ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, ზვარეს საბავშვო ბაღი ფუნქციონირებას საკუთარ შენობაში გააგრძელებს.

შარშან ზვარეს საბავშვო ბაღის შენობას მეწყერმა საფრთხე შეუქმნა და ამის გამო, ერთი სასწავლო წლით, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი ნაქირავებ ბინაში მიმდინარეობდა.

რის საფუძველზე შეჰყავთ აღსაზრდელები შენობაში, მიიღო თუ არ მუნიციპალიტეტმა გეოლოგიური დასკვნა, რომ ზვარეს საბავშვო ბაღში შესვლა უსაფრთხოა, – ამ შეკითხვებით ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორს, მამუკა ჭიპაშვილს და მუნიციპალიტეტის მერს, ნიკოლოზ თოფურიძეს მივმართეთ.

-როცა საქმე ბავშვების უსაფრთხოებას ეხება, გადაწყვეტილების მიღება ადვილი არ არის, – ამბობს მამუკა ჭიპაშვილი, – თავიდან, როცა კერძო სახლი ვიქირავეთ, ვფიქრობდით, რომ 2-3 თვეში პრობლემა მოგვარდებოდა. თუმცა, მოხდა ისე, რომ მთელი ერთი სასწავლო წელი ნაქირავებ ბინაში დავყავით. იმ პირობებში საბავშვო ბაღის ფუნქციონირება შეუძლებელია. სურსათის უვნებლობის სამსახურმა არაერთხელ გაგვაფრთხილა, რადგან დაქირავებული სახლის სამზარეულო საბავშვო ბაღის სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებდა. ვფიქრობდით, რომ გეოლოგიური დასკვნა სასექტემბროდ მაინც გვექნებოდა. როგორც აღმოჩნდა, ეს დასკვნა ჯერ კიდევ არ არსებობს. თუმცა, ერთი წელი საკმაოდ დიდი დროა იმისთვის, რომ იმ ტერიტორიას დავკვირვებოდით.

საბავშვო ბაღის შენობაში გადასვლა დამოუკიდებლად არ გადამიწყვეტია. მუნიციპალიტეტის მერ ნიკოლოზ თოფურიძესთან ერთად ზვარეს საბავშვო ბაღის თანამშრომლებსა და მშობლებს შევხვდი. სიტუაცია ავუხსენით და მშობლები ჩვენს გადაწყვეტილებას სიხარულით შეხვდნენ.

ვიმედოვნებ, რომ გეოლოგიური დასკვნა ოქტომბერ-ნოემბერში მოვა. იმისიც ღრმად მწამს, რომ ზვარეში საბავშვო ბაღის შენობას საფრთხე არ დაემუქრება.

მეწყერის გამო წყლის სათავე დაიკარგა და საბავშვო ბაღი უწყლოდ დარჩა. მილები შევიძინეთ და საბავშვო ბაღს წყალი მოსახლეობიდან ხელახლა გამოვუყვანეთ. ზვარეში აღსაზრდელთა რაოდენობა, შარშანდელთან შედარებით, გაიზარდა და სწავლას 20 ბავშვი შეუდგება.

მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ თოფურიძემ გვიპასუხა, რომ მუნიციპალიტეტში წერილობითი დასკვნა არ მოსულა, მაგრამ აქვს ინფორმაცია, რომ ზვარეში საბავშვო ბაღის ამუშავება შეიძლება.

„ზვარეში ავსტრიული კომპანია მუშაობდა და გეოლოგიური დასკვნები შემუშავდა. არ მახსოვს სახელი და გვარი, ვინც დასკვნას ხელი მოაწერა. მაგ ადგილას ზვავი რომ არ მოწყდება, ამაზე სიტყვიერი შეთანხმება გვაქვს და გვითხრეს, რომ შეგვიძლია საბავშვო ბაღი ავამუშავოთ,“ – ამბობს ნიკოლოზ თოფურიძე.

ს/ს „საქართველოს რკინიგზას“ მოდერნიზაციის პროექტის ადმინისტრატორის, სოფო ხიდაშელის ინფორმაციით, ჯერჯერობით რაიმე დასკვნა ზვარეში მეწყერის თაობაზე არ არსებობს.

„მშენებელმა კომპანიამ (ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო) ზვარეში მეწყერის დასტაბილურებისთვის პროექტი მოამზადა, – ამბობს სოფო ხიდაშელი, – მეწყერის გამო საჭირო გახდა რკინიგზის მშენებლობის პროექტის კორექტირებაც. „საქართველოს რკინიგზას“ დაკვეთით, ამ პროექტებს გეოლოგიურ ექსპერტიზას ავსტრიული კომპანია „აისი კონსალტი“ უტარებს, – დასკვნას, სავარაუდოდ, სექტემბრის ბოლოს ან ოქტომბრის დასაწყისში ველოდებით. დასკვნის მიღება გახანგრძლივდა, რადგან გარკვეული პერიოდით მეწყერი იყო მოძრავი. შემდეგ ძალიან სერიოზული გეოლოგიური კვლევები ჩატარდა. მასალების შეგროვება-ანალიზის საფუძველზე საპროექტო წინადადება მომზადდა. მარტივად და მოკლე დროში ეს საკითხი ვერ გადაწყდებოდა.“

ფოტოზე: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ თოფურიძე და სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი მამუკა ჭიპაშვილი ზვარეს საბავშვო ბაღის თანამშრომლებთან შეხვედრის შემდეგ