ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომგანათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის მუშაობის ექვსი თვის ანგარიშს განიხილა.
ამ კომისიის შემადგენლობაში არიან დეპუტატები: დავით კიკნაძე, ლენა აბაშიძე, მარინე ხვედელიძე, დოდო ხაჩიძე, ეკატერინე შველიძე, ქეთევან ზუმბაძე, რუსუდან გიორგაძე, აკაკი ლურსმანაშვილი, შალვა ლურსმანაშვილი და ლადო ტალახაძე.
კომისიის თავმჯდომარე დავით კიკნაძემ ეს ანგარიში კოლეგებს ბიუროს სხდომაზე უკვე წარუდგინა.
ანგარიშში აღნიშნულია: „საანგარიშო პერიოდში (2017 წლის 20 ნოემბრიდან დღემდე) გამართულ შვიდ სხდომაზე 15 საკითხია განხილული. კომისიამ გარკვეული ყურადღება დაუთმო მოსახლეობის ინტერესების, პრობლემების შესწავლისა და დახმარების საკითხების განხილვას. ხარაგაულის სასპორტო სკოლასთან ერთად შევიმუშავეთ წარმატებული სპორტსმენების ფულადი დაჯილდოების ფორმა და შესაბამისად, შევიდა ცვლილება სასპორტო სკოლის დებულებაში. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, ამასთან დაკავშირებით, 10 000 ლარი გამოიყო.
მიგვაჩნია, რომ სპორტსმენები ასევე უნდა დაჯილდოვდნენ სპორტის არაოლიმპიურ სახეობებში მიღწეული განსაკუთრებული წარმატებებისათვის. მაგალითად, ახლახან კუნგ-ფუ სანდაში მსოფლიო ჩემპიონი გახდა საღანძილელი სოფიო ჭანკოტაძე, რომელიც წახალისებასა და ჯილდოს იმსახურებს.
ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა კომისიას მოგვმართა შუამდგომლობით, რომ ლაშის საჯარო სკოლას მიენიჭოს სკოლის დამაარსებლის, წმინდა მოწამე სვიმონ მჭედლიძის, სახელი. საკრებულომ, საკითხის გადაწყვეტისა და შემდგომი რეაგირებისათვის, განათლების სამინისტროს მიმართა. ეს საკითხი, სავარაუდოდ, დადებითად გადაწყდება.
საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიამ იმსჯელა და განიხილა მუნიციპალური ააიპ-ების რეორგანიზაციის შესახებ და საკრებულოს წარუდგინა შესაბამისი დასკვნა. ასევე ვიმსჯელეთ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ან სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულებების პერსონალის პროფესიული სტანდარტების შესახებ და საკრებულოს სხდომაზე წარვადგინეთ დასკვნა.
ამავე კომისიამ, ხარაგაულის მხარეთმცოდნეობის მუზეუმთან ერთად, რკინიგზის სადგურზე განახორციელა პროექტი „100 წლის შემდეგ“. კომისია აქტიურად იყო ჩართული მედიაპროექტში „ეტალონი“. კომისია, საკრებულოს დანარჩენ წევრებთან ერთად, ჩაერთო საკათედრო ტაძრის მშენებლობასა და აქციაში „ჩემი შესაწირი ტაძრის მშენებლობას“.
საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისია ჩართულია მუნიციპალიტეტში გამართულ ყველა ღონისძიების დაგეგმვასა და განხორციელებაში,“ – აღნიშნულია კომისიის ანგარიშში.
საკრებულოს ბიუროს სხდომაზე დავით კიკნაძემ აღნიშნა, რომ სპორტის მიმართულებით მუშაობა უნდა გააქტიურდეს. საფეხბურთო კლუბი „ჩხერიმელა“ ხარაგაულელი ფეხბურთელებით დაკომპლექტდა. სამწუხაროდ, ვერ გვაქვს სახარბიელო შედეგი. თუმცა, უკეთესი მიღწევები მოწვეული ფეხბურთელების დროსაც არ გვქონდა.
„ჩხერიმელასთან“ დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის წარმოდგენას დავით კიკნაძე კოლეგებს კომისიის უახლოესი სხდომისთვის დაჰპირდა.
საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილი სარგვეშში ბაღის გახსნის თემით დაინტერესდა, – არის თუ არა საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისია ამ პროცესში ჩართული; შესწავლილია თუ არა ეს საკითხი, რა სახის ხელშეწყობა ექნება.
ფოლკლორულ ანსამბლს „კახორი“ ბიუჯეტიდან დაფინანსება შეუწყდა. ვარლამ ჭიპაშვილი „კახორის“ ბედით დაინტერესდა.
დავით კიკნაძემ ბიუროს სხდომაზე აღნიშნა, რომ სარგვეშში საბავშვო ბაღის გახსნასთან დაკავშირებით კომისია ოფიციალურად საქმის კურსში არ არის. თუმცა ინფორმაცია აქვს, რომ საუბარია კერძო და არა სახელმწიფო ბაღზე.
მანვე განაცხადა, რომ ფოლკლორულ ანსამბლებს – „კახორი“ და „ოდილა“ დაფინანსება იმ მოტივით შეუწყდათ, რომ ანსამბლების წევრები სამსახურში ყოველდღე არ დადიოდნენ. საკრებულოს ფრაქცია „თვითმმართველობა ხალხისათვის“ თავმჯდომარე ინგა მაღრაძე მიიჩნევს, რომ „იმ ააიპ-ებმა, რომლებიც ამ მიდგომით ხელმძღვანელობენ, უნდა წარმოადგინონ პროგრამული ბიუჯეტი, სადაც „კახორიც“, „ოდილაც“ და სხვა შემსრულებლების ღონისძიებებში მონაწილეობა კონკრეტულად იქნება გაწერილი.
ფოლკლორულ ანსამბლ „კახორთან“ დაკავშირებით დავით კიკნაძემ აღნიშნა, რომ დაფინანსდება ანსამბლის წევრების კონცერტებში მონაწილეობა.
ბიუროს სხდომაზე დეპუტატებმა სამუსიკო სკოლაში გადასახადის მიზანშეწონილობაზე იმსჯელეს. საბოლოოდ, შეჯერდნენ, რომ გადაწყვეტილება – ვინ იმსახურებს და საჭიროებს სწავლის გადასახადისგან გათავისუფლებას – სკოლის დირექციამ უნდა მიიღოს. ზოგადად კი, გარკვეული მომსახურების სანაცვლოდ გადახდა ჩვენი ცხოვრების წესად უნდა იქცეს.
ბიუროს სხდომაზე აღინიშნა, რომ თვითმმართველობისგან ფინანსური მხარდაჭერა სჭირდებათ სხვადასხვა კონკურსებში წარმატებულ ახალგაზრდებს. ახლახან კალიგრაფიის კონკურსში გამარჯვებულმა ახალგაზრდამ დაუფინანსებლობის გამო პოლონეთში გამგზავრება ვერ შეძლო.
ასევე აუცილებელია წარმატებული სპორტსმენების წახალისება მათი მოტივაციის კიდევ უფრო მეტად გასაზრდელად.
სხდომაზე აღინიშნა, რომ ბიუჯეტში გათვალისწინებულია თანხა – 11 ათასი ლარი ახალგაზრდული პროგრამების დასაფინანსებლად. ახალგაზრდული ინიციატივები კონკურსის გამოცხადების გზით უნდა ფინანსდებოდეს. მუნიციპალიტეტმა სასწრაფოდ უნდა განსაზღვროს, თუ რა ტიპის იდეებს დაუჭერს მხარს და შესაბამისი კონკურსები გამოაცხადოს. ეს საკითხი დროულად დასამუშავებელია.
დავით კიკნაძეს, რომელიც, ამავდროულად, საღანძილის მაჟორიტარი დეპუტატია, საღანძილეში საბავშვო ბაღის გასახსნელად მშენებლობის დაწყების თაობაზე ვესაუბრეთ.
საღანძილეში ბაღის მშენებლობა, ვერტყვიჭალის საბავშვო ბაღთან ერთად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტისგან 2018 წელს განსახორციელებელი პროექტების ნუსხაშია. მერიისგან საკრებულოსთვის წარდგენილი ეს ნუსხა დეპუტატებმა 2017 წლის 25 დეკემბერს მოიწონეს და დაამტკიცეს.
-საღანძილეში საბავშვო ბაღი არასდროს ყოფილა. ოთხი სოფლის – საღანძილე, ზარანი, ვანი, სხლითი, – მოსახლეობა ახლა ითხოვს მის გახსნას, – ამბობს დავით კიკნაძე, – ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ თოფურიძე რამდენჯერმე შეხვდა ჩვენი სოფლების მოსახლეობას. საღანძილეში საბავშვო ბაღის მშენებლობა და გახსნა ჩვენი ერთობლივი საარჩევნო სლოგანი იყო.
ორი წლის წინ მუნიციპალური განვითარების ფონდში (მგფ) 596 ათას ლარიანი, ორსართულიანი სტანდარტული ბაღის მშენებლობაზე წარვადგინეთ პროექტი. მგფ ითხოვს პროექტის მაღალ სტანდარტებს, რაც ჩვენმა პროექტმა ვერ დააკმაყოფილა. ახალი პროექტი მოვამზადეთ. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაზე დასკვნებიც არსებობს.
საღანძილის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ, ძველი მაღაზიის ადგილზე, უნდა აშენდეს. მიწა მუნიციპალიტეტისაა. ჩვენთან არც ავტობანი გადის და არც სარკინიგზო მაგისტრალი. ერთადერთი პრობლემა, შესაძლოა, ფინანსები იყოს. თუმცა იმედი მაქვს, რომ წელს ამ ბაღის მშენებლობას დავიწყებთ.
ორი წლის წინ 2-დან 6 წლამდე ასაკის 51 ბავშვი აღვრიცხეთ. ზოგიერთი მათგანი ახლა ხარაგაულის #1 ან #2 საბავშვო ბაღის აღსაზრდელია. მშობლები, შვილების ყოველდღიური ტრანსპორტირებით, ძალიან წვალობენ. საღანძილისკენ მუნიციპალური ტრანსპორტი აღარ მოძრაობს. ზოგი მეზობლის მანქანით მგზავრობს, ზოგიც ტაქსით ან მატარებლით.
სოფელ საღანძილეში 2012 წლიდან დღემდე არცერთი ინფრასტრუქტურული პროექტი არ განხორციელებულა. მოსახლეობა სამართლიანად ითხოვს ხელისუფლების დანაპირების შესრულებას, რომ სახლთან ახლოს ჰქონდეთ საბავშვო ბაღი.
რაც შეეხება ვერტყვიჭალის საბავშვო ბაღს, არსებული შენობა სავალალო მდგომარეობაშია და ახლის მშენებლობა ასევე 2018 წელსაა დაგეგმილი. მერიამ ყველა შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს ავტომაგისტრალის მშენებლობასთან დაკავშირებით შექმნილი სირთულეების დასაძლევად და ვერტყვიჭალის საბავშვო ბაღისთვის ასევე თანამედროვე სტანდარტების ახალი შენობის დროულად ასაგებად.
საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ვალდებულება ადგილობრივ თვითმმართველობებს გადმოეცათ. საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე დავით კიკნაძე გასულ წლებში, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსად მუშაობისას, კიცხის საჯარო სკოლისთვის ახალი შენობის ასაგებად პროცესებში იყო ჩართული.
„კიცხის სკოლასთან დაკავშირებით ორი წელი ვიმუშავეთ როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, ასევე განათლების სამინისტროს დაქვემდებარებულ სსიპ ინფრასტრუქტურის სააგენტოსთან, – ამბობს დავით კიკნაძე, – პირველიდან მეორე სართულზე ასასვლელი კიბეა დაზიანებული, მეორე სართულზე ავარიულია მარჯვენა ფლიგელი. სკოლაში ცუდი მდგომარეობაა ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით.
მიწა, სადაც ამჟამად სკოლის შენობა დგას, მოძრავი აღმოჩნდა. რამდენიმე თვიანი გეოლოგიური ექსპერტიზის შედეგად, დაახლოებით ექვსი თვის წინ, სპეციალისტებმა დაასკვნეს, რომ კიცხის საჯარო სკოლის შენობის რეაბილიტაცია დაუშვებელია და ახალი შენობის აგებაა აუცილებელი.
მაშინდელ მინისტრს ამ თემაზე რამდენჯერმე შევხვდი. გასული წლის შემოდგომაზე 150 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის შენობის აგება მოვითხოვეთ შესაბამისი არგუმენტაციითა და დოკუმენტაციის წარდგენით. ინფრასტრუქტურის სააგენტოს მაშინდელი ხელმძღვანელი და დირექტორის მოადგილე დაგვპირდნენ, რომ აუცილებლად ჩასვამდნენ 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმაში კიცხის საჯარო სკოლის მშენებლობას, რაც დაახლოებით 2,5 მილიონ ლარამდე ჯდება, უხეში გაანგარიშებით. თანამედროვე სტანდარტებზეა საუბარი, – პანდუსის მოწყობით, შესაბამისი სველი წერტილებით, ცენტრალური გათბობით და ა. შ.
თუმცა ამის შემდეგ დეცენტრალიზაციის პროცესი დაიწყო და სკოლების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ადგილობრივი თვითმმართველობების ვალდებულება გახდა. ყველა მუნიციპალიტეტის მერსა და ინფრასტრუქტურის სააგენტოს შორის გაფორმდა მემორანდუმები. 2018 წელს თითოეული მუნიციპალიტეტისთვის 200 ათასი ლარია სკოლების ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად გამოყოფილი. როგორ მოიძიებს მერია კიცხის საჯარო სკოლის ასაშენებლად ფინანსებს, ამ წუთში ნამდვილად ვერ გეტყვით. თუმცა ფაქტია, რომ კიცხში ახალი სკოლა უნდა აშენდეს და დაფინანსების მოსაძიებლად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, – მერიამაც და საკრებულომაც.“
რა არის ხარაგაულის მუნიციპალიტეტში კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის მიმართულებებით მთავარი პრიორიტეტები, – ჩვენს ამ შეკითხვაზე დავით კიკნაძემ გვიპასუხა:
-თუ რამეთი შეუძლია ხარაგაულს იამაყოს, ერთ-ერთი არის ჩვენი კულტურა, განათლება, სპორტი და ახალგაზრდობა, რომელიც, ჩვენდა სამწუხაროდ, ხარაგაულს ტოვებს. უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ ხარაგაულში დაბრუნება აღარავის უნდა.
ჩვენი პრიორიტეტი მიმართულებების სწორად განსაზღვრა უნდა იყოს. კულტურული ააიპ-ები რომ გაერთიანდა, ველოდები შედეგებს, რა სარგებელი მოგვიტანა.
ვეთანხმები მერიის კულტურის სამსახურის პოზიციას, რომ მასობრივი კულტურული, სპორტული, ახალგაზრდული, შემეცნებითი ღონისძიებები არა მხოლოდ დაბა ხარაგაულში, სოფლებშიც უნდა ჩატარდეს. უნდა გაიზარდოს ახალგაზრდული პროექტებისა და სპორტის დაფინანსება.
სპორტის ინდივიდუალური სახეობები უნდა განვითარდეს, რისი ტრადიციებიც ხარაგაულში გვაქვს.
ხევში, ვახანში ჭიდაობისა და ძალოსნობის წრეებია და ხელშეწყობა სჭირდება.
რატომ აღარ ბრუნდებიან ჩვენი ახალგაზრდები ხარაგაულში? იმიტომ, რომ ამ ახალგაზრდებს ვერ ვთავაზობთ ვერც საჯარო და ვერც კერძო სექტორს ისე განვითარებულს, რომ დაინტერესდნენ და ხარაგაულის განვითარებაში ჩაებან. ხარაგაული ერთი პატარა რაიონია, ადამიანების ძალიან მცირე რაოდენობა დავრჩით. ახალგაზრდებს თბილისში, ქუთაისში, ბათუმში ფართო პერსპექტივა გააჩნიათ.
ყველამ ერთად – მუნიციპალიტეტის მერიამ, საკრებულომ, არასამთავრობო სექტორმა, – ერთობლივად უნდა შევიმუშაოთ ისეთი მრავალწლიანი გეგმა, რომ მორგებული იყოს ერთ ადამიანზე, ერთ სამსახურზე კი არა, ჩვენს დღევანდელ რეალობასა და ხარაგაულელების ეკონომიკური, ფინანსური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე.
რამდენიმე წელია, თეთრაწყაროში პროფესიული სასწავლებლის გახსნის პროექტის განხორციელებას ვცდილობ. ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს აღმასრულებელ დირექტორ მაგდა მაღრაძესაც შევხვდი. პროფსასწავლებლის გახსნას დაახლოებით მილიონნახევარი – 2 მილიონი ლარი სჭირდება. თუ სხვა მუნიციპალიტეტების ახალგაზრდებიც არ დაინტერესდნენ თეთრაწყაროში პროფესიული განათლების მიღებით, მხოლოდ ხარაგაულელებისთვის ამ ოდენობით თანხის გაღებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევენ. ვთვლი, რომ ეს არასამართლიანია.
ერთი პიროვნება, ვინც უნდა იყოს, გაზაფხულს ვერ მოიყვანს. კონკრეტული პროექტების განსახორციელებლად, პირველ რიგში, პოლიტიკური ნება უნდა არსებობდეს.
ასევე საჭიროა შესაბამისი ფინანსები, რისი საშუალებაც ჩვენ არ გაგვაჩნია. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 80% ტრანსფერია. ეს ტრანსფერიც, ძირითადად, ხელფასებზე იხარჯება (არ ვგულისხმობ ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის მიღებულ დაფინანსებას. ეს სხვა თემაა).
უნდა არსებობდეს სტრატეგიული განვითარების მრავალწლიანი ერთიანი გეგმა, სადაც გათვალისწინებული იქნება კულტურის, განათლებისა და სპორტის განვითარება. უნდა განისაზღვროს, რა შეიძლება გაკეთდეს ეკონომიკური აღმავლობისა და კერძო სექტორის განვითარებისთვის.
დინამიზმი არის, ბიუჯეტი იზრდება, მაგრამ რეალური ქმედებები ნაკლებად ჩანს. ადამიანებისათვის უკეთესი ცხოვრების პერსპექტივა უნდა ჩანდეს. თუკი ბიუჯეტიდან თითოეული თეთრი ეფექტურად გაიხარჯება, სწორად დაიგეგმება პრიორიტეტები, შედარებით უკეთესი სიტუაცია შეიძლება იყოს მომავალში, – ამბობს დავით კიკნაძე.
ლაურა გოგოლაძე
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.