძე