2017 წლის მაისში, ახალი სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის გამო, სოფელ ზვარეს ცენტრში მეწყერი ჩამოწვა. მეწყერთან ახლოსმდებარე საბავშვო ბაღში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი შეწყდა. 2017-2018 სასწავლო წელს ზვარეს საბავშვო ბაღში სასწავლო სააღმზრდელო პროცესი ნაქირავებ, ბაღისთვის არასტანდარტულ შენობაში, მიმდინარეობს.
ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებასა და მერიაში დღემდე ელოდებიან გეოლოგიურ დასკვნას, თუ რამდენად უსაფრთხო იქნება სექტემბრიდან ზვარეს საბავშვო ბაღის შენობაში აღსაზრდელთა მიღება.
„საბავშვო ბაღის ფუნქციონირება ნაქირავებ შენობაში აღარ გაგრძელდება, – ამბობს სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი მამუკა ჭიპაშვილი, – ივნისის ბოლოს, როცა სოფლების საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი შეწყდება, კერძო სახლის მფლობელთან ხელშეკრულების ვადა მთავრდება. იმედია, გეოლოგიურ დასკვნას სექტემბრამდე მოგვაწოდებენ და ნებას დაგვრთავენ, რომ საბავშვო ბაღს შენობაში შევიდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში გასარკვევია, როგორ უნდა გააგრძელოს ზვარეში საბავშვო ბაღმა ფუნქციონირება. გადაწყვეტილებას მერთან ერთად მივიღებთ. საბავშვო ბაღის არსებულ შენობაში წყლის პრობლემაა. სათავე, საიდანაც საბავშვო ბაღს წყალი მიეწოდებოდა, მეწყერის გამო დაიკარგა. ერთ კვირაში შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება – წყალი საბავშვო ბაღის შენობამდე მოსახლეობიდან უნდა შემოვიყვანოთ.“
ზვარეს საბავშვო ბაღის შენობის მიმდებარედ ფუნქციონირებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლობა ზვარეს ადმინისტრაციულ ერთეულში და სასოფლო ბიბლიოთეკა.
„ჯერჯერობით ისევ გაურკვევლობაა, – ამბობს მერის წარმომადგენელი ზვარეს ადმინისტრაციულ ერთეულში ბერიკა ტალახაძე, – ერთი თვის წინ მოვიკითხე და მერიაში გეოლოგიური დასკვნა არ იყო მოსული.“
საბავშვო ბაღისთვის დაწესებულ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებდა ზვარეში საბავშვო ბაღისთვის დაქირავებული კერძო სახლი, მაგრამ ზვარეს საბავშვო ბაღის გამგე ჟანა გოგნაძე კმაყოფილია, რომ სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი არ შეწყდა.
„იმედია, მომავალი სასწავლო წლიდან ჩვენს შენობაში დავბრუნდებით, – ამბობს ჟანა გოგნაძე, – გეოლოგიური დასკვნა არ მოსულა, მაგრამ გვეუბნებიან, რომ მთის გამაგრება მიმდინარეობს და სავარაუდოდ, სექტემბრიდან საბავშვო ბაღის შენობაში გადავალთ. ამჟამად 20 აღსაზრდელი გვყავს. სექტემბერშიც ამდენივე გვეყოლება.“
„ჩემი იმერეთის“ რედაქცია ს/ს „საქართველოს რკინიგზას“ დაუკავშირდა. ამ უწყების წარმომადგენლის, სოფო ხიდაშელის ინფორმაციით, ახალი რკინიგზის მშენებელმა ორგანიზაციამ – „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურომ“ შეადგინა პროექტი, თუ როგორ უნდა დარეგულირდეს მეწყერი.
„წინა კვირას ზვარეში იმყოფებოდნენ ავსტრიელი დამოუკიდებელი ექსპერტები, რომლებიც ჩინური კომპანიის მიერ შემუშავებული ამ პროექტის ექსპერტიზას ატარებენ, – ამბობს სოფო ხიდაშელი, – საბოლოო პასუხი, სავარაუდოდ, შემოდგომაზე გვექნება, რადგან ამ საკითხის შესწავლას რამდენიმე თვე სჭირდება. არ შემიძლია იმის თქმა, გეოლოგიური დასკვნა საბავშვო ბაღში სწავლის დაწყებამდე მოესწრება თუ ვერა.“
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი