სასწავლო წელი დასრულდა, თუმცა მოსწავლეებთან ურთიერთობა, პროექტები, ხეტიალი და მეგობრობა გრძელდება.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაზალეთის საჯარო სკოლის „პეპი“ და მისი მეგობრები სტუმრად ჩავიდნენ საქართველოს შორეულ სოფელში, ეთნიკურად სომეხ თანატოლებთან მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოჯორნში.

სომეხ მოსწავლეებთან სამდღიანი სტუმრობის შთაბეჭდილებებს ბაზალეთის სკოლის მასწავლებელი თეა ტალახაძე გვიზიარებს:

დასაწყისი

სექტემბერში პროგრამით, „ქართული, როგორც მეორე ენა,“ ჩემი მეგობარი ლალი მარგიანი ქართული ენის მასწავლებლად წავიდა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოჯორნის საჯარო სკოლაში. სოფლის ბოლოს სომხეთის სასაზღვრო პუნქტია. ლალიმ მალევე აღმოაჩინა, რომ მარტო ქართულის გაკვეთილებზე მოსწავლეები ენას ვერ შეისწავლიან, მათ შესაბამისი გარემო, საზოგადოებაში ინტეგრაცია და განსხვავებული მიდგომები სჭირდებათ. მკითხა – ჩავიყვანდი, თუ არა მოსწავლეებს მათთან. დავწერეთ პროგრამა, დავგეგმეთ აქტივობები.

პეპის ხომ იცნობთ, გრძელიწინდას? დღესასწაულების მოსაწყობად მრგვალი თარიღი და განსაკუთრებული მიზეზი რომ არ სჭირდება. მთავარი სურვილია, სურვილი სხვისი გახარებისა, მეგობრობისა, თავგადასავლების ძიებისა, სურვილი თანატოლების დახმარებისა, რომ მათაც იგრძნონ თავი საქართველოს შვილებად. იქ გველოდნენ…

ბავშვები დილიდან ემზადებოდნენ ჩვენს დასახვედრად. ენთუზიზმითა და მონდომებით ხატავდნენ, ჭრიდნენ, რთავდნენ, ალამაზებდნენ სახლსა, თუ ეზოს. გველოდნენ მოუთმენლად. ულამაზესი ვარდების თაიგულით მოგვეგებნენ, ჩაგვეხუტნენ, გაგვეცვნენ და სახლებში გაიქცნენ. თქვენ დაისვენეთ, ჩვენ მალე მოვალთ და სხვებსაც მოვიყვანთო.

სიხარულატანილმა სუზანამ ერთ საათში მოასწრო უგემრიელესი და ულამაზესი ნამცხვრის დაცხობა. მოვიდნენ ტკბილეულით დატვირთული უტკბილესი ბავშვები. ჩვენ ჩვენი დავახვედრეთ, სუფრა ეზოში გავშალეთ.

ვიდრე შხაპუნა წვიმა წამოვიდოდა, ეზოში გავერთეთ. ხეებზე შოკოლადები ჩამოვკიდეთ, სუფრა ბროწეულის ყვავილებით გავალამაზეთ. ნამცხვრები და ლიმონათები ბევრი გვქონდა, ლალიმ ჭვიშტარ-მაჭკატები დაგვიცხო.

მთავარი გამოცდა ახლა იწყება… „ხოჯორნელი ვარსკვლავები“ პეპის მხოლოდ „ლალი მასის“ მონაყოლით იცნობენ, ჯერ არ მეგობრობენ მასთან, არც თამაშობენ. ჩვენმა დაგეგმილმა აქტივობებმა დიდი ცვლილებები განიცადა. შევეცადე, მოკლედ მომეყოლა პეპის შესახებ. მე, კესო, ლიკა ვიხსენებდით პეპის ცელქობებს, უცნაურობებს, სკოლას, მეგობრებს და ყველაზე მეტად ის მომენტი მოეწონათ, პეპის ცალი ხელით რომ შეეძლო ცხენის აწევა და გასეირნება. ჰო, ბატონი ნილსონი ყველა ბავშვის საოცნებო მაიმუნია.

შვედი პეპის გართობების, ცელქობებისა და თავგადასავლების მოსმენის შემდეგ ქართველ-სომეხმა უამრავმა პეპიმ დამალობანას თამაში გადაწყვიტა. ჩემი ბავშვობის თამაში. დახუჭობანა-დამალობანა… რამდენი წელია არავის უთამაშია ჩემ ირგვლივ, მივიწყებული გააცოცხლეს ამ საოცარმა ბავშვებმა. ეზო მხიარულად ყიჟინებდა წვიმის დაწყებამდე. დაიწყო შხაპუნა წვიმა და ახლა სახლში გადმოინაცვლეს, ახალი იდეებითა და თამაშებით. ერთმანეთს უთავსებდნენ ქართულ და სომხურ თამაშებს. ბარიერი უცხოობისა მათ შორის არ ყოფილა არც ერთი წუთით. ეს ორი სოფელი ჰარმონიულად შეერწყა ერთმანეთს, თითქოს წლებია ერთად სწავლობენ და ცხოვრობენო.

ლალიმ სკოლის დირექტორს ქალბატონ რიმა გარიბიანს აცნობა, იმერელი სტუმრები ჩამოვიდნენო და რამდენიმე წუთში ისიც სიხარულით შემოგვიერთდა. მოვიდა „რიმა მასი“ (იქ ასე მიმართავენ მასწავლებლებს) თავის თვალებბრიალა შვილიშვილებით, მოგვართვა ბევრი ხილი და ტკბილეული. ქალბატონი რიმაც ბავშვივით გამოხატავდა სიხარულს ჩვენი სტუმრობის გამო. გვითხრა, რომ ხვალ სკოლას დაგვათვალიერებინებდა და თუ რამ დაგვჭირდებოდა მისგან, ყველაფრით დაგვეხმარებოდა.

პატარა კონცერტის ჩატარებაც მოვასწარით, ლექსებით, სიმღერებით. მოსაღამოვდა. არ ეთმობოდათ ერთმანეთთან განშორება, თუმცა მეორე დღისთვის უფრო საინტერესო აქტივობები გვაქონდა დაგეგმილი.

დილით ახალი თავგადასავალი დაიწყო.

თერთმეტ საათზე სკოლაში წავედით. იქ უკვე გველოდებოდნენ ჩვენი მეგობრები. საოცარი სკოლა აქვთ ხოჯორნელებს. უზარმაზარი, სამსართულიანი შენობა, შუაში დიდი სათამაშო მოედნით, ერთი შეხედვით ხომალდს ჰგავს. დავათვალიერეთ კლუბ „წიგნიერს“ სამუშაო გარემო. ვისაუბრეთ ერთმანეთის სკოლებზე, ამბებზე, საერთო და განსხვავებულზე. ლილითმა ხელნაკეთი, თავის მიერ მოქსოვილი სამაჯურები გვაჩუქა ყველას.

სკოლის ეზოში ბავშვებმა ითამაშეს ძალიან საინტერესო და ლამაზი თამაშები. არეალი რომ არ ეყოთ დიდ მინდორში გადაინაცვლეს.

წავედით სოფლის დასათვალიერებლად. დიდი და მთაგორიანი სოფელია ხოჯორნი.

ხოჟორნი ისტორიული დასახლებული პუნქტი აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლში, მდინარე დებედის შენაკად ბანოშისწყლის ხეობაში, ახლანდელი სოფელი ხოჯორნის (მარნეულის მუნიციპალიტეტი) მახლობლად.

IVVII საუკუნეებში ქართლის სამეფოს ადმინისტრაციული ერთეულის, წოფის ხევის (წოფოფორი) ერთ-ერთი სოფელი იყო. ვარაუდით ამ დროს აქ უნდა ყოფილიყო მნიშვნელოვანი საკულტო ცენტრი (შემორჩენილია X საუკუნის ეკლესიის კედლებში ჩაშენებული ადრინდელი ქრისტიანული ხანის სტელების ბარელიეფებიანი ფრაგმენტები).

X საუკუნეში აქ ციხესიმაგრე აშენდა და მხარის ცენტრი წოფის ციხიდან ხოჟორნში გადმოიტანეს. ნასოფლარის თავზე სამხრეთით აღმართულ მაღალ კლდოვან მთაზე შემორჩენილია ხოჟორნის ციხესიმაგრის კომპლექსი („მენზილ კახი“) მცირე ეკლესიითურთ. ნასოფლარის ტერიტორიაზეა ადრინდელი შუა საუკუნეების სამი ეკლესია. მოზრდილი ჯვაროვან-გუმბათოვანი ტიპისაა (X საუკუნე), ერთ-ერთ სარკმელზე შემორჩენილია ქტიტორების გამოსახულება დაზიანებული სომხური წარწერით, სამხრეთის კარის თავზე კიდევ ერთი სომხური წარწერა. აქვეა „მარმარილოს“ ეკლესია, დარბაზული ეკლესია და სხვა ნაგებობები.

მთებში რომ ეკლესიის ნანგრევები მოჩანს, ის უკვე სომხეთის ტერიტორიაა. აქაურებს ასვლის უფლება არ აქვთ, თუმცა მშობლებს ახსოვთ, რამოდენიმე წლის წინ, როგორ ადიოდნენ ტაძარში, შესაწირიც აჰქონდათ.

ტაძრიდან გეზი მდინარისკენ ავიღეთ. აქაური წესების თანახმად, მდინარეში მხოლოდ ბიჭებს აქვთ ბანაობის უფლება. ცივ-ცივი წყალი იყო, მჩქეფარე. გოგონები მხოლოდ გასაგრილებლად ჩავიდნენ, საწუწაოდ. თუმცა უცხოები მოვიდნენ და ხუთ წუთში გავქრით იქედან.

მოვყვებით ახლადგათიბული მინდვრების კვალს. იმერეთისათვის უჩვეულო აქტივობის მხილველნი გავხდით. ტრაქტორი, ადამიანების დახმარებით, თივას პრესდა და კუბებად აწყობდა. გადავუღეთ ფოტოები, ვიდეო, ადგილობრივებს უხაროდათ და მადლობას გვიხდიდნენ. დავიშალეთ. საღამოს ხუთ საათზე ისევ ,„ვილა ხოჟორნში“ ვიკრიბებით.

სკოლიდან პროექტორი წამოვიღეთ, კედელზე ზეწარი ავაკარით და ჩვენი კინოსტუდიაც მზადაა.

დღეს ფილმი ვნახეთ „საოცრება.“ დიდებს ძალიან მოეწონათ, ინტერესით უცქერდნენ, პატარებმა ქართული არ იციან, თარჯიმანი გვყავს, თუმცა მაინც უჭირთ. ნელ-ნელა გაიპარნენ დარბაზიდან.

ფილმის შემდეგ თამაში გააქტიურდა. მშობელმა დარეკა, თქვენთვის ტორტი გამოვაცხვე და ვინმე გამომაშველეთო. გავგზავნეთ შიკრიკი. მეორე მშობელმაც მოგვაწოდა ნამცხვარი. ტორტების ფესტივალია რა.

ბავშვებთან თამაშისას პატარა ემი გამაცვნეს, კარგად ხატავსო. კონკურსებშიც მონაწილეობსო. ვთხოვე ემის მეც დავეხატე. თავიდან ძალიან შეშფოთდა, იუარა. დიდი ხართო, ვერაო. მერე კი დამთანხმდა და დამხატა. საოცარი, პატარა ემი, დაჟინებით მაკვირდებოდა და ისე ხატავდა ჩემი სახის ნაკვთებს. თვალების ფერის შესამოწმებლად მოვიდა ჩემთან, პატარა თითებით წამწამები გამახსნევინა და მწვანე თვალები გაქვსო. ვითომ? ეს არის ჩემი პირველი პორტრეტი, რომელმაც ძალიან დიდი სიხარული მომიტანა. აუცილებლად ჩავსვამ ჩარჩოში და სახსოვრად შევინახავ. ყველაზე გულწრფელი, ტკბილი, ლამაზი, პატარა მხატვრის მიერ დანახული „თეა მასი.“

ხოჯორნში სტუმრობის მეორე დღეც მიიწურა. დილისთვის დავალება მივეცი ბავშვებს, დაეწერათ შთაბეჭდილებები, ემოციები, ჩვენით გამოწვეული.

ვიდრე გათენდება… ბავშვები დღეში ორჯერ მოდიოდნენ ჩვენს ვილაში, ყველა მოსვლაზე საჩუქრები მოჰქონდათ ჩემი გოგონებისათვის, ჩემთვისაც. თავისი ხელით შეკერილი ულამაზესი ჩანთა მაჩუქა ლუსინემ. კესომ, ლიკამ და ანამ გადაწყვიტეს თვითონაც გაეკეთებინათ საჩუქრები მეგობრებისთვის. მთელი ღამე წერეს, ჭრეს, აწებეს და აწყვეს კონვერტებში სურვილები, ფიქრები, ოცნებები და პატარა აქსესუარები ლალი მასწავლებლის დახმარებით მოპოვებული. თითოეულ ბავშვს ინდივიდუალური კონვერტი შეხვდა. შიგ რა ეწერა, ან რა იდო, არ ვიცი.

ჩვენი სტუმრობის ბოლო დღეც გათენდა. გვინდა ყველაზე საინტერესო, ხალისიანი, დაუვიწყარი დღე ვაჩუქოთ ბავშვებს. დილით წვიმდა. ვშიშობდით, პირველ საათამდე რომ არ გადაიღოს? დღეს ბავშვებთან ერთად მშობლებიც მოვიდნენ, უცხო სტუმრებიც, პედაგოგები, დირექტორიც ჩვენთანაა და ძალიან ბევრნი ვართ. დღეს დიდი კონცერტი გვაქვს, ფერების ფესტივალი. საღამოს ჟურნალისტობანა უნდა ვითამაშოთ, ღამე ცეცხლოვანი ფრანები გავუშვათ. დღეს ყველაზე დატვირთული დღეა.

დილა… „ხოჯორნელი ვარსკვლავებისათვის“ იმერეთიდან ლელა ცუცქირიძის „მხიარული ოჯახი“ წამოვიღეთ საჩუქრად. ვიდრე გადავცემთ, დილის წვიმას რომ მოუხდა, ისეთი სიმღერა ჩავწერეთ და კლიპიც გადავიღეთ. აქ მთავარი განწყობაა, თორე მუსიკალურ მონაცემებში მასწი და მოსწები ერთნაირად მოვიკოჭლებთ.

მხიარული ბავშვების ჰიმნად ისევ წიგნიდან შევარჩიეთ ტექსტი და ბევრი ვივარჯიშეთ ბავშვებთან ერთად, რომ ადვილად გამოეთქვათ სიტყვები. სიმღერა იმდენად გაითავისეს და შეიყვარეს, რომ მუდმივად ღიღინებდნენ. მეკითხებოდნენ, ხომ მარტო ჩვენიაო. რა თქმა უნდა ჩვენია. იმერელი და სომეხი ბავშვების მეგობრობისაა, ყველაზე მხიარული სახლისა და მხიარული ბავშვებისაა ეს სიმღერა. ჩვენია, ჩვენი.

პირველი საათისთვის ბავშვებმა შეკრება დაიწყეს. მოიტანეს დავალება, ცრემლი მომდიოდა თითოეულ წინადადებაზე, ეპითეტებზე, რომლითაც ჩვენ მოგვიხსენიებდნენ, სიტყვებზე, რომლებიც არ არსებობდა და ჩვენთვის იგონებდნენ.

ბევრმა დაწერა, ბევრმა სიტყვით თქვა რას გრძნობდა ამ ორი დღის განმავლობაში და მესამე დღეც აქტიურ ფაზაში შევიდა. სტუმრებიც ნელ-ნელა მოვიდნენ. უკვე 40 ვართ. მე ფელამუშს ვადუღებ. ძალიან დააინტერესათ ბავშვებს რას ვაკეთებდი, მეც ავუხსენი, ჩურჩხელას ფაფას ვაკეთებ-თქო და ახლა მოხმარება შემომთავაზეს, ერთმანეთს არ აცლიდნენ მორევას. თან კითხვებს მისვამენ. თეა მას, რამდენი წლის ხარ? გაშლილი ხელით ვანიშნე, შვიდჯერ ხუთი და სამიც მიამატეთ-მეთქი. გახარებულებმა გამოთვალეს 91 წლის ხართო. რომელი მათემატიკური კომბინაცია შეასრულეს, არ ვიცი. შემდეგ ცდაზე 73-ის გამოვედი. იქნებ ვარ და არ ვიცი.

სახელდახელოდ მოვაწყვეთ სცენა კიბეებზე და კონცერტიც დაიწყო. მერე რა, რომ არ გვქონდა საჭირო ინვენტარი. მხიარულებასა და ერთად ყოფნას დინამიკი არ სჭირდება. ბავშვები მღეროდნენ, ცეკვავდნენ, ლექსებს ჰყვებოდნენ და პირობას დებდნენ, რომ უფრო მეტ ქართულ ლექსს ისწავლიან მომავალი შეხვედრისთვის. ლალი სამზარეულოშია, ხაჭაპურებს აცხობს სტუმრებისთვის.

უამრავი ტკბილეული გვაქვს, მშობლების მიერ მორთმეული. გავუმასპინძლდით ყველას და…

დაიწყო ფერების ფესტივალი. ფერადი ფხვნილებით თხუპნაობამ ყველა გაამხიარულა. თავდაპირველად ვერც მიხვდნენ, რა ხდებოდა მათ თავს. შემდეგ კი მშობლებიც დაიხატნენ, ყველა დაფერადებულ-დათხუპნილები ვიყავით.

საღამოს ცეცხლოვანი ფრანები გავუშვით ცაში და სურვილები გავატანეთ, რომ ამ ბავშვების მეგობრობა დაუსრულებლად გაგრძელდეს. იმედი გვაქვს, ისინიც გვესტუმრებიან იმერეთს.

ალბათ ყველაზე რთული დამშვიდობებაა. არ გეთმობა ერთად გატარებული წუთები მოგონებებად გადასაქცევად. გინდა ეს ურთიერთობა დაუსრულებლად გაგრძელდეს, მაგრამ წასვლის დროა, და თუ არ წახვალ, ვერც მონატრებას იგრძნობ. ჩვენც წამოვედით.

ბევრი ცრემლი, ემოცია, სიტყვა გამოგვატანეს სულის საგზურად ამ პატარა ადამიანებმა. მათთვის ჩვენ ის ნათელი სხივი ვიყავით, უეცრად ბნელში რომ შეიჭრება და გაანათებს. მათი საქართველო იქ არის. დანარჩენ საქართველოს, სხვა კუთხეებს, ქალაქებს ისინი არ იცნობენ. ექსკურსიებზეც ვერ დადიან. იმ შორეულ საქართველოში სტუმრებიც კი იშვიათად სტუმრობენ.

ძალიან ემოციური იყო ლუსინეს, სუზის, აიდას, ირინას, ნონას, მარის, ლილითის და სხვების დამშვიდობება. ლუსინემ თავის ბოლო ზარზე მიგვიწვია და ჩვენ შევპირდით, რომ აუცილებლად ჩავიდოდით.

P.S. თქვენ არ იფიქროთ, ბედნიერება რთული მოსაპოვებელია, ან მისთვის რაიმე განსაკუთრებული ფორმულა არსებობს. არა. ბედნიერება ჩვენშია, ჩვენი შინაგანი სამყაროა, რომელსაც ამოხეთქვის უფლება უნდა მივცეთ. მთავარია, გვიყვარდეს ბავშვები, გვახსოვდეს პეპი და მასთან ერთად გადავყლაპოთ ბავშვად დარჩენის აბები.