სოფელ ფარცხნალში მცხოვრებმა იზა ბუაჩიძემ თანასოფლელებთან ერთად 2009 წელს „სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში სოფელში სამკურნალო აბანოს მშენებლობა მოითხოვა.
იზა ბუაჩიძე ამბობს, რომ ფარცხნალის სამკურნალო წყლით ნიკრისის ქარები, ართროზი, რევმატიული დაავადებები, ოსტეომალაცია იკურნება. აბანოს მშენებლობაზე 2009-2013 წლებში 20 600 ლარი დაიხარჯა. შენობა დღეს უპატრონოდ მიტოვებულია.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განხორციელებული პროექტებიდან ფარცხნალის აბანო ერთადერთი არაა, რომლითაც მოსახლეობა ვერ სარგებლობს. რამდენიმე სოფელში სარიტუალო სახლები მოუწყობელია, ხოლო ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში (ხევი, წაქვა, ციცქიური, გრიგალათი) სარიტუალო სახლების მშენებლობა არც კი დასრულებულა.
ხევის, ხუნევის, ბორითის, მოლითისა და ლეღვნის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები – გელა კოპაძე, კახა ლომიძე, ხათუნა ჯობაძე, გელა მაღრაძე და სპარტაკ ლაცაბიძე ამბობენ, რომ მოსახლეობამ სარიტუალო სახლების აშენების სურვილი კრებებზე გამოთქვა და მათ ვერ შეეწინააღმდეგენ. მერის წარმომადგენლების ინფორმაციით, ბჟინევში, ვერტყვილაში, მაქათუბანში, საქასრიაში, მარელისში, დეისსა და მოლითში სარიტუალო სახლები, ფაქტობრივად, არ მუშაობს. ამის მიზეზი, მათი განმარტებით ისაა, რომ სოფელში ხალხიც აღარ დარჩა, სარიტუალო სახლში მისულ სტუმარს რომ მოემსახუროს. ამიტომ ყველას ქალაქში კეთილმოწყობილი დარბაზის ხელსაყრელ ფასად დაქირავება ურჩევნია.
მოსახლეობა მეტ-ნაკლებად სარგებლობს ხუნევის, გედსამანიის, ლეღვანის, ვახანის, უბისას, ხიდარის სარიტუალო სახლებით. სისტემატურადაა დატვირთული სარიტუალო სახლები ნებოძირში, ქვებში, ბორითსა და ღორეშაში.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტები სახელმწიფო აუდიტის ანგარიშშიც მოხვდა. აუდიტის დასკვნის თანახმად, ამ პროგრამის ფარგლებში სარიტუალო სახლების მშენებლობაზე 72.9 ათასი ლარია დახარჯული, თუმცა მოსახლეობა ამ პროექტებით ვერ სარგებლობს. ამიტომ აღნიშნული სამუშაოები ვერ აკმაყოფილებს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ მიზნობრიობას.
„ქროლში მოსახლეობამ თავშეყრის ადგილის მოწყობა მოითხოვა და დღეისთვის სრულიად უსარგებლო შენობა დაგვრჩა, – ამბობს ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი თენგიზ ჭიპაშვილი.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“ ნადაბურის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ გოლისში სასაფლაოს შემოღობვა და სტადიონის მოწყობა ვერ დასრულდა. 2015 წელს სტადიონის ტერიტორია მდინარემ დატბორა. სტადიონის სხვა ადგილზე გადატანის სურვილი აქვს მერის წარმომადგენელს ნადაბურის ადმინისტრაციულ ერთეულში ზურაბ შუბითიძეს და საამისოდ ადგილის შერჩევას მოსახლეობასთან ერთად აპირებსს.
ფარცხნალის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ისლარში ახალგაზრდების თავშეყრისთვის შენობის აშენება ვერ დასრულდა. მერის წარმომადგენელი გია ხარაძე ამბობს, რომ თანხის დიდი ნაწილი არმატურის შეძენას დასჭირდა.
„რაც შეეხება ფარცხნალის სამკურნალო აბანოს, ქვეყანაში საკურორტო ზონები კარგად ვითარდება, – ამბობს გია ხარაძე, – ფარცხნალში სამკურნალო აბანო მაღალ დონეზე უნდა მოეწყოს და მისი სამკურნალო თვისებები დოკუმენტურად დადასტურდეს, რომ მომხმარებლები დაინტერესდნენ.“
რა გეგმა აქვს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიას, რა გზებითა და რა ფინანსებით აპირებენ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დაწყებული პროექტების დასრულებას და შემდგომში მათ მართვას, – ამ შეკითხვებით მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურებს მივმართეთ.
სარიტუალო სახლების მართვის სამართლებრივ და ყველაზე გამართლებულ ფორმად მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროს ჯაბა ბერაძეს მათი იჯარით გაცემა მიაჩნია. ამჟამად ხარაგაულში იჯარით გაცემულია სარიტუალო სახლები ბორითსა და ღორეშაში. ხიდარსა და უბისაში კერძო პირებმა სარიტუალო შენობების იჯარით აღება მოინდომეს.
მთელ რიგ სოფლებში სარიტუალო სახლები და იქ არსებული ქონება მერის წარმომადგენლებმა ჩაიბარეს. ამ ეტაპზე რამდენიმე სარიტუალო სახლია დასარეგისტრირებელი.
რაც შეეხება ფარცხნალის აბანოს, ჯაბა ბერაძე თვლის, რომ საბიუჯეტო თანხები არასწორად და არაგონივრულად გაიხარჯა.
მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი თემურ თაბუკაშვილი ამბობს, რომ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დაწყებული პროექტები ისევ ამ პროგრამიდან უნდა დაფინანსეს. „თუ პროგრამა არ განახლდა, სარიტუალო სახლების მშენებლობა ვერ გაგრძელდება, – ამბობს თემურ თაბუკაშვილი, – რეგიონული განვითარების სამინისტრო მაგ მიმართულებით თანხების გახარჯვის უფლებას არ გვაძლევს, ხოლო ადილობრივ ბიუჯეტში მათ დასასრულებლად თანხები არ გვაქვს.“
საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურულ საკითხთა კომისიას ზემოთ ჩამოთვილი პრობლემების მოგვარების გზებზე, ჯერჯერობით, არ უმსჯელია, მერიისთვის არც რეკომენდაციით მიუმართავს. თუმცა, კომისიის თავმჯდომარე მალხაზ ფხალაძე ამბობს, რომ მოსახლეობის მიერ პრიორიტეტად მიჩნეული პროექტები აუცილებლად უნდა დასრულდეს ან ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, ან სხვა ფონდებიდან მოძიებული თანხებით. მალხაზ ფხალაძის ინფორმაციით, 50 ათას ლარზე ნაკლები ღირებულების პროექტს რეგიონული განვითარების ფონდი არ აფინანსებს. ამიტომ შესაძლებელია, მაგალითად, ხევში ოთხი სარიტუალო სახლის მშენებლობა ერთ პროექტად გაერთიანდეს.
საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ქეთევან ზუმბაძე „სოფლის მხარდაჭერის პროგრამას“ სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანს უწოდებს. „სოფლებში სარიტუალო დარბაზების აშენება იმ დროს აუცილებელი იყო, – ამბობს ქეთევან ზუმბაძე, – მახსოვს, მოლითის საბავშვო ბაღის შენობას ქელეხებისა და ქორწილების სუფრებისთვის რომ იყენებდნენ. სამწუხაროდ, აშენებული შენობები პასუხისმგებელ პირებს დროულად არ ჩაბარდა. ვფიქრობ, პროექტი, რომელიც მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის, უნდა დასრულდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მასზე თანხა აღარ უნდა დაიხარჯოს.
გამოდის, რომ ფარცხნალის სამკურნალო აბანოს მშენებლობაზე საბიუჯეტო თანხები წყალში ჩაიყარა. ეს შენობა შწყლის სამკურნალო თვისებების დოკუმენტალური დადასტურების გარეშე აშენდა და არც აბანოს ამოქმედებისა და მართვის სქემა იყო განსაზღვრული. თვითმმართველობა ვალდებულია, მოქალაქეებს ყველა ის საფრთხე და პრობლემა აუხსნას, რაც ასეთი ტიპის პროექტის განხორციელებას შეიძლება მოჰყვეს,“ – ამბობს ქეთევან ზუმბაძე.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2009-2016 წლებში მოქმედებდა. 2017 წლიდან პროგრამა შეწყდა. საქართველოს მთავრობამ 2018 წლის დასაწყისში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის საუბარი დაიწყო. სავარაუდოდ ამ წლის ბოლომდე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განახლებულ პროექტს შეიმუშავებს.
ნინო კაპანაძე
ფოტოებზე: ფარცხნალის უმოქმედო აბანო, დაუმთავრებელი შენობა ისლარში
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი