ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ წერტილოვანი ქიმიური შეწამვლა მიმდინარეობს.

ამ წამლობებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის სამსახური ახორციელებს.
შეწამვლიდან მეორე დღეს სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლები მოსახლეობას ხვდებიან – შეწამვლასთან დაკავშირებით მათ პოზიციებსა და დამოკიდებულებებს აფიქსირებენ.

„მოსახლეობის უმრავლესობის სურვილია, რომ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ წამლობა გაგრძელდეს, – ამბობს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხარაგაულის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსი ბონდო კიკნაველიძე, – შეწამვლის ეფექტი მაშინვე ჩანს. ამიტომ უსაფრთხოების წესების დაცვა აუცილებელია.

სურსათის უვნებლობის სამსახური წინა დღეს აფრთხილებს მოსახლეობას და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, თუ რომელ სოფელში ჩატარდება წერტილოვანი შეწამვლა. სოფლებში გაზაფხულზე ფაროსანას სპეციალური დამჭერები დამონტაჟდა. თუ ფერომონზე ათზე მეტი ფაროსანა დაფიქსირდა, ეს უკვე კრიტიკული მდგომარეობაა და იქ წერტილოვანი შეწამვლა აუცილებელია.

არაერთხელ მოვისმინე, რომ ქიმიური პრეპარატი, რომლითაც აზიურ ფაროსანას ვებრძვით, ფუტკარს გაგვინადგურებს. დასავლეთ საქართველოში ჰექტრობით შეიწამლა მცენარეები და საფუტკრე მეურნეობებს საფრთხე არ შექმნია. რა თქმა უნდა, მოსალოდნელი შეწამვლის შესახებ მეფუტკრეებს განსაკუთრებულად ვაფრთხილებთ.

კიცხში, წყალაფორეთში, ვარძიასა და ხიდარში თხილის ნიმუშები ავიღეთ და შესამოწმებლად სპეციალურ ლაბორატორიაში გადავაგზავნეთ – ხომ არ ფიქსირდება ნაყოფზე ფაროსანას კვალი.

აპრილსა და მაისში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ყველა თემში შევხვდით მოსახლეობას და ფაროსანას შესახებ ინფორმაცია მივაწოდეთ,“ – ამბობს ბონდო კიკნაველიძე.

სოფლის მეურნეობის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის ინიციატივით ხარაგაულში ადგილობრივი ბიუჯეტიდან გასული წლის ნოემბერში პირუტყვის ხელოვნური განაყოფირების პროგრამა დაფინანსდა. ბონდო კიკნაველიძე ამბობს, რომ ამ დროისთვის 50-ზე მეტ ფურს ჩაუტარდა ხელოვნური განაყოფიერება. პროგრამის შედეგები კი მისივე თქმით, უახლოეს ხანში თვალსაჩინოდ გამოჩნდება.

„ვფიქრობთ, პირუტყვის ხელოვნური განაყოფიერების პროგრამით კარგი საქმე გააკეთა ჩვენმა სამსახურმა. მერიამ და საკრებულომ მხარი დაგვიჭირა, – ამბობს ბონდო კიკნაველიძე, – 2018 წელს ადგილობრივ ბიუჯეტში სოფლის მეურნეობის განვითარების დასაფინანსებლად 10 ათასი ლარია გათვალისწინებული. ამ თანხით ნიადაგის ქიმიურ ანალიზს, ტრენინგებსა და აგროტურებს ვგეგმავდით. ჯერჯერობით მერიაში პროექტი წერილობით არ გაგვიგზავნია. სამივე მიმართულებით შეიძლება მუშაობა. ნიადაგის ქიმიური ანალიზი საკმაოდ ძვირადღირებულია. მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ შესაბამის უწყებასთან.

კენკროვანი კულტურების გაშენებისთვის სახელმწიფოსგან ფერმერებისთვის შეთავაზებული სიახლეები ძალიან მნიშვნელოვანია. გვიხარია, რომ ეს პროექტი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებულ პირობებს, ვგულისხმობ მცირემიწიანობას, მოერგო. შეღავათიანი აგროკრედიტის გამოყენებისგან ხშირ შემთხვევაში მოსახლეობა თავს იკავებს – არ სურთ ბანკებთან ურთიერთობა. სამინისტროში ყოველთვის აქცენტს ვაკეთებთ იმაზე, რომ სახელმწიფო პროგრამების კრიტერიუმები ყველა მუნიციპალიტეტისთვის მისაღები იყოს. გვსურს, რომ 2018 წელი, შარშანდელთან შედარებით, უკეთესი შედეგებით დავამთავროთ.“

ნინო კაპანაძე