პარასკევია. მუსლიმთა სალოცავი დილიდან ტრადიციული რიტუალისთვის ემზადება. 70 წელს მიღწეული დავით ვერულიძე ადრე გამოდის სახლიდან, რომ ნელ-ნელა ფეხით ჩამოუყვეს სოფლის დაღმართს ჯამემდე.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეს სიძველისგან გაშავებული ხის მეჩეთი – ჯამე აქვს. იმდენად ძველი, რომ დავითის პაპასაც აღარ ხსომებია, როდის დაფუძნდა აქ ქვის საძირკველზე წაბლის ხის ორსართულიანი შენობა. კვირიკეს ჯამე საქართველოს მუსლიმური სამლოცველოებისგან ლაზური ორნამენტებით, ბოძებით, რიკულებითა და მთლიანად არქიტექტურით გამოირჩევა. ის კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი.

მკვლევარები ძეგლის ისტორიას ფანჯრის დარაბასთან შესრულებული არაბული წარწერიდან იწყებენ, რომლის მიხედვით, ის 1860-1862 წლებში არჰაველი ლაზი ოსტატის მიერაა აგებული. თუმცა სოფლის მცხოვრებლები იმასაც ყვებიან, რომ ეს შენობა მანამდე სხვა სოფელში იდგა, შემდეგ აქ გადმოიტანეს, რამდენიმე ბეღელი მიაშენეს და გააფართოვეს.

დავით ვერულიძე იხსენებს უახლეს ისტორიულ წარსულს – ბოლშევიკურ რეჟიმს, როცა ლოცვა აუკრძალეს და ჯამე სოფლის კლუბად გადააკეთეს.

„აქ კინოებს აჩვენებდნენ, შემდეგ ხის შენობაში ელექტრობის ჩართვა არ შეიძლებაო და ესეც აგვიკრძალეს, მერე პროდუქტების საწყობი გააკეთეს. როცა თავისუფლება დაიწყო, 90-იან წლებში, სოფლის უხუცესების ინიციატივით, აქ ლოცვა განახლდა“.

ამ დროიდან მოსახლეობას თვითონ დაუწყია ზრუნვა შენობის გამაგრებაზე, სახსრების მოძიებაზე. 2014 წლიდან სარესტავრაციო სამუშაოებში კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოც ჩაერთო და გამოცვალეს სახურავი, იატაკი, საყრდენი ბოძი და ფანჯრები ისე, რომ ძეგლს პირვანდელი სახე არ დაუკარგავს. სამშენებლო სამუშაოებში მთელი სოფელი იყო ჩართული, მუსლიმიც და ქრისტიანიც. ზოგი ფულს სწირავდა, ზოგიც – სამშენებლო მასალას.

ქრისტიანი რამაზ ვერულიძეც ერთ-ერთი მათგანია.

„რესტავრაციის დროს ერთი ხე მთხოვეს, ხუთი ნაძვის ხე მივეცი, ალალი მიქნია თქვენი სალოცავისთვის-მეთქი. ჯამე იგივეა ჩემთვის, რაც ეკლესია. რასაც ეკლესია მასწავლის, იგივეს მასწავლის ეს მეჩეთიც. ეს ჩემი სალოცავიც არის“, – ამბობს რამაზ ვერულიძე, რომელსაც ჯამეს ეზოში შევხვდით. მისთვის სხვა აღმსარებლობის სალოცავში მისვლა მოყვრის ჭირ-ვარამისა და სიხარულის გაზიარებაა.

ჯამეს ეზოში შეკრებილი მუსლიმები რამდენიმე დღის წინ ავარიაში დაღუპულ ახალგაზრდა მამაკაცზე საუბრობენ და მის საფლავს გვიჩვენებენ. ქრისტიანი მათი სალოცავის გვერდით დაკრძალეს. საფლავზე ხის ჯვარია აღმართული. იქვე სხვა, შედარებით ძველი, ჯვარამოტვიფრული ქვის საფლავებიც ვნახეთ.

„ეს სოფლის სასაფლაოა. სოფელი კი ყველასია, – ქრისტიანისა და მუსლიმის. ეს ბიჭი ჩვენი თანასოფლელი იყო. ძალიან დაგვწყვიტა გული. ქრისტიანებიც მოდიან და წითელ კვერცხებს აგორებენ საფლავებზე. ვისაც რისი სჯერა, ისე ცხოვრობს, არავის არაფერს ვუშლით. მე თვითონ მუსლიმი ვარ, ცოლიც მუსლიმი მყავს, მაგრამ შვილები, რძლები და ბადიშები ქრისტიანები არიან. ამიტომ სახლში აღდგომაზე პასკასაც ვაკეთებთ და წითელ კვერცხებსაც ვხარშავთ, ჩვენმა წინაპრებმა ასე გვასწავლეს და ერთმანეთის პატივისცემის ტრადიცია გრძელდება. მალე აქედან რამდენიმე მეტრში ეკლესიის მშენებლობა იგეგმება, სადაც თუ საჭირო გახდა, ჩვენც მივიღებთ მონაწილეობას, რადგან ღმერთი ერთია, მსახურები ვართ სხვადასხვა“, – გვითხრა დავით ვერულიძემ.

კვირიკეში 2000-მდე მცხოვრებია და შეკითხვას, რომელი აღმსარებლობის ადამიანი უფრო მეტია სოფელში, კვირიკეს მუსლიმებიც და ქრისტიანებიც ღიმილით უპასუხოდ ტოვებენ.

ტექსტისა და ფოტოების ავტორი ნანა ხუბუტია – ინტერნეტგამოცემა „ლაივპრესი“ (ზუგდიდი);

ვიდეოს ავტორი ნინო კაპანაძე – გამომცემლობა „ჩემი იმერეთი“ (ხარაგაული)