კახა დევდარიანი: „ბაზალეთი ჩემი სალოცავია
ამბობს, რომ მაქსიმალისტია, საკმაოდ უშიშარი. ცხოვრებაში ბევრი წინააღმდეგობა შეხვედრია და იოლად არაფერი მიუღია. ბოლომდე, სიკვდილამდე ერთგულება შეუძლია, მაგრამ ღალატის მპატიებელი არაა. შეცდომას, თუ ის სისუსტისგანაა, ივიწყებს, თუ სიბოროტისგან – ვერა. რომ იცოდეს, ფიზიკურად ყველაზე უძლეველ ადამიანს შეეჭიდა, მაგრამ ის კაცი მტყუანია, დარწმუნებულია და უეჭველად მოერევა.მოხვედრილა ჩხუბში, როცა მისი მეგობარი მტყუანი ყოფილა. უყვარს ის, ვინც მართალია. ამით ბევრი დაუკარგავს. სიმართლის სიყვარული ძლევს მასში ყველაფერს. ვერ ეგუება საკუთარ შეცდომებს და ცდილობს, ყოველთვის სთხოვოს პატიება მას, ვისთანაც შეეშალა.
იმასაც ამბობს, რომ სიმართლის სიყვარული მამისგან გამოჰყვა. მამამისის, გრიგოლ (გუგული) დევდარიანის, შვილობა კი ნამდვილად არ გახლდათ იოლი. ბატონი გრიგოლი 37 წლის მანძილზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ მუშაობდა.
„მამას მთელი ცხოვრება ბეწვის ხიდზე უწევდა გავლა, – გვიამბობს გრიგოლ დევდარიანის შვილი კახა დევდარიანი, – მუდმივად ბრძოლებში იყო. სუფთა კაცად დარჩა. ეს მის ლექსებში ჩანს. უსინდისობას ვერ იტანდა. მართალი კაცის გულისთვის ლომს შეებმებოდა. შევარდნაძესთან და მის მთავრობასთან არაერთხელ მოსვლია კონფლიქტი. ძალიან პრინციპული კაცი იყო და ამავე დროს ძალიან თბილი. საოცრად აფასებდა მართალ ადამიანს, ებრალებოდა უბრალო მოქალაქეები.“

„იმ სიმარტოვეს
არ მიველტვი
ლოდი რომ ფარავს,
არც უდაბნოებს

სავსეს მტვერით,
არც მწირის კარავს.
მივყვები მხოლოდ
ჩემს კაცურ მრწამსს

და სივრცეს ფართოს,
ეს ვერ გამიგეთ?!
თუ ღმერთი გწამთ,
დამტოვეთ მარტო!“

-ამბობს ერთ ლექსში ბატონი გრიგოლი.
მშობლიური სოფლის, ბაზალეთის, დიდი მონატრება და სითბო იგრძნობა გრიგოლ დევდარიანის ლექსებში. დიდი სიყვარულით და განცდით მოიჩქარის ყოველ ზაფხულს ბატონი გრიგოლის ვაჟი კახა დევდარიანი ოჯახით ბაზალეთისკენ. აქ მას მშობლიური სახლი, მწვანეში ჩაფლული ეზო, ბავშვობის მოგონებები და წინაპრების სული უხმობს.
შეუძლებელია კახასთან საუბარი ბატონი გრიგოლის ცხოვრების გახსენების გარეშე შემდგარიყო.

მამას მუდამ მღვიძარე სინდისი ჰქონდა
საოცარად ზნეობრივი და თავშეკავებული კაცი იყო. ჩრდილში დგომაც შეეძლო, არ გაიქაჩებოდა ზედმეტად. რომ ხედავდა, ვიღაც ვიგინდარა აქტიურობდა, არ წავიდოდა იმის წინ და აცდიდა. ცხოვრებისეული განცდები ლექსებში გადმოსცა. მათში ძალიან დიდი სევდაა. კრებული „ფოთოლცვენა“ კამერული თეატრივითაა, ერთი კაცის თეატრივით. კაცი ფაქტებით და მოვლენებით ფასდება. ამიტომ რამდენიმეს გიამბობ.
ერთხელ, უმაღლეს სასამართლოში შესულს, ყვირილი შემოესმა პროკურორის კაბინეტიდან. დაინახა, რომ დაცვამ ერთ ბიჭს ხელებზე ბორკილები დაადო და სარდაფში წაათრია. მამა მაშინვე დაინტერესდა ამ ამბით. გაარკვია, რომ პროკურორი უკანონოდ იჭერდა იმ ახალგაზრდას. დახვდა ის ბიჭი კაბინეტთან პროკურორს და სთხოვა, უკანონოდ ნუ დამსჯით, ოთხი შვილი უპატრონოდ მრჩებაო.
მამაჩემსაც ბევრი ადამიანი ხვდებოდა ხან სახლის, ხან სამსახურის კარებთან, ხანაც გზაში. ყველას უსმენდა. შეეძლო ხელი გადაეხვია ყაჩაღისთვის და მისი გასაჭირი მოესმინა. ხშირად ამბობდა, კანონი ცივია და კაცის განსჯა ყოველთვის ერთმნიშვნელოვნად არ შეიძლება. ისეთი რამე შეიძლება გამოგრჩეს, რაც უმთავრესიაო.
მამაჩემმა სარდაფში ჩააკითხა პროკურორისგან შეურაცხყოფილ ბიჭს. მოისმინა მისი გასაჭირი და უთხრა, შენ ვერავინ დაგიჭერს, მართალი ხარო. აიყვანა კაბინეტში, ჩაი დაალევინა, მოაყოლა ბავშვობის ეპიზოდები, წაუკითხა თავისი ლექსები. შემდეგ ჩამოჰყვა ქუჩაში, ტაქსი გაუჩერა და სახლში გაუშვა. დაემუქრენ მამაჩემს, ამ ამბავს გადაჰყვებიო. მამამ სიმართლე ბოლომდე გაიტანა, ამ ბიჭს უშუამდგომლა და მიეხმარა. იმ პროკურორთან მტრობა დარჩა. ხშირად უწევდა ასე ბრძოლა. რომ ვეკითხებოდი, მამა რა გაძლებინეს-მეთქი, მპასუხობდა, ამ ჯოჯოხეთში წესიერი კაცებიც ხომ უნდა იყვნენ, ალბათ თაობები შეფასებენ ოდესმე იმას, რასაც ვაკეთებო.
მამა ამბობდა, რომ სხვანაირად ცხოვრება არ შეეძლო. ჩვენ მთავრობის აგარაკებზე ვისვენებდით. ყოველთვის ერიდებოდა თავის კოლეგებთან ურთიერთობებს. ამათ იმდენი ფული აქვთ, სადღეგრძელოს რომ ამბობენ, მაშინაც ფულზე ფიქრობენ და გულწრფელად როგორ ველაპარაკო, არავითარი წმინდა და ხალასი მათში არ არისო.
პოეზია იყო მისი ხსნა. ლექსებმა გადამარჩინაო, ხშირად უთქვამს. როცა მიხვდებოდა, რომ მოსამართლეს ფული ჰქონდა აღებული და განაჩენიც დაწერილი, – იმ დროს სასამართლო პროცესებზე ლექსებს წერდა.
ერთი მოსამართლე ახალგაზრდა კაცს უკანონოდ სჯიდა, ფული ჰქონდა აღებული მეორე მხარიდან. გუგულიმ საჩივარი დაწერა, გააპროტესტა და სასამართლო დარბაზში სერიოზული კამათი გაიმართა. მოსამართლემ შევარდნაძესთან უჩივლა. შევარდნაძეს უთქვამს, ხმა არ გასცეთ დევდარიანს, წესიერი და სუფთა კაციაო.
…სტუდქალაქში მიმდინარეობდა კოოპერატიული ბინათმშენებლობა. შეიტანეს ახალგაზრდებმა და ოჯახებმა ფული. მთავრობამ დაიწყო მშენებლობა, რომელიც მალევე შეჩერდა და ხალხი უბინაოდ დარჩა. მოქალაქეებმა მამაჩემს მიმართეს. მან სახელმწიფოს, კომუნისტური პარტიის წინააღმდეგ გამოიტანა გადაწყვეტილება და სახელმწიფოს საკმაოდ სოლიდური თანხა დააკისრა მოქალაქეთა სასარგებლოდ. მამას ბიუროს სხდომაზე სასტიკი საყვედური გამოუტანეს და პარტიიდან გარიცხეს. რომ დამხვრიტოთ, ეს ხალხი მაინც მართალიაო, იძახდა მამა. შემდეგ საჩივარი მოსკოვში გაგზავნა. მოსკოვის უმაღლესმა სასამართლომ მამაჩემის სიმართლე დაადასტურა. მოუვიდა შევარდნაძეს წერილი, თქვენ რომ პარტიიდან გარიცხეთ, ის კაცი პარტიასთან მართალიაო. პარტიული კომიტეტის მდივანს, შალვა ყარყარაშვილს უთქვამს, გრიგოლ დევდარიანისნაირი კომუნისტები ჩვენ ხელისგულზე უნდა ვატაროთო. მარტო ის იყო მამას პარტიიდან გარიცხვის წინააღმდეგი. შემდეგ პატარიძესაც უთქვამს, მაგარი ვაჟკაცი ხარო.
…ქუთაისელი მეგობარი ჰყავდა, რომელიც ბაღდათის რაიონში დიდ თანამდებობაზე მუშაობდა. აღმოუჩინეს ხარვეზი და უნდა დაეხვრიტათ. გაიგო თუ არა ეს ამბავი, მამა სასწრაფოდ გაეშურა მეგობართან. დიდი ავტორიტეტითა და პატივისცემით სარგებლობდა იქაც, რადგან წლების მანძილზე პროკურორად მუშაობდა ქუთაისში. შევიდა დაკითხვაზე მეგობართან და უთხრა, გააღე ფანჯარა და გადახტი, მე ვიტყვი, რომ გამექეციო. ასეთ რადიკალურ რისკზე წასვლა შეეძლო ძმაკაცობისთვის. ერთი წელი იმალებოდა ის კაცი, მერე კანონი შეიცვალა და დანაშაულიც ეპატია. მახსოვს, სიბერეში ჩვენთან სტუმრად მოსული მამას მეგობარი როგორ ტიროდა ამ ამბის გახსენებისას…
…სანადიროდ დადიოდნენ მეგობრები აზერბაიჯანში. ყოველთვის იქ მცხოვრებ ქართველთან სტუმრობდნენ. ერთხელაც დაიჭირეს ის კაცი და ჩასვეს ორთაჭალის ციხეში. მამამ ეს ამბავი ცხრა თვის შემდეგ შეიტყო. მისთვის ციხეში შესვლა ადვილი იყო და მოინახულა. უკითხავს, ჩვენმა საერთო მეგობრებმა თუ იციან ეს ამბავი და თუ გნახულობენო. აღარავის ვახსოვარ, ოჯახი მშიერი მყავსო, – უთქვამს პატიმარს. მამამ დაიბარა ყველა ძმაკაცი, უთხრა, კვირას მივდივართ სანადიროდ აზერბაიჯანში, აიღეთ პროდუქტები, ფული და წავიდეთო. 20 კაცზე დააშვებინა საშვი ციხეში. მოულოდნელად დააყენა თავზე მეგობარს. გადაირია თურმე ის კაცი. გუგული არ გამოჩენილა. მას ეგონა, რომ ძმაკაცებს თავად მოაფიქრდათ ციხეში მისვლა. შემდეგ მამასთვის უთქვამთ, ჩვენ ყველანი არაკაცები ვართ, ნაღდი კაცი შენ ყოფილხარო.
…ზვიად გამსახურდიამ შესთავაზა უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარეობა. ეროვნული მოძრაობის წევრებმა იცოდნენ, რომ მამაჩემი სუფთა კაცი იყო. უარი შეუთვალა. უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარე აწერდა ხელს დახვრეტებზე. როგორი დამნაშავეც უნდა იყოს და ჩემი ხელმოწერის შემდეგ დახვრიტონ, იმ ღამეს რაღა დამაძინებსო, – გვითხრა.
არც მე ვარ სულით უხეში, მაგრამ მამაჩემი მაინც საოცარი ადამიანი იყო. მას ცხოვრების ყველა კადრი თითქოს თვალწინ ედგა. დავიწყება არ შეეძლო ადამიანის. მუდამ მღვიძარე სინდისი ჰქონდა. მისთვის წარსული და მომავალი გაერთიანებული იყო. ბავშვობაში კამფეტი უჩუქებია ერთ მოხუც კაცს და ნატრობდა, ნეტავ მისი შვილი ან შვილიშვილი მანახაო.
ასაკში შესული ნანობდა, ბევრი შაშვი მომიკლავს ბავშვობაში და ახლა რამდენჯერაც შაშვის ხმას გავიგონებ, მგონია საყვედურს მეუბნებიანო. სიმართლისთვის დაუნდობლად მებრძოლი ძალიან ბავშვური და ძალიან სევდიანი იყო.
ცელქი ბავშვი ვიყავი და ამიტომ დედა ახვედრებდა ხოლმე ამბავს და სთხოვდა ჩემს დასჯას. ოთახში დამტოვებდა, მეტყოდა, შენ კარგი კაცი ხარ, მაგრამ დედას უთხარი, რომ გეჩხუბე, თუმცა იცოდე მაინც ფრთხილად იყავი და კაცურად იცხოვრე. არ მთხოვდა, რომ მესწავლა. მეტყოდა, იცხოვრე, კაი ბიჭი ხარ, გაიმარჯვებო.
ყოველთვის ველოდებოდი მამის სახლში მოსვლას. გვიან ღამით დაღლილს უამბნია ჩემთვის ბევრი რამ. თავის თანამდებობას, როგორც რაინდი, ისე უყურებდა. შეიძლება სულელიც ვარ, თქვენთან შემცდარიც, ასე ხელმოკლედ რომ გაცხოვრებთ, ერთხელაც რომ ამეღო ქრთამი, უკეთესად ვიქნებოდით, მაგრამ მერე ამაყად ვეღარ ვივლიდით. საქართველოში, სადაც უნდა გავიარო, ზურგში ვერავინ შემაფურთხებს და ეს მირჩევნია ყველაფერსო, – ამბობდა.
მეგობრობდა სერგო ჭეიშვილთან, მუხრან მაჭავარიანთან, შოთა ნიშნიანიძესთან. შოთა ნიშნიანიძემ მამას ლექსი მიუძღვნა, რომელიც მის კრებულშია შესული.

სახელოვანი წინაპარი
კახა დევდარიანის დიდი ბაბუა – პავლე მეფისაშვილი მეცენატი და კინოხელოვნების მოყვარული გახლდათ. ბაქოში მუშაობისას გაიცნო ვასილ ამაშუკელი, – პირველი ქართველი კინოდოკუმენტალისტი. ვასილ ამაშუკელს იმ დროს უკვე რამდენიმე დოკუმენტური ფილმი ჰქონდა გადაღებული – „როგორ მოიპოვებენ ბაქოში ნავთობს,“ „კვირადღე ბაღში“ და სხვ. შემდეგ პავლე მეფისაშვილი ქუთაისში დაბრუნდა და კინოთეატრ „რადიუმის“ მართვა ჩაიბარა ტიხონ ასათიანთან ერთად. ტიხონ ასათიანი ქუთაისის საკრებულოს ხმოსანი გახლდათ. მათ ფოთსა და ჭიათურაში ჰქონდათ გადაწყვეტილი კინოთეატრების გახსნა, თუმცა ეს მაშინ მომგებიანი საქმე არ იყო. ეწეოდნენ ქველმოქმედებას, ბავშვებს უფასოდ აყურებინებდნენ ფილმებს. ბევრი ცნობილი მოღვაწე საჯარო ლექციებს ატარებდა კინოთეატრის დარბაზში. კინოთეატრი მათ ფაქტიურად სასწავლო ცენტრად აქციეს. ძალიან პროგრესულები იყვნენ და ხელს უწყობდნენ ახალგაზრდებს. ეს ყოველივე მათ ძვირად უჯდებოდათ.
დოკუმენტური ფილმი „აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“ ვასილ ამაშუკელმა 1912 წელს ტიხონ ასათიანისა და პავლე მეფისაშვილის დაფინანსებით გადაიღო. მათ შეუძინეს ახალგაზრდა ვასილს ფილმის გადასაღებად საჭირო ფირი და აპარატურა. ამის დამადასტურებელი დოკუმენტები დაცულია ქუთაისის არქივში. ამ ორი ადამიანის სახელი ისტორიამ რატომღაც დაივიწყა. დროდადრო ქუთაისის გამოცემები 60-70-იან წლებში წერდნენ, რომ ამ ორი დიდი ქართველის ღვაწლი არ უნდა დავივიწყოთ. ორიოდე კვირის წინ საპატრიარქოს არხმა გააკეთა გადაცემა მათ შესახებ. პავლე მეფისაშვილი ყოველთვის ისეთ საქმე საკეთებდა, რაც მომავალ თაობას და ეროვნულ საქმეს წაადგებოდა.

მეძახის ხოლმე ბაზალეთის მიწა
ჩემთვის ბაზალეთი რა არის, ამას ყველაზე უკეთ ჩემი მოთხრობები ამბობენ. ორი სიტყვით ასე გეტყვი: თითქოს მეძახის ხოლმე ეს მიწა.
ბავშვობაში ვნახულობდი საშინელ სიზმარს და ძალიან ცუდ ხასიათზე მეღვიძებოდა. თითქოს ბაზალეთში აშენებულია ცხრასართულიანი კორპუსი. ორი საშინელი სიზმარი მქონდა – ერთი მათემატიკის გამოცდა და მეორე – ბაზალეთში აშენებული კორპუსები.
თბილისში ქუჩაში ჩხუბისას ყოველთვის ვამბობდი, რომ ვარ ხარაგაულელი. არავინ იცოდა, სად იყო ხარაგაული, მაგრამ, ვთვლიდი, ხარაგაულის ხსენება უფრო დამეხმარებოდა გაჭირვებისა და განსაცდელის დროს.
ყველაფერი მიყვარს აქ. მტვერიც კი. ბავშვობაში რომ წავიდოდი სოფლიდან, დიდხანს ფეხსაცმელს არ ვაშორებდი ბაზალეთის ტალახს. შემდეგ ჩავიყრიდი ჯიბეში, ჯიბიდან გადავყრიდი პარკში. გავხსნიდი გაკვეთილზე, ვუყურებდი და ვეფერებოდი…
ცოტა რთულად ვაზროვნებ, ეს ჩემს მოთხრობებში იგრძნობა. ყველა ჩასაფრებულია თითქოს. აქ, ბაზალეთში კი საოცარი სისუფთავეა. ამხელა სიყვარული, რაც ამ სოფელში სუფევს, სხვაგან არსადაა. ბაზალეთი ჩემი სალოცავია.
ასეთი სიკეთე, სითბო, სულიერი სიმაღლე, ასეთი ნიჭიერება სხვა კუთხეში არ მინახავს, ბაზალეთის გარდა.
ძალიან უყვარს ბაზალეთი კახა დევდარიანის მეუღლეს, ირინე კობახიძეს. ირინე ნიკა მემანიშვილის ორკესტრში ალფაზე უკრავს. „თავისუფალი დრო როცა მაქვს, მაშინვე ბაზალეთში მოვდივართ. აქ კახასთვის თითოეული ქვა ძვირფასია. ამიტომ მეც საოცრად, სხვანაირად შემიყვარდა ბაზალეთი,“ – ამბობს ირინე.
კახა დევდარიანი სამი წიგნის ავტორია. მისი ადრეული ნოველები ოცი წლის წინ დაბეჭდა ჟურნალმა „ნობათი.“ პირველ წიგნს „თოვლში გამოჭრილი სარკმელი“ ერქვა, მეორე წიგნი – „გზა დიდ დროში“ 1994 წელს გამოიცა, 2002 წელს კი – „სევდა ჩვენი ბავშვობის და სევდა მესაყვირისა.“ „ლიტერატურული საქართველო“ ხშირად ბეჭდავდა ჩემს მოთხრობებს. ახლა ჩემი ნაწერის ფართო საზოგადოებაში გატანას თავისი სირთულეები ახლავს,“ – ამბობს კახა.
აი, როგორ აღწერს კახა დევდარიანი მოთხრობაში „შორს, ღამეში მინდვრები აგრძელებენ გაქცევას“ მშობლიურ სოფელთან განშორებას:
…„ვიხედები უკან, სადაც იდგა ძველი სახლი. მიწაზე ყრია დაფხვნილი ცარცი, მოდის თიხის სუნი. მამა თავზე ხელს გადაუსვამს თავის წყლის პირას დარჩენილ შვილს. ნიავმა დაუბერა, ამაბორიალა, კაკლის ხეების ფოთლებში მივყავარ. შეშინებული ვეძახი მამას, მაინც მიყვარს ვერცხლისფერი, ანთებული სიღრმე, ოდნავ შორეული. დაბრუნდი. მეძახის სერებზე ამობრუნებული მიწა. თქვენსკენ მზე არის ნაკლები – საღამოს ქარი მთას მიმანარცხებს მსუბუქი ფეთებით… მამა და მეგობარი წასვლის წინ ტახტზე წვანან, გარეთ წვიმს. მამა იგონებს წარსულს. მზეს დავუცადოთ, იქნება კარგი დღეები. ვდგავართ რაიონის სადგურის ბაღში. ვიღებთ სურათს. მოითმინეთ, გვაყოვნებს ფოტოგრაფი…“
…„იწყება დიდი მინდვრები, გათავდა მთები, გავივლით გვირაბს და ახლობელი გემო მიწების ჩაეფარება ნაცნობ სიღრმეებს…“

ნინო კაპანაძე