„შენების მოძრაობის“ დამფუძნებელი და 2012 წლის მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და ამავე მოძრაობის წარმომადგენელი თენგიზ შერგელაშვილი 20 აპრილს ხარაგაულში თანამოაზრეებს შეხვდნენ.
შეხვედრის შემდეგ დავით უსუფაშვილს ქვეყანასა და ხარაგაულში მიმდინარე მოვლენებზე საუბარი ვთხოვეთ.
-ბატონო დავით, აპირებთ თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას?
-„შენების მოძრაობა“ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. მე პირადად მზად ვარ ვიყო კანდიდატი, მაგრამ არა მხოლოდ „შენების მოძრაობის,“ არამედ იმ ხალხის, ვისთვისაც ჩვენი პოლიტიკური პლატფორმა იქნება მისაღები. ასევე მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ სხვა კანდიდატს, თუკი შევთანხმდებით საერთო პლატფორმაზე.
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების განხილვა შეუძლებელია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გარეშე. პოლიტიკურ ასპარეზზე ახალი პოლიტიკური მოთამაშის, ახალი პარტიის გამოჩენაა საჭირო. „შენების მოძრაობა“ პოლიტიკურ პარტიად ჯერ არ რეგისტრირდება. საპრეზიდენტო არჩევნების პროცესში ჩვენი ინტერესია, რომ ისეთმა პარტიებმა მოვძებნოთ ერთმანეთი, რომლებიც უფრო მძლავრი ორგანიზაციის შექმნას შევძლებთ. ამაზე იქნება დამოკიდებული კანდიდატის ვინაობაც და ის კონფიგურაციაც, ვისთან ერთადაც არჩევნებზე გავალთ.
პოლიტიკაში გაერთიანების საფუძველი არ შეიძლება იყოს ვინმეს მიმართ სიყვარული ან სიძულვილი. „ქართული ოცნების“ პოლიტიკა რომ არ მოგვწონს, ეს არ არის საკმარისი საფუძველი გაერთიანებისთვის. ქვეყანას ასეთი გაერთიანება სარგებელს ვერ მოუტანს. გაერთიანება „რა არ მომწონს“ – ამის მიხედვით კი არა, „რა მომწონს“, – ამის გარშემოა საჭირო.
უნდა გავაცნობიეროთ, რა გვინდა, პრეზიდენტმა რომ მოაგვაროს უახლოეს ხანში. ხარაგაულის მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს უმუშევრობა აწუხებს. ხალხის მოტყუება იქნება, თუ საარჩევნო კამპანია წარიმართება ლოზუნგით – ამირჩიეთ და მოგცემთ სამუშაოს.
გვაქვს თუ არა ერთიან სახელმწიფოში ცხოვრების განცდა, – ასე უნდა დაისვას საკითხი. ხარაგაულელებმა იცით, რა აწუხებთ ლაგოდეხში? სათანადოდ ვართ ინფორმირებული, რა შეიძლება გამოიწვიოს პანკისის პრობლემებმა? საბიუჯეტო შემოსავლების რა ნაწილი ჩამოდის ხარაგაულში და ეს ფინანსების სწორი განაწილებაა თუ არა. სახელწიფოში ყველა სერვისი ყველას თანაბრად უნდა მიეწოდოს.
გერმანიაში, დედაქალაქში ჩახვალთ თუ სოფელში, ცხოვრების პირობები ერთნაირია. გერმანელი ყველგან გრძნობს, რომ სახელწიფომ მასზე იზრუნა.
ჩვენს ქვეყანაში – რუსთაველის გამზირიდან ყოველი კილომეტრით დაშორების შემდეგ უკვე სხვა ქვეყანაში ვართ. პრეზიდენტის საზრუნავი ქვეყანაში ერთნაირი პირობების შექმნაა. პრეზიდენტმა ვეტო იმ კანონებს უნდა დაადოს, რომელიც ქვეყნის თანაბარ განვითარებას არ უზრუნველყოფს. ერთიანი ქვეყნის აწყობა-მოწყობაზე უნდა გაკეთდეს აქცენტი საპრეზიდენტო არჩევნების დროს და არა პოპულისტურ გამონათქვამებზე.
-ბატონო დავით, როგორ უნდა დაიძლიოს საზოგადოებას დაუფლებული იმედგაცრუება და ხელჩაქნეულობა?
-საერთოდ, დემოკრატიულ სამყაროში შეინიშნება ტენდენცია, რომელიც საქართველოშიც თვალსაჩინოა, – მოქალაქეების დიდი ნაწილი აქტიური პოლიტიკური საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გამიჯნულია. დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი ნდობის საკითხი ბევრგანაა პრობლემა. ბრიტანეთში ეს ევროკავშირიდან გასვლით გამოიხატა, ესპანეთში კატალონია დამოუკიდებლობას ითხოვს, გერმანიაში ულტრამემარჯვენე ძალები აქტიურდებიან. იგივე ხდება უნგრეთში. თურქეთში ლამის სამხედრო გადატრიალება მივიღეთ. ამ მსოფლიო პროცესებში საქართველო და ქართული საზოგადოებაცაა ჩართული. სამწუხაროდ, ჩვენ ამ კრიზისულმა მოვლენებმა ცუდ დროს მოგვისწრო; ვერ შევძელით სახელმწიფოებრიობის განმტკიცება და დემოკრატიული ინსტიტუტების მხრივ ფეხზე მყარად დადგომა.
უიმედობამ შეიძლება ძალიან რთულ ვითარებამდე მიგვიყვანოს. სამწუხაროდ, ჩვენ ოკუპაციის პირობებში ვცხოვრობთ და ოკუპანტი სახელმწიფო ყველაზე მეტადაა დაინტერესებული ჩვენი დასუსტებით. პოლიტიკური ელიტა, თავისი საქმიანობით, სამწუხაროდ, საზოგადოებაში ნიჰილიზმს აძლიერებს.
„შენების მოძრაობის“ ამოცანა ზუსტად ესაა, რომ მოსახლეობას დავუბრუნოთ შერყეული რწმენა, რომ არსებობენ პატიოსანი პოლიტიკოსები, რომლებიც კანდიდატად საკუთარ თავს სთავაზობენ; ამ კანდიდატებს მართლა საჯარო საქმე აღელვებთ და არა საკუთარი კეთილდღეობა. ჩვენ ეს უნდა დავამტკიცოთ რეალური კანდიდატების შეთავაზებით, რომ არ შეგვერყეს მომავალის იმედი.
-როგორია „შენების მოძრაობის“ უახლოესი გეგმები და პრიორიტეტები?
-აქტიურად ვმუშაობთ იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც საკრებულოებში წევრები გვყავს. ჩვიდმეტი მუნიციპალიტეტიდან, სადაც კანდიდატები გვყავდა გასული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, რვა მუნიციპალიტეტში წარმატებას მივაღწიეთ. მათ შორის ხარაგაულის საკრებულოში ორი ძალიან აქტიური და გამოცდილი წევრი გვყავს. ვაგროვებთ ინფორმაციებს, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით მოვახდინოთ ადგილობრივი პრობლემების წარმოჩენა. წინ საპრეზიდენტო არჩევნებია და ამის შემდეგ, ბუნებრივია, პარტიის დაფუძნებაზე ვიფიქრებთ, რომ 2020 წელს საპარლამენტო არჩევნებზე ვიყოთ გამარჯვებულ პოლიტიკურ ძალთა შორის. ჩვენ არ ვისახავთ მიზნად, რომ ვიყოთ ერთადერთი გამარჯვებული, რადგან ერთადერთი გამარჯვებული კვლავ ერთპარტიულობას ნიშნავს. ჩვენ უნდა ვიყოთ ერთ-ერთი გამარჯვებული და უნდა ვიყოთ სამთავრობო კოალიციის წევრი. ეს იქნება ჩვენი ამოცანა შემდგომ წლებში.
-როდესაც არჩევნებში 50+1-ის შანსი, ფაქტობრივად, არ არის, ბრძოლას მაინც რატომ აქვს აზრი?
-მხოლოდ მაშინ აქვს ბრძოლას აზრი. წინააღმდეგ შემთხვევაში რა გამოდის, ბრძოლა რისთვის – კომუნისტური ერთპარტიულობისთვის? ჩვენ ხომ ასეთი პარტია გვყავდა. მას შემდეგ მივიღეთ მრავალკომუნისტურპარტიულობა იმიტომ, რომ ყველას აქვს განცდა – ჭეშმარიტება მხოლოდ მის მხარესაა და ყველა დანარჩენი ხალხის მტერია.
ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, ქართულ ენაში ავკრძალავდი სიტყვა „პარტიას“ და მის ნაცვლად დავამკვიდრებდი ქართულ შესატყვისს – ნაწილი. ყველა, ვინც „პარტიას“ ახსენებს, თქვას, – საქართველოს კონსერვატიული ნაწილი, ლიბერალური ნაწილი, სოციალ-დემოკრატიული ნაწილი. ცნობიერებაში უნდა გაჯდეს, რომ ნებისმიერი პარტია არის ნაწილი და ის კონკრეტული ნაწილის აზრს გამოხატავს.
სახელმწიფო მთლიანია და თუ მთლიანი უნდა მართო ნაწილმა, მაშინ სხვა ნაწილის პოზიციები და მოსაზრებები უნდა გაითვალისწინო; სხვა ნაწილები გჭირდება ქვეყნის სამართავად. ევროპული სახელმწიფოების მიღწევა სწორედ ეს არის. ვერ ნახავთ ქვეყანას, სადაც არჩევნებზე რომელიმე პარტია იღებს 50+1 შედეგს და ასეთი ქვეყანა არის წარმატებული. წარმატება მოაქვს თანაარსებობის კულტურის გამომუშავებას; იმ ცნობიერებას, რომ სხვა პარტია არის არა მტერი, არამედ კონკურენტი და არჩევნების შემდეგ ეს კონკურენტი, შესაძლოა, დამჭირდეს პარტნიორად ქვეყნის მართვაში.
ასეთი მიდგომის პირობებში სულ სხვა დამოკიდებულებაა კონკურენციის დროსაც. მრავალპარტიულობა ნიშნავს პარტიების მხრიდან იმის გაცნობიერებას, რომ ჩვენ ერთმანეთი გვჭირდება. ამიტომ არის მნიშვნელოვანი 50-1 კონცეფცია შევქმნათ და არა 50+1.
-ხარაგაულელი ამომრჩევლებისა და საზოგადოებისთვის მოულოდნელი იყო, როცა „შენების მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ხარაგაულის საკრებულოში – ინგა მაღრაძემ და მიხეილ ჭიპაშვილმა ფრაქცია შექმნეს „ევროპული საქართველოს“ დეპუტატებთან ერთად. როგორი ახსნა აქვს ამას?
-ახსნა, პირველ რიგში, ის აქვს, რომ არ ვართ საკმარისი ფრაქციის შესაქმნელად. არადა, ხარაგაულელებს საამისოდ ყველა საფუძველი ჰქონდათ. ჩვენი პოლიტიკა ადგილობრივ დონეზე არის შემდეგი: პარტიულ-პოლიტიკური ხაზების გატარება და ჯებირების აგება ქვეყანაში ერთი და იმავე ნიშნით არასწორია.
თვითმმართველობა იმიტომ არის დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომ აქ საკრებულოს წევრები ადგილობრივ თემატიკაზე უნდა მუშაობდნენ, ადგილზე გაცილებით მეტი უნდა იყოს თანამშრომლობა ადგილობრივი საკითხების მოსაგვარებლად. მემარცხენეები და მემარჯვენეები ერთნაირად უნდა ზრუნავდნენ ხიდის გადებაზე იქ, სადაც ეს ხიდია გასადები. არასწორია, როცა კოპირება ხდება ეროვნულ დონეზე არსებული პოლიტიკური პარტიების ურთიერთობებისა ადგილობრივ დონეზე.
მეტსაც გეტყვით, ერთი მშვენიერი არჩევნების შემდეგ აღმოჩნდება, რომ პარლამენტში უმრავლესობაშია „შენების მოძრაობა“ და კიდევ სხვა პარტიები, ზესტაფონის თვითმმართველობაში უმრავლესობაში არიან სოციალ-დემოკრატები, ხარაგაულში – ეროვნულ-პატრიოტები და ა. შ. არც ერთ ნორმალურ და დემოკრატიულ ქვეყანაში არ ხდება ისეთი რამ, რაც ხდება ჩვენთან – როცა ყველა მუნიციპალიტეტში ერთი და იგივე პოლიტიკური პარტიაა უმრავლესობაში.
მოსახლეობა ხმას იმ პარტიას უნდა აძლევდეს, რომელიც ადგილობრივ პრობლემებს უკეთ მოაგვარებს. ამიტომ ჩვენ სრულიად შეგნებულად მივდივართ იმაზე, რომ სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში, თუკი აღმოჩნდება კონკრეტული ადამიანი, ვისთან ერთადაც ადგილობრივი საკითხების მოგვარების პრიორიტეტებზე შევთანხმდებით, მივდივართ ფრაქციების შექმნაზე.
ფრაქციების შექმნა ნიშნავს არა პარტიების გაერთიანებას, არამედ კონკრეტული საკითხების მოსაგვარებლად ძალისხმევის გაერთიანებას. ჩვენ ეს უნდა დავნერგოთ. ეს პირდაპირ კავშირშია იმ ფილოსოფიასთან, რაც უკვე მოგახსენეთ – ერთპარტიულობა კი არა, არამედ იმის გააზრება, რომ ჩემი კონკურენტი პოლიტიკური პარტია, შესაძლოა, იყოს ჩემი პარტნიორი ფოთში და ერთად ვაკეთოთ საქმე.
ეს ცოტა რთულია პოსტსაბჭოთა ქვეყნების იმ მოსახლეობის მენტალიტეტისთვის, რომელიც მიჩვეული იყო „მატრიოშკულ“ პრინციპს – დიდი, პატარა, კიდევ უფრო პატარა. ღირსეული ცხოვრება რთულია, მონობა – მარტივი.
ნინო კაპანაძე
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.