დაბა ხარაგაულის მოსახლეობას, წლებია, სასმელი წყლის მომარაგებასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს, – კერძოდ, წყლის ხარისხი, გრაფიკი და ღირებულება.
როგორ აპირებს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მომხმარებლებისთვის მომსახურების გაუმჯობესებას, ამის გასარკვევად ამ კომპანიის ზემო იმერეთისა და რაჭის რეგიონული ფილიალის მენეჯერი კობა ქიმაძე და ხარაგაულის სერვისცენტრის უფროსი ტარიელ ავალიშვილი ხარაგაულის საკრებულოში მიიწვიეს.
მსჯელობა საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის სხდომაზე (თავმჯდომარე მალხაზ ფხალაძე) გაიმართა.
სხდომას, საკრებულოს წევრებთან ერთად, ესწრებოდნენ პარლამენტარი კობა ლურსმანაშვილი, მერის პირველი მოადგილე არჩილ მაღრაძე და მოქალაქე ბესო დავაძე.
გაირკვა, რომ წყალმომარაგების კომპანია ლეღვნის წყალსადენის სათავის რეაბილიტაციას გეგმავს. რეაბილიტაციის პროცესში რომ მოსახლეობა სასმელი წყლის გარეშე არ დარჩეს, ამისთვის კომპანია ხარაგაულის ადგილობრივ ხელისუფლებას მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული წყლის იმ სისტემის გადაცემას თხოვს, რომლითაც პატარა ხარაგაულში მცხოვრები 60-მდე ოჯახი და ხარაგაულის საავადმყოფო სასმელი წყლით მარაგდება.
რა პირობებით უნდა გადაეცეს წყლის კომპანიას დაბა ხარაგაულის მოსახლეობისთვის სასმელი წყლის მიწოდების ალტერნატიული სისტემა, ამაზე მერია, საკრებულო და კომპანია ერთობლივად უნდა შეთანხმდნენ.
ჯერჯერობით, არაა ცნობილი, თუ რა დრო დასჭირდება კომპანიას ლეღვნის წყალსადენის სათავის აღსადგენად.
სხდომაზე აღინიშნა, რომ ლეღვნის წყალსადენიდან ასევე მარაგდება დიდვაკისა და საღანძილის მოსახლეობის ნაწილი; დიდვაკეში არსებობს წყლის მიწოდების ალტერნატიული შესაძლებლობა, რითაც საღანძილის მოსახლეობის ნაწილიც ისარგებლებს.
კობა ქიმაძე: -რამდენიმე თვეა, რაც მუშაობა დავიწყე ზემო იმერეთისა და რაჭის რეგიონული ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე. რამდენიმე მუნიციპალიტეტში, მათ შორის ხარაგაულში, პრობლემები დამხვდა. დაბა ხარაგაულში 1 137 აბონენტი გვყავს; მათ შორის 117 იურიდიული პირი და 1 020 ფიზიკური აბონენტი. გამრიცხველიანებულია ყველა იურიდიული პირი და 790 ფიზიკური აბონენტი. გამრიცხველიანება უმნიშვნელოვანესია წყლის ყაირათიანად მოხმარებისა და საკმარისი დებეტის შესანარჩუნებლად.
ვიცი, რომ ლეღვანისა და ისლარის წყალსადენების სათავეებში წვიმიან ამინდებში წყალი იმღვრევა და, არა ძალიან ხშირად, მაგრამ 24-საათიანი წყალმომარაგება გვერღვევა.
ამასთან დაკავშირებით დავსახეთ ორი მიმართულება. ერთია გრძელვადიანი მიმართულება, რომ ჩვენ მოვაწესრიგოთ აღნიშნული სათავე ნაგებობები და მეორე ალტერნატივაა, რომ გადმოგვეცეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული ჭაბურღილი, რომელიც ამჟამად ამარაგებს პატარა ხარაგაულში 60-მდე ოჯახსა და საავადმყოფოს. აღნიშნულ ჭაბურღილს გააჩნია საკმარისი დებეტი საიმისოდ, რომ ლეღვნის წყალსადენში წყლის ამღვრევის შემთხვევაში გამოვიყენოთ ეს წყალი.
საუბარია ერთ ჭაბურღილზე, რომელსაც ამჟამად საქლორატორო არ აქვს. პატარა ხარაგაულში მცხოვრებ 60-მდე აბონენტს დაუქლორავი, ტექნიკური წყალი მიეწოდება.
მუნიციპალიტეტის კუთვნილი ჭაბურღილის თუნდაც დროებით სარგებლობაში გადმოცემის შემდეგ ჩვენ მოგვიწევს ერთკილომეტრიანი მაგისტრალისა (150 მმ-იანი მილით) და საქლორატოროს მშენებლობა; იმიტომ, რომ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ ნორმებს თუ არ აკმაყოფილებს, ჩვენ ისე წყალს მოსახლეობას ვერ მივაწოდებთ. სწორედ ამიტომ არის ხოლმე, რომ ამღვრევის შემთხვევაში წყლის მიწოდებას ვწყვეტთ.
შეხვედრაზე ხანგრძლივი და ცხარე კამათი გაიმართა მოხმარებული წყლის ღირებულებასთან დაკავშირებით და აღინიშნა, რომ თვითდინებით მიღებული ერთი ტონა წყალი 41 თეთრი არ უნდა ღირდეს. კობა ქიმაძემ განაცხადა, რომ ხარაგაულის საკრებულოში ამაზე მსჯელობასა და კამათს აზრი ნაკლებად აქვს, რადგან ფასებს სემეკი ადგენს. ღირებულების გასაჩივრების უფლება ნებისმიერ დროს ნებისმიერ მოქალაქეს აქვს. თუმცა, ფასების გადახედვის მოთხოვნით სემეკისთვის მიმართვა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასაც შეუძლია.
შეხვედრაზე თემურ ფცქიალაძემ აღნიშნა, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტს სასმელი წყლის სისტემა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისთვის არ უნდა გადაეცა. მანვე გააპროტესტა თვითდინებით მიღებული წყლის სიძვირე – ერთ ტონა წყალზე 41 თეთრი და ის ფაქტი, რომ კომპანიას მომხმარებლებთან ხელშეკრულებები გაფორმებული არ აქვს.
„ხელშეკრულება რატომ არ არსებობს მოსახლეობასა და კომპანიას შორის? მომეცით ხელშეკრულება და მივმართავ სასამართლოს. 41 თეთრი რატომ უნდა ღირდეს ხარაგაულში წყალი, რომელიც თვითდინებით მოდის? რატომ გადაეცა ეს წყლის სისტემა კომპანიას? ჩვენ ვერ მოვუვლით? დაგვიბრუნეთ წყლის სისტემა. პირველად რომ გამრიცხველიანება ჩატარდა, კრიმინალია. მთელი დაბა გამრიცხველიანდა, მრიცხველები გაიყინა და მოხსნეს. ბიუჯეტიდან გადაშვლიპეს იმ 600 თუ 700 მრიცხველის ფული,“ – ამბობს თემურ ფცქიალაძე.
საკრებულოს ფრაქცია „თვითმმართველობა ხალხისათვის“ თავმჯდომარე ინგა მაღრაძე ამბობს, რომ წყლის ახალი სისტემის კომპანიაზე გადაცემა ორმხრივად სასარგებლო იქნება, რადგან მუნიციპალიტეტს ჩამოეხსნება მართვაზე პასუხისმგებლობა და კომპანია შეძლებს ლეღვნის წყალსადენის სათავე ნაგებობის მოწესრიგებას. მანვე აღნიშნა, რომ წყლის ტარიფი გადასახედია, მით უფრო, რომ სოციალურად დაუცველ მოსახლეობას გადახდა უჭირს და არის შემთხვევები, რომ წყლის ღირებულების გადაუხდელობის გამო ოჯახს წყლის მიწოდება შეუწყვიტეს.
დაბა ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი პაატა გოგოლაძე მიიჩნევს, რომ უმთავრესი მოსახლეობისათვის მიწოდებული წყლის ხარისხია, როგორი ფასიც უნდა ჰქონდეს მიწოდებულ წყალს. თუმცა, მანვე აღნიშნა, რომ წყლის ტარიფი უნდა გადაიხედოს.
-წყლის სისტემის გადაცემის მომენტისთვის კომპანიას დაეკისრა ვალდებულება, რომ მისი მართვის პერიოდში არ გაუარესებულიყო მდგომარეობა, – ამბობს პარლამენტარი კობა ლურსმანაშვილი, – იმასთან შედარებით, რა მდგომარეობაშიც ჩაიბარეს, ვითარება გაუარესებულია. აქედან გამომდინარე, კომპანიამ აიღო ვალდებულება, რომ მოაწესრიგებს ამას. ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ.
კომპანიამ და თვითმმართველობამ ერთობლივი გადაწყვეტილებით უნდა უზრუნველვყოთ 24-საათიანი ხარისხიანი წყლის მიწოდება. ეს არის ჩვენი ამოცანა. დარწმუნებული ვარ, რომ მე, როგორც დეპუტატი, საკრებულო და მერია ერთიანი პოზიციით ვიქნებით, რომ გადაწყვეტილებები იყოს დროულად და გონივრულად მიღებული. არავისი ინტერესი არ უნდა დაზარალდეს.
-სემეკის მოთხოვნის მიხედვით, წყალმომარაგების მომსახურებაზე დაწესებულმა ტარიფმა უნდა უზრუნველყოს არა მხოლოდ წყლის ხარისხი და მომხმარებლებისათვის მომსახურების გაწევა, არამედ სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო, საპროფილაქტიკო და გადაუდებელი სამუშაოების ჩატარება, – ამბობს საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილი, – ხარაგაულში წყლის ხარისხი დამაკმაყოფილებელი არ არის. მე მინახავს მოსახლეობის ერთობლივი განცხადება, სადაც მოქალაქეები გულისწყრომას გამოხატავენ არსებული პრობლემების გამო.
მაინტერესებს, რომელი სარეაბილიტაციო, საპროფილაქტიკო და გადაუდებელი სამუშაოები ჩაატარა კომპანიამ და დაახლოებით რა ხარჯი გაწია.
კობა ქიმაძე: -შარშან გვქონდა 600-მდე დაზიანება და აღმოვფხვერით. ძირითადად, ეს ეხებოდა მილების დაზიანებებს.
მოქალაქე ბესო დავაძე დაინტერესდა, მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული ჭაბურღილი მუდმივად გადაეცემა კომპანიას, თუ დროებით სარგებლობაში.
კობა ქიმაძის განმარტებით, ეს ჭაბურღილი იქნება სათადარიგო, რადგან კომპანიას ლეღვნის წყალსადენის სათავეზე აქვს სამუშაოები ჩასატარებელი.
ბესო დავაძე: -თუ სათადარიგოა თქვენთვის, მაშინ გამოიყენეთ მანამ, სანამ ლეღვნის წყალსადენის სათავეზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაასრულებთ. ჭაბურღილი თუ მუდმივად გადმოგეცემათ, ძალიან ცუდი იქნება.
კობა ლურსმანაშვილი: -საკრებულომ უნდა გადაწყვიტოს, რა პირობებით გადასცეს და როგორ. გადაეცემა პირობებიანი ვალდებულებებით.
-სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია რამდენჯერმე მოხდა, – ამბობს ბესო დავაძე, – იქ ფილტრების მაგივრად მექანიკური გამწმენდი იყო და მიწა ჩაიყარა. ხარისხიანად უნდა მოწესრიგდეს, რაც გაკეთდება.
საკრებულოს წევრმა მიხეილ ჭიპაშვილმა სხდომაზე აღნიშნა, რომ დღემდე ვერ მოხერხდა შეთანხმება წყალმომარაგების კომპანიასთან, რომ დაბა ხარაგაულში სამი ფანტანი ამუშავებულიყო უსასყიდლოდ. ადამიანებმა რომ ხარაგაულის ქუჩაში წყლის დალევა შეძლონ, სამ ფანტანზე ყოველდღიურად 300 ლარის გადახდაა საჭირო. ეს არის ძალიან ძვირი.
შეხვედრაზე დეპუტატმა ვარლამ ჭიპაშვილმა აღნიშნა, რომ ურთიერთშეთანხმების პროცესში უნდა იმსჯელონ მოსახლეობისთვის ტარიფის დაწევის შესაძლებლობებზე.
წყლის კომპანია ყოველთვიურად 8 ათას ლარს იღებს აბონენტებიდან გადასახადის სახით. მუნიციპალიტეტი 3 600 ლარს იხდის პატარა ხარაგაულის ჭაბურღილზე გახარჯული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარავად.
„წყლის კომპანიისგან ხარაგაულში გადასახადების სახით ამოღებული 8 ათასი ლარიდან 3 500 ლარამდეა ფიზიკური პირებისგან გადახდილი გადასახადი, – ამბობს ვარლამ ჭიპაშვილი, – დაახლოებით იმდენივე, რამდენსაც ვიხდით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან პატარა ხარაგაულის ჭაბურღილზე გახარჯული ელექტროენერგიისთვის, პატარა ხარაგაულის მოსახლეობას რომ წყალი მივაწოდოთ. კარგი იქნება, კომპანიასთან შევთანხმდეთ, რომ ეს ხარჯი – ყოველთვიურად 3 500 ლარი – ისევ გასწიოს მუნიციპალიტეტმა და ამის ხარჯზე შემცირდეს ხარაგაულში ფიზიკური აბონენტებისთვის დაწესებული წყლის ტარიფი.
მუნიციპალიტეტს ახლა ორი ინტერესი გვაქვს – ხარისხიანი წყალი და ტარიფი. ხარისხზე კომპანია იღებს პასუხისმგებლობას, რომ მოსახლეობას ამღვრეული აღარ მიეწოდება – ალტერნატივას, ჭაბურღილის გადმოცემით, მუნიციპალიტეტი ვაძლევთ. საფასურის თანადაფინანსება პირდაპირი ფორმით თუ ვერ მოხერხდება, ამ 200 ათასი ლარის ქონების (წყლის სისტემის) გადაცემით, გარკვეული პერიოდით მაინც უნდა ჩაითვალოს თანადაფინანსებად, ანუ შემცირდეს გადასახადი. ეს რომ იყოს კომპანიის მხრიდან ვალდებულება, ამაზეც უნდა ვიმსჯელოთ.
კომპანიისთვის ხომ ვალდებულებაა, წყლის ამღვრევის შემთხვევაში იფიქროს ალტერნატივაზე, იფიქროს შეკეთებაზე. მუნიციპალიტეტი 200 ათასი ლარის ქონებას რომ გადასცემ, უნდა ვისაუბროთ პირდაპირპროპორციულად ფასთან მიმართებაში.
200 ათასი ლარი ღირებულების მუნიციპალური ქონება, რომელიც კომპანიის სარგებლობაში გადავა, უნდა გახდეს ერთგვარი გარანტი იმისა, რომ ვიფიქროთ, დაბა ხარაგაულში მცხოვრები 1 050 აბონენტისათვის ტარიფის შემცირებაზე,“ – ამბობს ვარლამ ჭიპაშვილი.
ლაურა გოგოლაძე
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.