მეორე დღეა, საქართველოში მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევა (MICS) დაიწყო.

კვლევა 20 დეკემბრის ჩათვლით სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ გაეროს ბავშვთა ფონდის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და სხვა დონორი ორგანიზაციების ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდება.

მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევა (MICS) შინამეურნეობათა ერთ-ერთი უდიდესი კვლევაა, რომლის მიზანია საქართველოში ოჯახების, ქალებისა და ბავშვების მდგომარეობის შესახებ მნიშვნელოვანი მონაცემების შეგროვება.

კვლევა ითვალისწინებს ქვეყნის მასშტაბით 14 000-ზე მეტ ოჯახთან ინტერვიუებს, სასმელი წყლის ხარისხის დადგენას და 2-7 წლის ბავშვებში ტყვიის შემცველობაზე სისხლის  შემოწმებას.

კვლევის მიზანი და მნიშვნელობა ქუთაისში სასტუმრო „ბაგრატში“ ჟურნალისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციების მენეჯერმა მაია ქურციკიძემ, ამავე ფონდის სოციალური პოლიტიკის სპეციალისტმა თინათინ ბაუმმა, საქართველოს სტატისტიკის სამსახურის წარმომადგენელმა გიორგი მიქელაძემ, საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეგიონული მართვის დეპარტამენტის იმერეთის სამმართველოს უფროსმა გოჩა გიორგიძეგაგვაცნეს.

თინათინ ბაუმის ინფორმაციით, ეს კვლევა მოსახლეობის მდგომარეობას ბევრი მიმართულებით შეისწავლის. კვლევა მოიცავს მდგრადი განვითარების მიზნებს, რომელსაც სახელმწიფომ მომავალ ათწლეულებში უნდა მიაღწიოს.

კვლევის დროს შეგროვდება მონაცემები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა გარემოს დაცვა, ინფრასტრუქტურა, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა, განათლება, ბავშვის განვითარება, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების შესაძლებლობები, გენდერული საკითხები.

კვლევა მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ ინფორმაცია შეგროვდება სხვადასხვა კომპონენტში თითოეული რეგიონისთვის დაახასიათებელი სპეციფიკის შესახებ.

სტატისტიკის სამსახურის წარმომადგენლის, გიორგი მიქელაძის ინფორმაციით, კვლევის დროს ოჯახებში ვიზიტისას პირისპირ ინტერვიუს მეთოდი გამოიყენება. სტატისტიკის სამსახურის მიერ სააღწერო უბნები შეირჩა. ინტერვიუერი გაზომავს ბავშვის სიმაღლეს, წონას, ხოლო მედპერსონალი 2-7 წლის ასაკის ბავშვს, მშობლის თანხმობის შემთხვევაში, აუღებს ვენურ სისხლს ტყვიის შემცველობის გამოსაკვლევად. სასმელი წყლის სინჯები გაკეთდება როგორც წყლის სათავედან, ასევე სასმელი ჭურჭლიდან. სისხლის ანალიზი იტალიის წამყვან კლინიკაში შემოწმდება და პასუხი ოჯახს ინდივიდუალურად ეცნობება. ინტერვიუს პროცესი, სავარაუდოდ, საათნახევარი გაგრძელდება და ის, ძირითადად, შინამეურნეობას შეეხება. ცალკეა მამაკაცთა კითხვარი და ყოველ მეორე ოჯახში 15-49 წლის ასაკის ყველა მამაკაცი გამოიკითხება. ყველა ოჯახში გამოიკითხება 15-49 წლის ასაკის ქალბატონი.

გოჩა გიორგიძე მიიჩნევს, რომ ტყვიის შემცველობის გამოკვლევა უმნიშვნელოვანესია, რადგან ბოლო პერიოდში გვაქვს ეჭვები და რისკები ამ მიმართულებით.

საზოგადოებისა და თვითმმართველობების მხარდაჭერა ამ კვლევის პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოს ათივე რეგიონში თემის ლიდერებთან იგეგმება შეხვედრები, სოფლებში კარდაკარ სიარული, უშუალო კომუნიკაცია, რომ ოჯახები, სადაც კვლევის ჩასატარებლად ინტერვიუერები მივლენ, კეთილი განწყობით შეხვდნენ და ზუსტი ინფორმაცია მიაწოდონ.

კვლევის შედეგად შეგროვდება მონაცემები, რაც ხელს შეუწყობს მონაცემებზე დაფუძნებული პოლიტიკის დაგეგმვასა და შემუშავებას.

კვლევის საბოლოო შედეგები 2019 წლის გაზაფხულზე გამოქვეყნდება.

ნინო კაპანაძე