ყოველწლიურად, საქართველოში დაახლოებით 900 000 ტონა მუნიციპალური ნარჩენი წარმოიქმნება, რომელიც 1000-მდე სახიფათო და არასახიფათო ნივთიერებას შეიცავს.

ნარჩენების ეფექტურად მართვისთვის ევროპაში დანერგილია მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება, რაც გულისხმობს პროდუქციის მწარმოებლის/იმპორტიორის მიერ პასუხისმგებლობის აღებას ადამიანისა და ჯანმრთელობისათვის სახიფათო სპეციფიკური ნარჩენების შეგროვებასა და დამუშავებაზე.

საქართველოში, „ნარჩენების მართვის კოდექსის“ თანახმად, სპეციფიკური ნარჩენებისთვის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება ძალაში 2019 წლის დეკემბრიდან უნდა შევიდეს. სპეციფიკურ ნარჩენებს განეკუთვნება: შეფუთვის ნარჩენები (პლასტმასი, ქაღალდი, მუყაო, ხე, ლითონი, მინა), ნარჩენი ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობები, ხმარებიდან ამოღებული საბურავები, ხმარებიდან ამოღებული სატრანსპორტო საშუალებები, გამოყენებული ზეთები, გამოყენებული ბატარეები და აკუმულატორები.

„მსოფლიოში ქვეყნების უმრავლესობისთვის ნარჩენების მართვა მზარდ გამოწვევას წარმოადგენს. თუ რა გზით ხდება ამ საკითხის მოგვარება, მოქმედებს როგორც მოქალაქეთა ჯანმრთელობაზე, ასევე მათ გარშემო არსებულ გარემოზე, – განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა 9 ოქტომბერს თბილისში გამართულ შეხვედრაზე, – დღესდღეობით ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობაში ნარჩენების 10%-ზე ნაკლები ნაგავსაყრელებზე ხვდება. ამასთანავე სახიფათო ნარჩენები მიზანმიმართულადაა განსაზღვრული, შეგროვებული და სათანადოდ დამუშავებული. მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების კონცეფცია ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია, რაც ამის გაკეთებას საქართველოშიც შესაძლებელს გახდის. ევროკავშირი ეხმარება საქართველოში გარემოს დაცვით ღონისძიებებში“.

აღნიშნული შეხვედრა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით და ევროკავშირის, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით გაიმართა.

შეხვედრას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების, კერძო სექტორის, სავაჭრო პალატების, ბიზნეს ასოციაციებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების 200-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა.

ღონისძიება მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო მოთხოვნების განხილვისა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაცნობას მიეძღვნა.

შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნოდარ კერესელიძემ, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა, შვედეთის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა მოლი ლიენმა, და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დემოკრატიული მმართველობის მიმართულების ხელმძღვანელმა გიგი ბრეგაძემ.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში არსებული მდგომარეობა სპეციფიკური ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა. საერთაშორისო და ადგილობრივმა ექსპერტებმა წარმოადგინეს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების საქართველოსთვის მისაღები ვარიანტები, მათ შორის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების პოტენციური სქემები ელექტრონული ნარჩენებისა და შეფუთვის ნარჩენებისთვის; ასევე სხვა სპეციფიკური ნარჩენებთან დაკავშირებული თემატური კვლევები.

ამ შეხვედრით ოფიციალურად დაიწყო საკონსულტაციო პროცესი მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებასთან დაკავშირებული სამართლებრივი დოკუმენტების პროექტებზე.

მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება საქართველოსთვის ახალ კონცეფციას წარმოადგენს და მის დასანერგად აუცილებელია შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო და საზოგადოებისა და კერძო სექტორის ცნობიერების სათანადო დონე.

ამ მიმართულებით, საქართველოში 2017 წლიდან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით და ევროკავშირის, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება რამდენიმე პროექტი.

მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება, რომელიც პირველად შვედეთში თომას ლინდკვისტის მიერ შვედეთის გარემოს დაცვის სამინისტროსთვის წარდგენილ 1990 წლის ანგარიშში იქნა წარმოდგენილი, ხელს უწყობს:

  • ნარჩენების სეპარირებულ შეგროვებასა და რესურსად გამოყენებას;
  • ნარჩენების ხელახალი გამოყენების, რეციკლირებისა და აღდგენის სხვა ფორმების დანერგვას
  • ნაგავსაყრელებზე განთავსებული ნარჩენების რაოდენობის შემცირებას;
  • სახიფათო ნივთიერებების უსაფრთხო დამუშავებას;
  • რესურსებისა და ღირებული მეორადი ნედლეულის გამოყენებას;
  • სხვადასხვა პროდუქციის სასიცოცხლო ციკლში ჩართული ყველა ოპერატორის (მწარმოებელი, იმპორტიორი, დისტრიბუტორი, მომხმარებელი, შემგროვებელი, დამშლელი, რეციკლირების განმახორციელებელი და ექსპორტიორი) საქმიანობის გარემოსდაცვითი მაჩვენებლების გაუმჯობესებას;
  • პროდუქციის უკეთესი დიზაინის შექმნას;
  • ახალი საწარმოებისა და სამუშაო ადგილების შექმნას, და რაც მთავარია,
  • ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირებას.