ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ დღეს, 28 მაისს, ააიპ-ებში მიმდინარე რეორგანიზაციის შუალედური შედეგები მოისმინა.

ათი მუნიციპალური ააიპ-ის შერწყმის შედეგად სამი ააიპ-ი ჩამოყალიბდა: „კულტურისა და ხელოვნების ცენტრი,“ „სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი,“ „დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანება.“

„დეპუტატებს გვაინტერესებს, რა თანხა დაიზოგა ააიპ-ების შერწყმის შედეგად, რაში დაიხარჯება გამოთავისუფლებული თანხა და მივიღეთ თუ არა მერიის მიერ დაანონსებული 200 ათას ლარიანი დანაზოგი,“ – აღნიშნა კომისიის სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილმა.

„კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორის, ნიკოლოზ მაჭავარიანის ინფორმაციით, ააიპ-ებში ხარჯების კუთხით ძალიან რთული მდგომარეობა დახვდა – კულტურის ცენტრსა და ხალხური შემოქმედების სახლს, ფაქტობრივად, ხარჯები არ გააჩნდათ. კულტურის ცენტრისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი 262 ათასი ლარიდან წლის მანძილზე ხარჯი მხოლოდ 4 800 ლარი იყო, ხოლო ხალხური შემოქმედების სახლისთვის განსაზღვრული 40 ათასი ლარიდან – 400 ლარი.

„კულტურისა და ხელოვნების ცენტრიდან“ 23 თანამშრომელი გათავისუფლდა, ერთი საკუთარი სურვილით წავიდა. თანამშრომელთა ხელფასები მათი დატვირთვის შესაბამისად შემცირდა. ჯამში 34 701 ლარი დაიზოგა.

„ეს დაზოგილი თანხა ისევ ააი-პის განვითარებასა და ხარჯებს უნდა მოვახმაროთ, – ამბობს ნიკოლოზ მაჭავარიანი, – ჩვენი პრიორიტეტი სოფლებში ღონისძიებების ჩატარებაა. მუშავდება „კულტურისა და ხელოვნების ცენტრის“ 2018 წლის სამუშაო პროგრამა ივლისიდან დეკემბრის ჩათვლით.“

ნიკოლოზ მაჭავარიანი გეგმავს, რომ „კულტურისა და ხელოვნების ცენტრში“ შემავალი ყველა ქორეოგრაფიული და მუსიკალური ჯგუფისთვის ერთი სარეპეტიციო ადგილი გამოიყოს. ამ ააიპ-ს, ჯერჯერობით, არ აქვს თანხა უსინათლოთა პროგრამის დასაფინანსებლად, რომელიც გასულ წელს ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ხუთი თვის მანძილზე მიმდინარეობდა.

„სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის“ დირექტორის, გრიგოლ (გია) ჭიპაშვილის ინფორმაციით, მას არც ერთი თანამშრომელი არ გაუთავისუფლებია, პირიქით, მათთან შტატები გაიზარდა – დაემატათ საფეხბურთო სტადიონის ორი მომვლელის, დარაჯისა და დამლაგებლის შტატები.

„ჯერჯერობით თანხა არ გამოთავისუფლებულა, – ამბობს გრიგოლ ჭიპაშვილი, – უახლოეს დღეებში ტურიზმის ცენტრის თანამშრომლები სპორტსკოლის შენობაში გადმოვლენ და დაგვეზოგება კომუნალური ხარჯები. ასევე აღარ ვაპირებ ტურიზმის მიმართულებით მოადგილის დანიშვნას. ამჟამად პიროვნება შვებულებაშია და ჩვენთან მუშაობას აღარ აგრძელებს. გავაძლიერებთ და მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ სოფლებში არსებულ სპორტულ წრეებს. არ არის გამორიცხული, რომ რეორგანიზაციის პროცესში რამდენიმე შტატი შემცირდეს.“

გრიგოლ ჭიპაშვილის ინფორმაციით, ხარაგაულის საფეხბურთო სტადიონი ძალიან კარგ მდგომარეობაშია და ამიტომ ზესტაფონის საფეხბურთო გუნდი აქ გეგმავს თამაშების გამართვას. ააიპ-ი დამატებით შემოსავალს ელოდება სტადიონის გაქირავებიდან და სპორტულ დარბაზში მოქმედი ფიტნეს კლუბიდან. წელს წარმატებული სპორტსმენებისთვის ბიუჯეტიდან 10 ათასი ლარია დაგეგმილი. გრიგოლ ჭიპაშვილის ინფორმაციით, ჯერჯერობით ამ მიმართულებით თანხა არ გაუციათ.

„დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანების“ ბუღალტერის, ვიტალი იჩქიტიძის ინფორმაციით, აიიპ-ში შტატები არ შემცირებულა. ხელფასები შეუმცირდა ბუღალტერსა და შესყიდვების სპეციალისტს და 10 ათასი ლარი დაიზოგა, რაც სავარაუდოდ, ისევ ააიპ-ს უნდა მოხმარდეს – სოფლებში მობეტონებულ გზებზე მეეზოვეები უნდა დაინიშნონ.

„ამჟამად შერწყმული ააიპ-ის ბიუჯეტი 744 ათასი ლარია, – ამბობს ვიტალი იჩქიტიძე, – თუ საგანგაშო არაფერი მოხდა, ვგულისხმობ სპეცმანქანების ძვირადღირებულ რემონტს, მაშინ ეს თანხა წლის ბოლომდე გვეყოფა.“

„ვითხოვთ პასუხს შეკითხვაზე, სად არის მერიისგან დაანონსებული 200 ათასი ლარი, რომელიც ააიპ-ების რეორგანიზაციის შედეგად უნდა მიგვეღო,“ – კითხულობენ საკრებულოს წევრები ქეთევან ზუმბაძე და თორნიკე ავალიშვილი.

დეპუტატმა ინგა მაღრაძემ 4 ივნისს საკრებულოს სხდომაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის, ნიკოლოზ თოფურიძისა და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის, ვლადიმერ გელაშვილის მისვლა მოითხოვა ააიპ-ების რეორგანიზაციის საკითხებზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად.

ნინო კაპანაძე