ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური მიმართულების – აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში, ზესტაფონში, რესტორან „იმერეთში,“ 4 ოქტომბერს კონფერენცია გაიმართა.
„ევროპული ინტეგრაცია და რთული რეფორმები: რატომ არის ეს აუცილებელი“ – ამ თემაზე ესტონელმა სტუმრებმა გამოცდილება თვითმმართველობის წარმომადგენლებს, მასწავლებლებს, ადგილობრივ მეწარმეებსა და ჟურნალისტებს გაგვიზიარეს.
კონფერენციაში ესტონეთის ელჩი საქართველოში კაი კაარელსონი და აღმოსავლეთ პარტნიორობის ესტონეთის ცენტრის დირექტორი იან რეინჰოლდი მონაწილეობდნენ.
რა სიკეთეები მოუტანა ევროკავშირმა ესტონეთს – ამ თემაზე ესტონეთის თვითმმართველობის, განათლების, ბიზნესისა და მედიის ექსპერტები გვესაუბრენ.
ესტონეთმა ევროკავშირისგან მიიღო ის, რომ დღეს ესტონეთში
რატომ არის უკეთესი ევროკავშირში?
მეწარმე ჯენ კელდერი პასუხობს, რომ ხელისუფლებამ ყველა რეფორმა დროულად და ეფექტურად განახორციელა. ძალიან მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, რომელსაც ბოლო 30 წელია, ყველა ბიზნესმენი და მეწარმე ენდობა. ქვეყანაში არ ჰყავთ პოლიტიკაში ჩართული ოლიგარქები, რაც ქვეყნის მიმართ საერთაშორისო თანამეგობრობის ნდობას ზრდის.
ესტონეთში საბავშვო ბაღები და სკოლები ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტიდან ფინანსდება. დამამთავრებელ კლასში მოსწავლეები იმ საგნებს სწავლობენ, რაც მათ მომავალი პროფესიის არჩევისას გამოადგებათ.
განათლების ყოფილი მინისტრის, ტარტუს პროფესიული სწავლების ცენტრის ხელმძღვანელის, ტინის ლუკასის ინფორმაციით, რეგიონებში განათლების სისტემის გასაძლიერებლად წლიდან წლამდე ესტონეთში სულ უფრო მეტი თანხა იხარჯება.
რაც შეეხება ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარებას, 1992 წლიდან ესტონეთმა ეკონომიკაში მკაცრი რეფორმები გაატარა. „შოკური თერაპია“ დანერგა და ამ პროცესმა გაამართლა. დაიწყო ფასების ლიბერალიზაცია.
„დამოუკიდებელ ესტონეთს ახალგაზრდა მთავრობა ჰყავდა, – იხსენებს მეწარმე ჯენ კელდერი, – მინისტრების ასაკი 30 წელს არ აღემატებოდა. ახლა ისინი ამბობენ, ვრისკავდით და გვიმართლებდაო. ნელ-ნელა მოვიპოვეთ უცხოელი ინვესტორების ნდობა. 2021 წლისთვის მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 75%-ს მიაღწევს. არც ერთი ბიზნესი არ არის ორიენტირებული რუსულ ბაზარზე. მაგალითად, ავეჯის მწარმოებელი პრიტი თამის პროდუქცია ევროკავშირის წევრ 26 ქვეყანაში იყიდება.“
„ესტონელმა ჟურნალისტებმა ცოტა „მოიწყინეს“, რადგან, შემცირდა კრიმინალი და კორუფცია.
როცა სახელმწიფოს მშენებლობა დავიწყეთ, ქუჩაში კრიმინალური დაჯგუფებები დათარეშობდნენ, – ამბობს ჟურნალისტი რასმუს კაგე, – სამოქალაქო აქტივობითა და სწორი რეფორმებით მივაღწიეთ იმას, რომ 2017 წელს ესტონეთში მკვლელობის 33 ფაქტი დაფიქსირდა. ათი წელია, მედიას კრიმინალურ თემაზე მომუშავე ჟურნალისტი აღარ ჰყავს. პოლიციისადმი ნდობა 86%-ია.“
ამის მიუხედავად, მედია მუდამ ფხიზლადაა. დამოუკიდებელი ადგილობრივი გაზეთები ესტონეთში ძალიან პოპულარულია.
„ჩვენ აქ არ ვართ იმისთვის, რომ რაიმე გასწავლოთ ან მიგითითოთ. ჩვენი სურვილია, გამოცდილება გაგიზიაროთ, – აღნიშნა ზესტაფონში გამართულ შეხვედრაზე ესტონეთის ელჩმა საქართველოში კაი კაარელსონმა, – ესტონეთი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მხარდამჭერია.
ძალიან მნიშვნელოვანია, თუ რას აკეთებს საქართველოს მთავრობა ამ გზაზე. ამ მიმართულებით დადებითი შედეგები ჩანს. თუმცა რაზეც ჩვენ დღეს ვსაუბრობთ, არის ის, რაც ინდივიდუალურად ადამიანებმა უნდა გააკეთონ. ახალი ბიზნესისა და სამეწარმეო იდეების გასავითარებლად მათ საკუთარი თავის უფრო მეტად უნდა სჯეროდეთ. არ დაელოდონ იმას, თუ როდის გახდება საქართველო ევროკავშირის წევრი. სამოქალაქო ურთიერთობების დონეზე უფრო მეტად აქტიურები უნდა იყვნენ. ეს არის ძირითადი მესიჯი, რაც გვინდოდა თქვენთვის გვეთქვა.“
აღმოსავლეთ პარტნიორობის ესტონეთის ცენტრის დირექტორი იან რეინჰოლდი მიიჩნევს, რომ ქვეყნის ცხოვრების მაღალ ხარისხს განსაზღვრავს ის, თუ როგორ ცხოვრობს მოსახლეობა რეგიონებში. ამიტომ მისთვის, როგორც დიპლომატისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი იყო რეგიონში მცხოვრებ მოქალაქეებთან შეხვედრა.
„დიპლომატი, რომელიც სხვა ქვეყანაში მუშაობს, თუ არ გამოვა დედაქალაქიდან, საქმეს კეთილსინდისიერად და შედეგიანად ვერ გააკეთებს, – ამბობს იან რეინჰოლდი, – მოხიბლული ვარ ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის ოპტიმიზმითა და კეთილგანწყობით. ვფიქრობ, რომ მეტი ინფორმაცია გჭირდებათ იმაზე, თუ რა გზა გავიარეთ ესტონელებმა ევროკავშირში გაწევრიანებამდე. გასული საუკუნის 90-იან წლებში და არც ევროკავშირში მიღებისას ჩვენთან ყველაფერი იდეალურად არ იყო. საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ დანარჩენ ხუთ ქვეყანას ევროკავშირის წევრობის დიდი შანსი აქვს. აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკა არის რეფორმების პოლიტიკა. ეს რეფორმები ბოლომდე უნდა მიიყვანოთ, „საშინაო დავალება“ უნდა შეასრულოთ. მაშინ ფანჯარა ევროკავშირში წევრობისთვის თქვენთვისაც გაიღება.“
აღმოსავლეთ პარტნიორობა არის ინიციატივა, რომელიც ქმნის ჩარჩოს ევროკავშირის ურთიერთობებისთვის სომხეთთან, აზერბაიჯანთან, ბელორუსთან, საქართველოსთან, მოლდოვასა და უკრაინასთან.
ლაურა გოგოლაძე
ნინო კაპანაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი