ზაფხულის ცხელი პერიოდის დადგომისთანავე მნიშვნელოვნად მატულობს სხვადასხვა პრობლემები.  მათ შორის ერთ-ერთია მზით დამწვრობა. ეს რომ თავიდან ავიცილოთ, საჭიროა გავითვალისწინოთ შემდეგი რეკომენდაციები: ჯანსაღი გარუჯვისათვის ოპტიმალური პერიოდია დილის 11 სთ-მდე და საღამოს 5 სთ-დან.

გაითვალისწინეთ, რომ მზისგან დამწვრობა შესაძლებელია მივიღოთ ღრუბლიან ამინდშიც. სასურველია გამოვიყენოთ მზისგან დამცავი კრემები, რომლის SPF 30 და მეტია, რომელიც უნდა წავისვათ მზეზე გასვლამდე 30 წუთით ადრე და შემდგომ ყოველ 2 სთ-ში.

 

თუ მაინც დაიწვით

დაუყოვნებლივ უნდა შეხვიდეთ დახურულ შენობაში. მიიღეთ ცივი შხაპი და კანი არ გაიმშრალოთ. თუ ძლიერი ტკივილი გაქვთ, მოიმატა სხეულის ტემპერატურამ და დაზიანებულ ადგილზე გაჩნდა დიდი თხევადი ბუშტუკები, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს, რადგან ასეთი ხარისხის დამწვრობა, შესაძლოა, გართულდეს.

განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს სახისა და კისრის დამწვრობა, რადგან ზოგჯერ შესაძლებელია მას შედეგად მოჰყვეს შეშუპება და სუნთქვის გაძნელება. ასეთ შემთხვევაში მზად იყავით, რათა დროულად მიმართოთ ექიმს, მით უფრო, თუ ბავშვია დამწვარი.

აუცილებელია მიიღოთ დიდი რაოდენობით სითხე, გამორიცხეთ ალკოჰოლური სასმელები.
მზისგან დამწვრობის შემდეგ კანს ინტენსიური დატენიანება სჭირდება, რისთვისაც უნდა გამოიყენოთ მალამოები ან ლოსიონები. შეგიძლიათ გამოიყენოთ მენთოლის შემცველი საშუალებები, რომლებიც გაგრილებას უწყობენ ხელს.

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დამწვარ ადგილებზე კარაქის ან ნებისმიერი მცენარეული ზეთის წასმა. დაუშვებელია ბუშტუკების ხელით გახეთქვა და კანის აძრობა – ასე შეიძლება ინფექციის გავრცელებას შეუწყოთ ხელი.
დამწვრობის შემდგომ სასურველია, თუ მზეზე არ გახვალთ პრობლემის სრულ მოგვარებამდე.

 

ავიცილოთ დიარეა

ზაფხულში ასევე მატულობს მწვავე დიარეული დაავადებების შემთხვევათა რაოდენობა. ეს დაკავშირებულია გარემოში მაღალ ტემპერატურაზე პათოგენური მიკრობების ცხოველმყოფელობის გაძლიერებასთან. დიარეით მიმდინარე დაავადებათა ეპიდაფეთქებები უმეტესად უკავშირდება დაბინძურებული სასმელი წყლის მოხმარებას და მასიურ სუფრებზე არასწორად მომზადებულ-შენახული საკვების მიღებას.

ამ დაავადებათა თავიდან ასაცილებლად აუცილებელია შემდეგი პრევენციული ღონისძიებების გატარება: წყალსადენში წყლის წყვეტილი მიწოდებისას წყალმა სასურველია იდინოს არანაკლებ 10 წუთი და შემდეგ გამოიყენოთ სასმელად ან საკვების მოსამზადებლად; არ გამოიყენოთ სასმელად წყალი ადუღების გარეშე, თუ მის უვნებლობაში დარწმუნებული არ ხართ. ერთი წუთი დუღილი ნებისმიერ წყალს გახდის უსაფრთხოს.

ადუღებული წყალი ვარგისია 24 საათის განმავლობაში; სასურველია წყლის გამწმენდი სხვადასხვა ტიპის საოჯახო ფილტრების გამოყენება. უსაფრთხოა ცენტრალიზებული წყალსადენის წყალი, რომელიც იფილტრება და ქლორით დეზინფიცირდება.

შეგროვილი სასმელი წყალი შეინახეთ სუფთა, დახურულ რეზერვუარში და არ გამოიყენოთ წყლის შესანახი ჭურჭელი სხვა დანიშნულებით (რძის ან სხვა სითხის შესანახად); ღია წყალსატევში ბანაობისას ან თევზჭერისას არ ჩაყლაპოთ წყალი.

 

იკვებეთ ჯანსაღად

ყურადღება უნდა მივაქციოთ ჯანსაღ კვებას. მოხმარების წინ ცხოველური წარმოშობის საკვები, განსაკუთრებით ფრინველის, ღორისა და საქონლის ხორცი, თევზი, კვერცხი ძალიან კარგად უნდა შეიწვას ან მოიხარშოს.

  • მომზადებული კერძი სასურველია მიიღოთ ჯერ კიდევ ცხელი, ან მზა კერძი ჭამის წინ კარგად უნდა გაცხელდეს;
  • მომზადებული საკვების ხელახალი დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით, მაცივარში ცალკე უნდა შეინახოთ უმი და მოხარშული პროდუქტი. არ მიიღოთ უმი, ნახევრად მოხარშული ან შემწვარი კვერცხი, აგრეთვე გოგლი-მოგლი;
  • საკვებად არ გამოიყენოთ ჭუჭყიანი ან გაბზარული კვერცხები;
  • არ მიიღოთ აუდუღარი რძე და რძის პროდუქტები;
  • სალათები უნდა შეიკაზმოს მაიონეზით ან არაჟნით უშუალოდ სუფრაზე მიტანის წინ;
  • მწვანილი და ხილი ჯერ უნდა ჩალბეს და შემდეგ გულდასმით უნდა გაირეცხოს გამდინარე წყლით, სასურველია ხილი მიიღოთ საღი, ახლად გაფცქვნილი;
  • სასურველია ზაფხულის პერიოდში უარი თქვათ მოხარშული და ათქვეფილი ნაღებით მომზადებული ტორტების და კრემიანი ნამცხვრების მოხმარებაზე, ან/და მათი მომზადებისას გამოიყენოთ მხოლოდ დაუზიანებელი, სუფთა ნაჭუჭიანი კვერცხი.
  • დაუშვებელია დიარეის (ფაღარათის) მქონე პირების მონაწილეობა საკვების მომზადებაში, ჰოსპიტალიზებული ავადმყოფების, მოხუცებისა და ბავშვების მოვლაში;
  • დაავადებათა კლინიკური ნიშნების გა­მო­ვ­ლენისთანავე აუცილებელია მი­მა­რ­­თოთ ექიმს;
  • ექიმის მოსვლამდე თავი შეიკავეთ საკვებისა და ანტიბაქტერიული წამლების მიღებისგან. აუცილებელია ავადმყოფს დაალევინოთ ე.წ. ორალური სარეჰიდრატაციო საშუალებები (რეჰიდრონი ან მისი ანალოგები) ან ანადუღარი წყალი ან სუსტი ჩაი, რადგან ღებინებისა და ფაღარათისგან ორგანიზმი ბევრ სითხეს კარგავს;
  • დაუშვებელია თვით­მკურ­ნა­ლობა! არასწორად ჩატარებული მკურნალობა ხელს უწყობს ქრო­ნიკული დაავადების ჩამოყალიბებას.

 

ლეიშმანიოზით (ლეიშმანიოზის რეზერვუარი ბუნებაში ძირითადად ავადმყოფი ძაღლებია) დასნებოვნების რისკის შემცირების მიზნით, აუცილებელია გადამტანებისაგან (ფლებოტომუსები) თავის დაცვა, განსაკუთრებით შებინდებისას. ფლებოტომუსებისა და კოღოებისგან თავის დაცვის მიზნით სასურველია ფანჯრების აბადვა, გრძელსახელოებიანი ტანსაცმელისა და რეპელენტების (დამაფრთხობლები) გამოყენება.

ანალოგიური წესები უნდა დაიცვათ ტკიპებისაგან თავის დასაცავადაც. დამატებით, ბუნებაში ყოფნისას სასურველია ატაროთ წინდებში ჩატანებული შარვალი. ტკიპებს ბევრი საშიში დაავადება გადააქვთ, მათ შორის ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება, დაუშვებელია ცხოველებიდან ტკიპების მოშორება დაუცველი ხელებით.

 

კლიმატის ცვლილება

ჯანმო-ს მონაცემებით, ადამიანის ჯანმრთელობაზე განსაკუთრებულ გავლენას კლიმატის ცვლილების სამი ძირითადი დამახასიათებელი მოვლენა ახდენს, რომელთა შორისაა: თბური ტალღები, ბუნებრივი კატასტროფები და შეცვლილი ინფექციური ფონი. ექსტრემალურად მაღალი ტემპერატურა, რომელიც რამდენიმე დღე გასტანს, პირდაპირ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე – იწვევს არა მხოლოდ გარკვეული დაავადებების ჩამოყალიბებას და, ასევე, უკვე არსებული პათოლოგიების გამწვავებას, არამედ შესაძლოა სიკვდილის მიზეზიც კი გახდეს.

ექსპერტთა მოსაზრებით, მაღალი ატმოსფერული ტემპერატურა ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის მუშაობაზე, განსაკუთრებით მოხუცებში და ქრონიკულად ავადმყოფ პირებში.

 

კლიმატის ცვლილებისადმი განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან:

ასაკოვანი პირები – ასაკის მატება სიცხისადმი ტოლერანტობას აქვეითებს; წყურვილის შეგრძნება შენელებულია, ოფლის გამოყოფა შესუსტებულია საოფლე ჯირკვლების ფუნქციონირების შესუსტების გამო. მოხუცებს ხშირად აღენიშნებათ თანდართული ქრონიკული პათოლოგიები, რაც მედიკამენტების მიღებას საჭიროებს.

ახალშობილები და ბავშვები 5 წლამდე მეტად მგრძნობიარენი არიან მაღალი ტემპერატურისადმი და ხშირად მათი თერმული რეგულაცია სხვებზეა დამოკიდებული, ისევე როგორც სითხის მიღება.

ქრონიკულად ავადმყოფი პირები, განსაკუთრებულად ისინი, ვისაც ენდოკრინული, გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი სისტემის ქრონიკული დაავადებები აწუხებს, უჩივის მაღალ არტერიულ წნევას, აქვს ნერვული სისტემისა და ფსიქოლოგიური აშლილობები, აღენიშნებათ ღვიძლისა და თირკმელების დაავადებები.

პირები, რომლებსაც გარკვეული მედიკამენტების მიღება უხდებათ, რომლებიც აძლიერებს დეჰიდრატაციას და სითბოს გაცემას, როგორებიცაა დიურეტიკები, ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, ზოგიერთი ანტიბიოტიკი (სულფამიდები), ზოგიერთი ანტივირუსული პრეპარატი, ნეიროლეპტიკები, ანტიდეპრესანტები, ბენზოდიაზეპინი, ამფეტამინი, ანალგეტიკები, ბეტა-ბლოკერები და ა.შ.

ჭარბი წონის მქონე პირები განსაკუთრებულად მგრძნობიარენი არიან ჰაერის მაღალი ტემპერატურისადმი, რადგანაც ამ დროს ძლიერდება მათ ორგანიზმში სითბოს შეკავება.

გარკვეული პროფესიის მქონე ადამიანები, ვისაც შენობის გარეთ უხდება მუშაობა, ან მათ, ვისაც მუშაობის დროს სითხის დიდი მოცულობით დაკარგვა უხდება; ასევე მეხანძრეები, ორსულები და მწეველები.

 

მაღალი ტემპერატურის დროს:

  • შეეცადეთ საცხოვრებელ გარემოში შეინარჩუნოთ სიგრილე. დღისით ოთახის იდეალური ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 32°C, ხოლო ღამით კი 24°C-ს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისა და 60 წლის ასაკს გადაცილებული ადამიანებისათვის; აგრეთვე მათთვის, ვისაც ქრონიკული დაავადებების დიაგნოზი აქვთ.
  • ღამით გააღეთ ფანჯრები და დატოვეთ ღია დილამდე, სანამ გარეთ სიგრილე იქნება (თუ ეს სახიფათო არ არის).
  • დღისით შეამცირეთ სახლში სიცხის შეღწევა – დახურეთ ფანჯრები, ჟალუზები და დარაბები, განსაკუთრებით მზის მხარეს. შეძლებისდაგვარად გამორთეთ ელექტრო მოწყობილობები და ხელოვნური განათება.
  • მზის მხარეს ჩამოაფარეთ დამჩრდილავი ფარდები, ჟალუზები, დარაბები.
  • ჩამოკიდეთ სველი პირსახოცები, რაც გაგრილებასთან ერთად სახლს დაატენიანებს.

თავი აარიდეთ სიცხეს, მოერიდეთ ქუჩაში გასვლას და მაღალინტენსიურ ფიზიკურ აქტივობას დღის ყველაზე ცხელ პერიოდში, დარჩით ჩრდილში, არ დატოვოთ ბავშვები და შინაური ცხოველები გაჩერებულ სატრანსპორტო საშუალებებში!

შეინარჩუნეთ სიგრილე: მიიღეთ გრილი შხაპი, ან გამოიყენეთ ყინულის პაკეტები, სველი პირსახოცი, და სხვ. ქუჩაში გასვლისას ატარეთ ნატურალური მასალის, ღია ფერის, თავისუფალი ტანსაცმელი, ფართოფარფლებიანი ქუდი ან კეპი, ან ქოლგა, და მზისგან დამცავი სათვალე.

იხმარეთ საწოლის მსუბუქი თეთრეული და არავითარი ბალიში, რათა სიცხის დაგროვება აიცილოთ თავიდან. მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე (თუ ექიმი არ გიზღუდავთ), გარდა ალკოჰოლის, ტკბილი და კოფეინიანი სასმელებისა. საკვები მიიღეთ ხშირად და მცირე ულუფობით. მოერიდეთ ცილის მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტებს.

თუ ჯანმრთელობის პრობლემები გაქვთ: მედიკამენტი შეინახეთ 25°C-ის ქვემოთ ან მაცივარში (შენახვის წესები წაიკითხეთ ინსტრუქციაში). თუ გაქვთ ქრონიკული დაავადების დიაგნოზი ან ღებულობთ ერთდროულად რამდენიმე მედიკამენტს, მათი დოზისა და მიღების ჯერადობის შესახებ აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

თუ თქვენ, ან სხვას ექნება ასეთი შეგრძნება: თავბრუსხვევა, სისუსტე, ფორიაქი, ძლიერი წყურვილი ან თავის ტკივილი, სასწრაფოდ მოთავსდით გრილ ადგილას და გაიზომეთ სხეულის ტემპერატურა; მიიღეთ წყალი ან ხილის ნატურალური წვენი; თუ გაქვთ კუნთების მტკივნეული სპაზმი (განსაკუთრებთ ფეხებში, ხელებში ან მუცელზე), საჭიროა ელექტროლიტების შემცველი ხსნარების მიღება.

თუ აღნიშნული სიმპტომები ერთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს; თუ შეამჩნევთ, რომ ოჯახის რომელიმე წევრი, ან ნებისმიერი ადამიანი, ცხელია, კანი გამომშრალი აქვს, ბოდავს, კრუნჩხვები აქვს ან გონება დაკარგა, სასწრაფოდ გამოიძახეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა ან დაუკავშირდით ოჯახის ექიმს.

სასწრაფო დახმარების მოსვლამდე დაზარალებული გადაიყვანეთ გრილ ადგილას, დააწვინეთ ჰორიზონტალურად, აუწიეთ ფეხები, გაუხსენით ტანსაცმელი, რომ არ უჭერდეს; კისერზე, იღლიის ქვეშ, საზარდულის არეში დაადეთ ყინულის პაკეტი, ტანი დაუზილეთ 25-30°C ტემპერატურის წყლით და გაუზომეთ სხეულის ტემპერატურა. გონება დაკარგული ადამიანი მოათავსეთ გვერდზე.

გაითვალისწინეთ ზემოთ აღნიშნული რეკომენდაციები და დაისვენეთ სასიამოვნოდ!

 

თათია ბლუაშვილი
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის ექიმი-პროფილაქტიკოსი

მაკა გელაშვილი
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის ექიმი-პროფილაქტიკოსის თანაშემწე