ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურომ მერიას სოციალურ პაკეტში შესატანი ცვლილებების პროექტი უკან დაუბრუნა.
ბიუროს პირველ მაისს გამართულ სხდომაზე საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილმა მერიის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის მიერ წარდგენილ დოკუმენტს უპასუხისმგებლოდ მომზადებული უწოდა და აღნიშნა, რომ სოციალურ პაკეტში მერიისგან წარდგენილ ცვლილებაზე დათანხმება პოლიტიკური თვითმკვლელობა იქნება.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის მიერ მომზადებული ცვლილებების პროექტის მიხედვით, სოციალურ პაკეტში ოთხი ქვეპუნქტის დასაფინანსებელი თანხა მცირდება. კერძოდ:
მერიის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახური სტატისტიკას იშველიებს და აღნიშნავს, რომ გასული წლის წინა კვარტალთან შედარებით თითქმის სამჯერ გაიზარდა ონკოლოგიურ ავადმყოფთა მომართვიანობა: 2017 წლის პირველ კვარტალში მერიის სამსახურს 34-მა მოქალაქემ მიმართა, 2018 წლის პირველ კვარტალში კი – 94-მა.
დეპუტატი ვარლამ ჭიპაშვილი მიიჩნევს, რომ ცალკეულ პროგრამებზე თანხის შემცირებით ერთი პროგრამის სრულყოფილად დაფინანსება მაინც უნდა შევძლოთ. დეპუტატი ამბობს, რომ არ არის შესწავლილი, თუ რომელი პროგრამაა უფრო მეტად პრიორიტეტული და ამიტომ ერთდროულად ყველა პროგრამის დაფინანსების შემცირება არაგონივრულია.
ვარლამ ჭიპაშვილმა მუნიციპალურ ააიპ-ებში მიმდინარე რეორგანიზაციის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ „სათნოების სახლში“ ხუთი თანამშრომელი გათავისუფლდა და ამის ხარჯზე, ნაცვლად კვების დაფინანსების გაზრდისა, ადმინისტრაციაში ხელფასები მოიმატეს. „სათნოების სახლის“ რეორგანიზაციამ, ვარლამ ჭიპაშვილის ინფორმაციით, თვეში მხოლოდ 540 ლარის დანაზოგი მოგვცა. საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ამბობს, რომ სპორტისა და ტურიზმის ცენტრში საშტატო ნუსხაც გაიზარდა და სახელფასო ფონდიც.
დეპუტატი დავით კიკნაძე მიიჩნევს, რომ ერთჯერადი ფულადი დახმარება ადგილობრივი ბიუჯეტიდან აუცილებლად უნდა გაიცეს.
დეპუტატი თორნიკე ავალიშვილი ამბობს, რომ მერია ვერ აცნობიერებს, თუ რას ნიშნავს სოციალურად დაუცველი ხალხისთვის დაფინანსების შემცირება. „ეს არის ამაზრზენი. მეორეკლასელი ბავშვი არ მიიღებს ასეთ გადაწყვეტილებას. ის 200 ათასი ლარი, რომლის გამოთავისუფლებასაც მერია მუნიციპალური ააიპ-ების რეორგანიზაციით გვპირდებოდა, ააიპ-ებზე დასამატებელი გაგვიხდება,“ – ამბობს თორნიკე ავალიშვილი.
საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე პაატა გოგოლაძე მიიჩნევს, რომ სოციალური პაკეტის დასაფინანსებელი თანხა უნდა გაიზარდოს. თუ საიდან, ამაზე დეპუტატი პასუხს მერიიდან ელოდება.
საკრებულოს ფრაქცია „თვითმმართველობა ხალხისთვის“ თავმჯდომარე ინგა მაღრაძემ კოლეგებს შესთავაზა, რომ საბიუჯეტო თანხების დაზოგვის გეგმა დეპუტატებმა შეიმუშაონ და გამოთავისუფლებული თანხით სიცოცხლისთვის საშიში დაავადებების მკურნალობა დაფინანსდეს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძემ და ბიუროს წევრებმა საკითხი მოუმზადებლად ჩათვალეს.
„მერია გვპირდებოდა, რომ ააიპ-ების რეორგანიზაციის შედეგად გამოთავისუფლებულ თანხას სოციალური პაკეტის დასაფინანსებლად მიმართავდა, – ამბობს მანანა ბარბაქაძე, – რატომ ვამცირებთ ახლა სოციალური პაკეტის დაფინანსებას?! როდესაც ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიები ამ საკითხს განიხილავთ, მოვიწვიოთ მერიიდან ადმინისტრაციული და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურების უფროსები, რომ გვაცნობონ, რა თანხა დაიზოგა ააიპ-ების რეორგანიზაციით.“
სოციალურ პაკეტში შესატან ცვლილებებს საკრებულოს კომისიები 3 მაისს, 10 საათზე განიხილავენ.
ნინო კაპანაძე
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.