50 წლის წინ ხარაგაულში გულწრფელი სიყვარულით ლამაზი ოჯახი შეიქმნა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის წარჩინებული სტუდენტის, 17 წლის ნათელა კამკამიძის უახლოეს გეგმებში დაოჯახება არ შედიოდა. თუმცა ათი წლით უფროსმა მიხეილ დეკანოსიძემ თავი ისე შეაყვარა, რომ მეცნიერული კარიერა დათმო. ოჯახურმა ცხოვრებამ ასე მოითხოვა და მესამე კურსიდან პედაგოგიური ინსტიტუტის დაუსწრებელ სწავლებაზე გადავიდა.

ახალდაქორწინებულებს არც სახლ-კარი ჰქონდათ და არც სხვა ქონება. ნათელა ფრიადებზე სწავლასაც ასწრებდა და მეუღლესთვის სახლის შენებაში დახმარებასაც. თანამეცხედრისგან ხშირად იმსახურებდა შეფასებას, – ცხოვრების მეგზურად შენ რომ არ შემხვედროდი, რა მეშველებოდაო.

ოჯახის ცხოვრებაში რთული დღეებიც იდგა – ჯერ ქალბატონი ნათელას ჯანმრთელობის პრობლემა გაჩნდა, შემდეგ კი – ოჯახის სიმტკიცის…

…ექიმები ოპერაციის გაკეთებაზე თავს იკავებდნენ, მაგრამ თავად დაიჟინა. უთხრეს, 5-6 წელი იცოცხლებო. ნებისყოფის სიმტკიცით, რწმენითა და სიმშვიდით ექიმებიც გააოცა და ნათესავ-მეგობრებიც.

პირველ ხანებში მუდმივად ფიქრობდა „განაჩენზე“, 5-6 წელი იცოცხლებო. შემდეგ საკუთარ თავს შთააგონა, რომ ამაზე აღარ ეფიქრა. იმ ავადმოსაგონარი დღეებიდან სამ ათეულ წელზე მეტი გავიდა.

-სიკვდილის მოლოდინზე საშინელი ოჯახის სიმტკიცის შერყევა ყოფილა, – ამბობს ქალბატონი ნათელა, – ქორწინებიდან 25 წლის განმავლობაში ერთი ხმამაღალი სიტყვაც კი არ გვითქვამს ერთმანეთისთვის. მხოლოდ პატივისცემა და სიყვარული სუფევდა ჩვენს ოჯახში. განსაცდელი მოულოდნელად დამატყდა თავს. რაც მოხდა, ყველაზე ცუდ სიზმარშიც კი ვერ წარმოვიდგენდი. ის ორი წელი, როცა მეუღლე ოჯახიდან წასული იყო, ჩემთვის ძალიან მძიმე აღმოჩნდა… ვაპატიე წარსული ბედნიერი დღეების გამო, გონება დამეხმარა პატიებაში… ქრისტიანისთვის მთავარი მიტევებაა…

ნათელა კამკამიძისა და მიხეილ დეკანოსიძის სამივე ქალიშვილი თითქმის ერთდროულად დაოჯახდა. მაშინ ხარაგაულში ხუმრობდნენ, გათხოვება თუ გინდა, ნათელას უნდა ეშვილოო.

ირმა, ლია და ქეთინო დეკანოსიძეები იხსენებენ, რომ მათ ბავშვობაში დედა სულ საქმიანობდა, ყველაფერს დიდი პასუხისმგებლობით აკეთებდა და მუდმივად უკეთესი ცხოვრებისთვის იბრძოდა. მიზანდასახულობა, შრომისმოყვარეობა, მოთმინება, სიკეთე, შვილებსა და შვილიშვილებზე თანაბრად მზრუნველობა ის თვისებებია, რაშიც შვილებს სურთ, რომ დედას მიბაძონ. საოჯახო და სამსახურის საქმეებს გაუთავებელი სტუმრიანობა ემატებოდა. შვილებს არ ახსოვთ, დედას ოდესმე ან სახლი დარჩენოდა დაულაგებელი, ან რვეულები – გასასწორებელი.

სიძეებს – პაატა გოგოლაძეს, გოჩა ჭიპაშვილსა და ზაზა ლურსმანაშვილს სიდედრზე ხუმრობისა და ანეგდოტების მოყოლა არ უყვართ. ამბობენ, რომ გაუმართლათ, ასეთი კარგი მოყვრები რომ შეხვდათ. სიძეები ამბობენ, რომ დებს შორის დიდი სიყვარული და თანადგომა მათი მშობლების დამსახურებაა. უკვირთ, როგორ ახერხებს ქალბატონი ნათელა ერთდროულად წარმატებულ პედაგოგიურ საქმიანობასა და ბიზნესის მართვას.

ნათელა კამკამიძისა და მიხეილ დეკანოსიძის მონაგარი ჩვენს საზოგადოებაში პოზიტიურ განწყობას იმსახურებს. ორივე საფიცრად ჰყავთ არა მარტო შვილებსა და შვილიშვილებს, არამედ – მთელ სანათესაოს.

შვილიშვილები – გიორგი და ლევან გოგოლაძეები, დათო და გიზო ჭიპაშვილები, თინათინ, მიხეილ და თამარ ლურსმანაშვილები მოამაგე ბებია-ბაბუის მიმართ დიდ სიყვარულსა და პატივისცემას გამოხატავენ. ბავშვობაში, ბიჭებს ბებია თუ ჯოხის აღებასაც კი უშლიდა, ბაბუა სანადიროდ დაჰყვებოდა. შვილიშვილები ბებიასა და ბაბუას სანათესაოს ბურჯებად მიიჩნევენ. ნათელა ბებიას ალალი ღიმილი ჩვენთვის დიდი ბედნიერებააო, – მითხრეს ახალგაზრდებმა.

ერთხელ ბიჭებმა, მიხო ბაბუას „შემოსარიგებლად“, კაკლის ხე შეშად მოჭრეს. რა იცოდნენ, ბაბუას მეზობელი იმ კაკლის ხეს თავს რომ ევლებოდა…

ნათელა ბებო შვილიშვილების მასწავლებელიცააა – ხარაგაულის სასულიერო გიმნაზიაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის. ბებია გაკვეთილზე შვილიშვილებს დანარჩენი მოსწავლეებისგან არასდროს გამოარჩევდა.

-ჩემი მეუღლე საუკეთესო სტუდენტად ითვლებოდა, – იხსენებს მიხო დეკანოსიძე,  უნივერსიტეტში დღეს ცნობილ მეცნიერებთან ერთად სწავლობდა და მათ ტოლს არ უდებდა. კათედრაზე ტოვებდნენ, მაგრამ მეცნიერულ კარიერას ოჯახი არჩია. პატრონი არ გვყავსო? – ჰკითხეს უნივერსიტეტში, პედაგოგიურ ინსტიტუტში დაუსწრებელზე რომ გადადიოდა. აი, ეს არის ჩემი პატრონიო, ჩემზე მიუთითა. ინსტიტუტშიც უკითხავთ, ჩვენთან რატომ გადმოდიხართო. გავთხოვდიო, – უთქვამს ნათელას.

ალბათ ძალიან კარგი მეუღლე გყავს, მისი გულისთვის უნივერსიტეტს რომ ტოვებო, – ასე შეუფასებიათ ეს ამბავი დეკანატში. ისე, თუ ქალს არ უყვარხარ, დაღუპულია შენი საქმე! მადლობა ღმერთს, რომ შვილები და შვილიშვილები კარგად გვყავს. ნათელა ძალიან ენერგიულია, სულ შრომობს. ასე მოვედით დღემდე.

ნათელაზე ბევრი კარგი რამის თქმა შეიძლება. მებრძოლი, საიმედო, ნიჭიერი, შეგნებული და კეთილი ქალია. ამიტომაც განსაცდელში ყოველთვის იმარჯვებს. ყველაფერს გულიანად და ძირფესვიანად აკეთებს, – ასე ახასიათებენ ნათელა კამკამიძეს მძახლები, ოჯახის ახლობლები.

…50 წელი უცბად გაფრინდა. ახლახან ეს თარიღი ნათელა კამკამიძემ და მიხო დეკანოსიძემ „ოქროს“ ქორწილით აღნიშნეს.

„ამ 50 წლის მანძილზე ბედნიერიც ვიყავი და უბედურიც, – ამბობს თავად ქალბატონი ნათელა, – ყველაფერ ცუდს გადაწონის ის, რომ შვილები და შვილიშვილები ჯანმრთელად მყავს. ეს არის ჩემი ბედნიერება.

ოჯახში ბავშვის ჩამოყალიბებაში უდიდესი მნიშვნელობა პირად მაგალითს აქვს. განსაკუთრებით ის მაბედნიერებს, რომ ჩემ შვილებს, სიძეებსა და შვილიშვილებს ერთმანეთი ძალიან უყვართ. ჩემი შვილები სხვისთვის ცუდს არასდროს მოისურვებენ.

მთელი ცხოვრება, პირველ რიგში, მეუღლეზე, მერე – შვილებსა და შვილიშვილებზე ვფიქრობდი. 48 წელია, პედაგოგად ვმუშაობ. დიდ ბედნიერებად ვთვლი, რომ მოსწავლეებს ყოველთვის ვუყვარდი. წლების მანძილზე ბაზალეთის სკოლაში ვასწავლიდი. მერე განათლების განყოფილებაში გადმოვედი.

ერთხელ მე და მანანა ნადირაძე ბაზალეთის სკოლაში გაგვაგზავნეს. მოსწავლეებმა ეზოში რომ დამინახეს, გაკვეთილებიდან გამოვიდნენ და შემომეგებენ. მანანამ მითხრა, ეს ყველაზე გულწრფელი სიყვარულიაო. ბავშვები საუკეთესო შემფასებლები არიან. „ნათელა მასწ.“ რომ დამიძახებენ, დიდ სითბოს აყოლებენ ამ სიტყვებს…

შვიდივე შვილიშვილი ყურადღების ცენტრში მყავს. სადაც ვხედავ, რომ გაუჭირდებათ, ვცდილობ, გვერდით დავუდგე. რაც მთავარია, უნდა ისწავლონ და იშრომონ, რომ ცხოვრებაში დასახულ მიზნებს მიაღწიონ. მე მათი „რისხვაც“ ვარ და გვერდში მდგომიც. ახლა სასიამოვნო მოლოდინში ვართ – შვილიშვილის შვილს ველოდებით.

ადამიანი, 60 წელს რომ გადააბიჯებს, განვლილ ცხოვრებას აფასებს – რა გააკეთა სწორად და რა – არასწორად. შეცდომებიც მქონდა, რაღაც შეიძლებოდა უკეთესად გამომსვლოდა, მაგრამ, რაც მთავარია, ჩემს შვილებსა და შვილიშვილებს ჩემგან განვლილი ცხოვრების გამო არასოდეს შერცხვებათ“.

ნინო კაპანაძე

ფოტოზე: ნათელა კამკამიძისა და მიხეილ დეკანოსიძის დიდი ოჯახი, არასრული შემადგენლობით