ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურომმერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ანგარიში განიხილა. ანგარიში 2017 წლის აპრილიდან 2018 წლის მაისის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.
სამსახურის უფროსმა ირინე ჩხეიძემ ბიუროს წევრებს იმ ღონისძიებების ჩამონათვალი შეახსენა, რომლებიც კულტურის სამსახურის ხელშეწყობითა და ორგანიზებით, ხარაგაულში მოქმედი ააიპ-ების მონაწილეობით გაიმართა.
ირინე ჩხეიძემ ბიუროს სხდომაზე აღნიშნა, რომ მათი სამსახურის მთავარი მიზანი მდიდარი კულტურული ტრადიციების უწყვეტობის შენარჩუნებაზე ხელშეწყობაა.
მისი ინფორმაციით, სამსახური სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში ხარაგაულელი ახალგაზრდების ჩართულობას, რეგიონალურ ტურებზე ტრანსპორტირებასა და შესაბამისი ფორმის შეძენას უზრუნველყოფს. სამსახურის ორგანიზებით ტარდება მინი ფეხბურთის ჩემპიონატები ორგანიზაციებს შორის, წლის მანძილზე აღინიშნება სხვადასხვა სპორტული თარიღები. კულტურის სამსახური იძენს სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეებისა და გამარჯვებულებისთვის ფასიან საჩუქრებს.
ანგარიშის მიხედვით, სამსახურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენა-ხელშეწყობაა. ამ მიზნით მუნიციპალიტეტში, ოცი წელია, ტარდება ინტელექტუალური თამაშები „რა?“ სად?“ „როდის?“ საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ეს კონკურსი უახლოეს დღეებში ჩატარდება და მასში დ. ხარაგაულის საჯარო სკოლები ჩაერთვებიან. წლის ბოლოს კი აღინიშნება ამ პროექტის საიუბილეო თარიღი.
კლასიკური მუსიკის და საშემსრულებლო ხელოვნების პოპულარიზაციის მიზნით კულტურის სამსახურის ორგანიზებით სამუსიკო სკოლასთან ერთად ჩატარდა კონცერტი „მუსიკა ჩემი გატაცებაა.“
თეატრის შესახებ მოსწავლეების ცნობიერების ამაღლების მიზნით სკოლებისათვის დისკებად გამოიცა ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრის სპექტაკლი „თანამდევი სული.“ თეატრი წარმატებით მონაწილეობს ქვეყნის მასშტაბით გამართულ თეატრალურ ფესტივალებში. გასული წლის ივლისში თეატრი უკვე მესამედ იმყოფებოდა საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე ლატვიის ქალაქ ლიმბაჟში.
ხარაგაულის თოჯინების თეატრი ახორციელებს პროექტს „თეატრი სკოლისათვის.“ პროექტის ფარგლებში სპექტაკლებს მუნიციპალიტეტის სოფლებში აჩვენებენ.
ხარაგაულის კულტურის სამსახურის მხრიდან ახალგაზრდული ინიციატივებისადმი (ქუჩის კალათბურთის ჩემპიონატი და „კონსტიტუცია – გზა თავისუფლებისაკენ“) მხარდაჭერა პრიზების შეძენით გამოიხატა.
კულტურის სამსახურის ორგანიზებით მოეწყო ექსკურსია მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ბავშვებისათვის საქართველოს ეროვნულ გალერეაში კარავაჯოსა და ბოტიჩელის ნამუშევრების გამოფენაზე.
ანგარიშში ნათქვამია, რომ წლის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა მოსწავლე-ახალგაზრდობის მხატვრული შემოქმედების უნარების გამოვლენისა და ხელშეწყობისათვის. სამსახურის მიერ თითქმის ყველა ღონისძიებაში ჩართული არიან მოსწავლე-ახალგაზრდები. აქტიურად ხდება მათი ჩართვა სხვადასხვა ფესტივალებში, კონცერტებში, კონკურსებში და ა.შ.
მარტში სულხან-საბა ორბელიანის 360 წლის იუბილესთან დაკავშირებით საგანმანათლებლო რესურსცენტრთან ერთად კულტურის სამსახურმა „კალიგრაფიის კონკურსი“ ჩაატარა მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში. კონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეებს გადაეცათ სულხან-საბა ორბელიანის წიგნები.
ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მოეწყო ქალთა ნამუშევრების გამოფენა კინოთეატრის ფოიეში და აჩვენეს სპექტაკლი „ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი“.
საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით კულტურის სამსახურის ორგანიზებით გაიმართება საზეიმო კონცერტი ხარაგაულის კინოთეატრში, ხოლო ღონისძიება – მუზეუმში.
„რთული სიტუაციაა, ბევრი პრობლემა გვაქვს, – აღნიშნა ირინე ჩხეიძემ, – ხარჯების დასაფინანსებლად თანხები არასაკმარისია. კინოჩვენებებს ვეღარ გავმართავთ, რადგან გადაიწვა პროექტორის ნათურა, რომელიც 600 დოლარი ღირს. მის შესაძენად თანხა არ გვაქვს.“
ანგარიშის მოსმენის შემდეგ დეპუტატებმა სამსახურის უფროსს შეკითხვებით მიმართეს.
საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილი დაინტერესდა, დაფინანსდა თუ არა წელს ახალგაზრდული პროგრამებისთვის განსაზღვრული თანხიდან პროექტები. მან სახელმწიფო აუდიტის რეკომენდაცია მოიშველია, რომლის მიხედვითაც, უმჯობესია მუნიციპალიტეტმა თანხა ახალგაზრდული ინიციატივებისთვის დახარჯოს.
ვარლამ ჭიპაშვილმა ოთხი თვის წინ მერიაში საკრებულოსგან გაგზავნილი წერილი მოიკითხა, რომელშიც დეპუტატები ააიპ-ებში სხვადასხვა წრეებზე დაწესებული გადასახადის გაუქმების მიზანშეწონილობის საკითხს აყენებენ.
„მაინტერესებს, თქვენ თუ გაეცანით ამ წერილს და ჩაერთეთ თუ არა საკითხის განხილვაში,“ – მიმართა ვარლამ ჭიპაშვილმა ირინე ჩხეიძეს, – ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩემ თემში ცხოვრობს უნიჭიერესი ახალგაზრდა, რომელმაც ვერ შეძლო მუსიკის შესასწავლად გადასახდის გადახდა. ჩვენ უნდა მოვისმინოთ მერიის პოზიცია ამ საკითხზე.“
კოლეგის პოზიციას იზიარებს დეპუტატი დავით კიკნაძე და ამბობს, რომ მუნიციპალიტეტმა ხელი უნდა შეუწყოს ნიჭიერ სოციალურად დაუცველ ახალგაზრდებს და გადასახადისგან გათავისუფლების მიზნით ცვლილება უნდა შევიდეს კონკრეტული ააიპ-ების დებულებებში.
დეპუტატმა ინგა მაღრაძემ მოითხოვა, რომ საკრებულოს 4 ივნისის სხდომისთვის ანგარიშში დაზუსტდეს, რამდენად ხელმისაწვდომია მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრები მოსახლეობისთვის კულტურული ღონისძიებები. ინგა მაღრაძე ასევე დაინტერესდა, ჩართულია თუ არა კულტურის სამსახური ააიპ-ების რეორგანიზაციის პროცესში, როგორც კულტურის სფეროს პოლიტიკის განმსაზღვრელი. საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძის სურვილია, რომ ახალგაზრდული პროექტების დაფინანსება გაიზარდოს და წელს ქუჩის კალათბურთის ჩასატარებლად შინმოუსვლელთა მემორიალის წინ მდებარე სკვერის სანაცვლოდ სხვა ადგილი შეირჩეს.
დეპუტატი იუზა კელენჯერიძე ხარაგაულის საპატიო მოქალაქის მინიჭების აღდგენას ითხოვს.
დეპუტატებს ირინე ჩხეიძემ განუმარტა, რომ ის არც ააიპ-ებში კონკრეტულ წრეებზე გადასახადის შემოღება-გაუქმების საკითხს წყვეტს და არც ააიპ-ების მიმდინარე რეორგანიზაციაში ჩართული არ არის, თუმცა ამ პროცესს მნიშვნელოვნად და აუცილებლად მიიჩნევს. მისი ინფორმაციით, ამ დრომდე არც ერთი ახალგაზრდული ინიციატივა და პროექტი არ დაფინანსებულა. ბიუროს წევრებმა აღნიშნეს, რომ ვერც დაფინანსდებოდა, რადგან ახალგაზრდული პროექტების მხარდასაჭერად კონკურსი არ გამოცხადებულა.
„თუ გვინდა განვითარება, გადასახადი უნდა გადავიხადოთ. კულტურულ ღონისძიებებსა და სპექტაკლებზე ბილეთი უნდა გაიყიდოს, – აღნიშნა ირინე ჩხეიძემ, – ჩვენ მივაჩვიეთ საზოგადოება, რომ კულტურული ღონისძიება არის უფასო. ეს არის არასწორი დამოკიდებულება. თანხის გადახდა არა მარტო იმისთვისაა მნიშვნელოვანი, რომ ადამიანი, რომელიც შენთვის სცენაზე დგას, მას პატივს სცემ, არამედ თითოეული მაყურებელი მოზარდობის ასაკიდან უნდა მიეჩვიოს, რომ დარბაზში არის მისთვის განკუთვნილი ადგილი. თანხას, რომელიც ახლა ავიღეთ სპექტაკლის პრემიერიდან, ისევ თეატრის განვითარებისთვის გამოვიყენებთ.
ააიპ-ებში ბევრი პრობლემაა და ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს. ეს ჩემი უფლებამოსილება არ არის. მე, როგორც რეჟისორი გეტყვით, რომ 2018 წელს პრაქტიკულად არ გვაქვს თანხა მუშაობის გასაგრძელებლად. ამ წელიწადში არც ერთ სოფელში არ წავსულვარ, არ გვაქვს თანხა, რომ სოფლებში ბავშვებს თოჯინების თეატრის სპექტაკლები ვაჩვენოთ. ახლაც ახალ სპექტაკლზე ყოველგვარი ხარჯების გარეშე, ენთუზიაზმით ვმუშაობთ. ამ მხრივ რეორგანიზაცია მნიშვნელოვანია, რადგან პროექტები გაჩერებულია. თქვენ კარგად იცით, რომ ააიპ-ების ბიუჯეტის 90%-ზე მეტი სახელფასოა.“
ნინო კაპანაძე
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.