საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, ნახევარ მილიონზე მეტი საკუთრების უფლება დარეგისტრირდა.

შეგახსენებთ, რომ დაინტერესებულმა პირმა აზომვითი ნახაზი და განცხადება უნდა წარადგინოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში, სადაც, დარეგისტრირებისას, ყველა მომსახურება უფასოა.

უფასოდ შემდეგი სერვისებია ხელმისაწვდომი: საჯარო რეესტრის მიერ სარეგისტრაციო წარმოების პროცესში დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია, ნოტარიუსისგან გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერის დამოწმება, სანოტარო მედიაცია, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, ფაქტების კონსტატაცია, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია, დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების დაზუსტება.

კანონში შესული ცვლილების თანახმად, მიწის რეგისტრაციის რეფორმა 2019 წლის 1 იანვრამდე აგრძელდა. მიწის ნაკვეთების დასარეგისტრირებლად დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიმართონ იუსტიციის სახლებს, საჯარო რეესტრის ფილიალებსა და საზოგადოებრივ ცენტრებს.

იმ შემთხვევაში, თუ ფლობთ მიწის ნაკვეთს, მაგრამ არ გაგაჩნიათ მისი ფლობის დამადასტურებელი არანაირი დოკუმენტი და ეს დოკუმენტი ვერც არქივსა და სხვა უწყებებში ვერ მოიძებნა, უნდა მიმართოთ მუნიციპალიტეტის მერიის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების აღიარების კომისიას. ამ ეტაპზე, საკუთრების აღიარებისთვის შესაბამის კომისიაში, ქვეყნის მასშტაბით, საჯარო რეესტრიდან 25 ათასამდე განცხადებაა გაგზავნილი.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების აღიარების კომისიას ხარაგაულის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი ჯაბა ბერაძე ხელმძღვანელობს. საჯარო რეესტრიდან გაგზავნილ ყველა განცხადებას კომისია ჯერ მერიაში განიხილავს, შემდეგ კი დასარეგისტრირებელ ნაკვეთებს ადგილზე შეისწავლის.

ჯაბა ბერაძე განმარტავს:

-მიწის ნაკვეთი რომ დავარეგისტრიროთ, მასზე აუცილებლად უნდა იდგეს საცხოვრებელი ან არასაცხოვრებელი შენობა, ან მიწის ნაკვეთი უნდა მდებარეობდეს უკვე რეგისტრირებული ნაკვეთის მოსაზღვრედ. მიწის ნაკვეთი, სადაც ხის ოდა სახლებია, ვერ რეგისტრირდება, რადგან მოქმედი კანონის თანახმად, მიწის ნაკვეთზე უნდა იყოს ისეთი შენობა, რომელიც გადატანას არ ექვემდებარება. საუბარია ამ კუთხით კანონის გამარტივებაზე, რომ მოქალაქისთვის მიწის რეგისტრაციისას ხის ოდა-სახლი შემაფერხებელი გარემოება აღარ იყოს.

დასარეგისტრირებელი მიწის ნაკვეთი მოქალაქეს 2007 წლამდე უნდა ჰქონდეს დაკავებული. მიწის მფლობელმა კომისიაში უნდა წარმოადგინოს ორი მოწმის მიერ ნოტარიულად დამოწმებული ცნობა მფლობელობის შესახებ და ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ცნობა. მოქალაქეს 4-4 ლარის გადახდა მოუწევს ნოტარიუსში ორი მეზობლის თანხმობის გასაფორმებლად.

კომისია შესაბამის დოკუმენტს მომართვიდან ორ თვეში გასცემს. თუ საკუთრების უფლებისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად ორ თვეზე მეტი ვადა საჭირო, იგი უფლებამოსილია განცხადების განხილვის ვადა დამატებით გაზარდოს არა უმეტეს 6 თვისა. საჯარო რეესტრი, კომისიისგან მიღებული დოკუმენტის საფუძველზე, საკუთრების დამადასტურებელ საბუთს ოთხ დღეში არეგისტრირებს.

საჯარო რეესტრიდან კომისიაში ყოველდღიურად ოცამდე განცხადება შემოდის. ეს იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობა მიწის ნაკვეთების დარეგისტრირებით დაინტერესებულია. თუმცა, მათი უმრავლესობა ქალაქში საცხოვრებლად წასული ოჯახებია. ხარაგაულში მუდმივად მაცხოვრებლები თვლიან, რომ „მათ მიწას მაინც არავინ წაართმევს“.

მოსახლეობას მოვუწოდებ, რომ დაირეგისტრირონ მათ მფლობელობაში არსებული მიწები, რათა ერთმანეთისგან გაიმიჯნოს მიწის რომელი ნაკვეთი ეკუთვნის კონკრეტულ მოქალაქეს, რომელი მის მეზობელს და რომელი – სახელმწიფოს.

გთავაზობთ მიწის იმ ამზომველების საკონტაქტო ინფორმაციას, რომელიც ხარაგაულში საჯარო რეესტრშია ხელმისაწვდომი.

გივი დეკანოსიძე – 598 53 96 63; ავთო მესხი – 577 75 60 65; მერაბ გიორგაძე – 593 30 27 99; ამირან ხარატიშვილი – 593 36 14 57; ვანო გოლუბიანი – 577 382 300.