ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და სწავლების ცენტრის მიერ 14 მაისიდან 2 ივნისამდე ყველა მუნიციპალიტეტში ხორციელდება პროექტი „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები“.

სასწავლო პროექტში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებში 2018 წლის 10 აპრილიდან 20 აპრილის ჩათვლით გაიარეს.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში პროექტში მონაწილეობის 77 მსურველი დარეგისტრირდა.

„ტრენინგის მონაწილეებისგან სამი ჯგუფი შედგა, – ამბობს საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ტრენერი არჩილ ბლიაძე, – თითოეულ ჯგუფს სამ-სამ დღიანი ტრენინგები უტარდებათ, რის შემდეგაც მათ შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცემათ.

„საარჩევნო ადმინისტრატორის სასწავლო კურსების“ მიზანია კვალიფიციური კადრების მომზადების ხელშეწყობა მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის. ტრენინგის მონაწილეები ეცნობიან კენჭისყრამდე მოსამზადებელ და კენჭისყრის დღის პროცედურებს, საუბნო საარჩევნო კომისიის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს.“

ტრენინგის მონაწილე თამარ შარიქაძე კმაყოფილია მიღებული ინფორმაციით. ის ამბობს, რომ ამომწურავი პასუხები მიიღო მისთვის საინტერესო ყველა შეკითხვაზე. თამარი მიიჩნევს, რომ წინასწარ დატრენინგებული საარჩევნო მოხელე შეცდომებისგან უფრო მეტადაა დაზღვეული.