26 ივნისს თბილისში, რუსთაველის თეატრში, საქართველოს ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ფინალი გაიმართა. ფინალში 75 მუნიციპალიტეტში გამარჯვებული „ეტალონი მოსწავლეები“ მონაწილეობდნენ.

წელს „ეტალონი“ მეთორმეტედ ჩატარდა. აქედან ცხრა – სატელევიზო ეთერით გადაიცემოდა. სამი წლის წინ „ეტალონის“ ფინალი სპორტის სასახლეში, შემდეგ – ბათუმში, წელს კი – რუსთაველის თეატრში მოეწყო.

„ეტალონის“ ფინალს პარლამენტარები, განათლების სამინისტროს, თვითმმართველობებისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

2017-2018 სასწავლო წლის „საქართველოს ეტალონი მოსწავლე“თბილისის N155 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე ლაზარე ბედუკაძე გახდა 70 ქულით. ხარაგაულის „ეტალონი მოსწავლე“, ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის მეთერთმეტეკლასელი ლიზა ბარბაქაძე „ეტალონის“ ფინალის მონაწილეთა საუკეთესო ათეულშია.

ფინალისტებს განათლების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა მიმართა.

„ეს გახლავთ ყველაზე მასშტაბური, ყოვლისმომცველი და პოპულარული პროექტი, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეგიდით ხორციელდება, – აღნიშნა ლია გიგაურმა, – პროექტი ყოველწლიურად ვითარდება და უფრო და უფრო მეტი მოსწავლე უერთდება. ეს არის საქართველოს განათლებაზე ორიენტირებული საზოგადოების პროექტი. ვხედავთ, თუ როგორ მოტივაციას აჩენს „ეტალონი“ თითოეულ მოსწავლეში, მშობელსა და სკოლაში. მათ „ეტალონში“ მონაწილეობით საკუთარი თავი და ცოდნა შეაფასეს და დაამტკიცეს, რომ ისინი საუკეთესოები არიან.“