ხარაგაულის ცენტრალურმა ბიბლიოთეკამ პროექტის „შეხვედრა ცნობილ ადამიანებთან“ ფარგლებში 16 მაისს მწერალ როსტომ ჩხეიძეს, სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორ ნინო ვახანიას და მწერალ ელგუჯა თავბერიძეს უმასპინძლა.

შეხვედრა კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორმა ნიკოლოზ მაჭავარიანმა გახსნა. მან ბიბლიოთეკის პროექტისა და როსტომ ჩხეიძის წიგნის „ეკლის გვირგვინი“ შესახებ ისაუბრა.

„ეკლის გვირგვინი“ დამოუკიდებელი საქართველოს პირველ პრეზიდენტს, მწერალს, მთარგმნელსა და საზოგადო მოღვაწეს ზვიად გამსახურდიას ცხოვრებასა და მოღვაწეობას ეძღვნება.

ნაწარმოების, მისი შექმნის, ზვიად გამსახურდიას, – როგორც პიროვნებისა და მრავალმხრივი შემოქმედის შესახებ ვრცლად და საინტერესოდ ისაუბრა თავად ავტორმა როსტომ ჩხეიძემ. მან აღნიშნა, რომ ზვიად გამსახურდიამ შეძლო დიდი ილიას გზის გაგრძელება, საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენა და ქართველთა ოცნების ახდენა, მიუხედავად მის თავზე დატეხილი ქარტეხილებისა. 

წიგნი-დილოგია ორ თხზულებას – „თუ საწუთრომან დამამხოს“ და „ძველი ხიბულას საიდუმლოება“ – აერთიანებს და ერთ ბიოგრაფიულ რომანად არის შექმნილი.

მწერალმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ზვიად გამსახურდიას ბურუსით მოცული გარდაცვალების სხვადასხვა ვერსიაზე. მან აღნიშნა,რომ წიგნის გამოსვლის შემდეგ დასრულდა საუბარი ზვიად გამსახურდიას თვითმკვლელობის შესახებ. როსტომ ჩხეიძემ ასევე ისაუბრა მერაბ კოსტავას ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ და აღნიშნა, რომ ეროვნულ გმირს – მერაბ კოსტავას აქვს საინტერესო ნაშრომები, რომელიც შეიძლება ტომებად გამოიცეს.

შეხვედრის დასასრულს მწერალმა მადლობა გადაიხადა მოწვევისთვის და აღნიშნა, რომ „ხარაგაული გეოგრაფიულად არის პროვინცია, მაგრამ არის ხელოვნებისა და კულტურის ცენტრი“.

შეხვედრაზე როსტომ ჩხეიძის შემოქმედების შესახებ ისაუბრეს და დამსწრე საზოგადობას მიმართეს იზა ვეფხვაძემ, მერი გიორგიძემ, ირინე ჩხეიძემ, რუსუდან გიორგაძემ, ეკა შველიძემ და ზეინაბ ბუაჩიძემ. 

ბიბლიოთეკის დირექტორმა ნიკოლოზ მაჭავარიანმა მოწვეულ მწერალს საჩუქრად წმინდა ნიკოლოზის ხატი გადასცა.