2017 წლის მაისში პარლამენტმა თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობაში მიიღო ცვლილებები და დამატებები, რომელიც მიმართულია თამბაქოს მოხმარების და მასთან დაკავშირებული კატასტროფული ტვირთის შემცირებისაკენ.

თამბაქოს კონტროლის გაძლიერებული კანონმდებლობის მიხედვით:

  • ყველა საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა-ნაგებობა და ტრანსპორტი უნდა იყოს თამბაქოს (ელექტრო სიგარეტების და ჩილიმის ჩათვლით) კვამლისგან თავისუფალი, გარდა სპეციალურად მოწყობილი სიგარა ბარისა და სხვა კანონით დადგენილი საგამონაკლისო შემთხვევებისა – 2018 წლის 1 მაისიდან.
  • იკრძალება თამბაქოს ნაწარმის, მისი აქსესუარების და მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობების ყველა სახის რეკლამა, სპონსორობა და პოპულარიზაცია – 2018 წლის 1 მაისიდან.
  • იკრძალება თამბაქოს მოხმარების დემონსტრირება მასმედიის ან სხვა ბეჭდური თუ ელექტრონული საშუალებებით, მასობრივი ჩვენებისა და თეატრალური წარმოდგენების დროს. ამგვარი ინციდენტის შემცველი პროდუქცია წარმოადგენს არასრულწლოვნებზე მავნე ზეგავლენის მომხდენ პროდუქციას და ექვემდებარება შეზღუდულ ჩვენებას – 2018 წლის 1 მაისიდან.
  • იკრძალება თამბაქოს, მისი აქსესუარის და მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის მიყიდვა 18 წლამდე პირზე, თამბაქოს ღერებით ან შეფუთვის გარეშე გაყიდვა, მისი გაყიდვა სამედიცინო, სპორტულ ან კულტურულ დაწესებულებებში და მათ ტერიტორიაზე, სკოლებიდან და საბავშვო ბაღებიდან 50 მეტრში, ბავშვთა სათამაშოებთან ერთად, უფასოდ დარიგება, ელექტრონული ან მექანიკური მანქანებით გაყიდვა და საცალო ვაჭრობა ინტერნეტით ან ფოსტით – 2018 წლის 1 მაისიდან.
  • საზოგადოებრივ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღებისას თამბაქოს ინდუსტრიის მხრიდან პირდაპირი ან არაპირდაპირი მონაწილეობის აკრძალვა – 2018 წლის 1 სექტემბრიდან.
  • „დრაივ თამბაქოს“-ს აკრძალვა (დრაივ კაბინები, სადაც მომხმარებელს შეუძლია თამბაქო შეიძინოს მანქანიდან გადასვლის გარეშე) – 2018 წლის 1 სექტემბრიდან.
  • იკრძალება თამბაქოს, მისი აქსესუარის და მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის გამოფენა დახლებზე, რომლებიც ჩანს სავაჭრო ობიექტიდან – 2018 წლის 1 სექტემბრიდან.
  • მოსაწევი თამბაქოს კოლოფების დიდი გვერდების 65%-ს უნდა იკავებდეს სამედიცინო გაფრთხილება და წინა გვერდის ეს გაფრთხილება უნდა შეიცავდეს სურათს თამბაქოს მავნეობის შესახებ (პიქტოგრამა) – 2018 წლის 1 სექტემბრიდან.
  • არამოსაწევი თამბაქოს კოლოფების დიდი გვერდების 30%-ზე უნდა იყოს ტექსტუალური სამედიცინო გაფრთხილება, ელექტრონული სიგარეტების კოლოფებში უნდა იყოს საინფორმაციო ფურცელი – 2018 წლის 1 სექტემბრიდან.

2018 წლის 1 მაისიდან იკრძალება: ელექტრონული სიგარეტი, ჩილიმი, სიგარეტი, სიგარილა, სიგარა, პაპიროსი, უფილტრო სიგარეტი, ფილტრიანი სიგარეტი, საჩიბუხე თამბაქო, ჩილიმისთვის განკუთვნილი თამბაქო, რომელიც წვის ან გახურების შედეგად გამოყოფს პირველად კვამლს ან ამ დროს ხდება გამოყოფილი აეროზოლის შესუნთქვა.

 

მოწევა აკრძალულია:

ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში: რესტორანი, კაფე-ბარი, გასართობი ცენტრი, კლუბი, კვების ობიექტი, სასტუმრო 80%, სავაჭრო ობიექტი, მაღაზია, კერძო ოფისები, სახელმწიფო დაწესებულებები, მრავალბინიანი სახლის საერთო ფართი, სამედიცინო დაწესებულება, ფარმაცევტული დაწესებულება, სილამაზის სალონი, სპორტული ცენტრი, უნივერსიტეტი, კოლეჯი, სკოლა, ბიბლიოთეკა, ახალგაზრდული ბანაკები, ბავშვთა გასართობი ცენტრები, ბაგა-ბაღები, სასწავლო-სააღმზრდელო ცენტრები, ყველა დაწესებულება, რომელიც 18 წლამდე ასაკის პირებისთვის არის განკუთვნილი,  გარდა ქვემოთ ჩამოთვლილი ზოგიერთი გამონაკლისისა.

  • საზოგადოებრივ ტრანსპორტში, გარდა ტაქსისა და კატერისა;
  • საგანმანათლებლო, სააღმზრდელო, სასწავლო დაწესებულებების, ბიბლიოთეკების, მოსწავლე ახალგაზრდობის ბანაკების, ბავშვთა გასართობი ცენტრების, და 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილი სხვა დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, აგრეთვე 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილ საზოგადოებრივ შეკრებებზე;
  • სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე;
  • ბენზინგასამართი, გაზგასამართი და გაზგასამართი და გაზგამანაწილებელი სადგურების, ასევე ცეცხლსაშიში ნივთიერებების შემნახველ შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე.

 

 თამბაქოს მოწევა ნებადართულია:

  • ფიზიკური პირის ადგილას (თუკი იგი ფაქტობრივად ცხოვრობს ამ ადგილას და ამავდროულად არ ეწევა სამეწარმეო საქმიანობას);
  • სტადიონზე, რომელსაც ფყავს ადმინისტრაცია – 2020  წლის 1 იანვრამდე!
  • სასტუმროს ნომრების არაუმეტეს 20%-ში – 2020 წლის 1 იანვრამდე!
  • თამბაქოს კვამლის შემსწავლელ სპეციალიზებულ ლაბორატორიაში;
  • პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც მოწევის პირობებს განსაზღვრავს შესაბამისი მინისტრი;
  • წინასწარი დაკავების იზოლატორში;
  • სიგარაბარში, რომელიც მოწყობილი უნდა იყოს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გაცემული ნებართვის საფუძველზე;
  • სამორინეში;
  • აეროპორტის სატრანზიტო ზონაში სპეციალურად გამოყოფილ მოსაწევ ოთახში;
  • სტაციონარული, ფსიქიატრიული და პალიატიური მკურნალობისთვის განკუთვნილ დაწესებულებაში ამ დაწესებულების ხელმძღვანელის სპეციალური ბრძანებით დადგენილი წესით.

 

კანონის დარღვევის შემთხვევაში:

შენობა-ნაგებობის ადმინისტრაცია, ხოლო საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემთხვევაში, მისი მძღოლი, ვალდებულია:

  • უზრუნველყოს თამბაქოს მოწევის აკრძალვა;
  • არ დაუშვას თამბაქოს მოხმარების შედეგად არსებული კვამლის, ფერფლის, ნამწვის არსებობა, ასევე ჩილიმის განთავსება;
  • შესასვლელში და სხვა თვალსაჩინო ადგილას განათავსოს თამბაქოს მოწევის აკრძალვასთან დაკავშირებული შესაბამისი წარწერა და ნიშანი;
  • არ დაუშვას თამბაქოს მოწევა, ხოლო თამბაქოს მოწევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აღკვეთოს იგი კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში;
  • დამრღვევის მიერ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში მიმართოს შესაბამის ორგანოებს. 

 

ჯარიმები:

  • კანონის დარღვევის შემთხვევაში დაწესებულება დაჯარიმდება 500 ლარით, განმეორებისას – 1000 ლარით.
  • ფიზიკური პირის შემთხვევაში ჯარიმა 100 ლარია, თუ ფიზიკური პირი მოწევს მრავალბინიანი სახლის იმ ნაწილში, რომელიც საერთო ქონებაა (ვესტიბიული, სადარბაზო, დერეფანი, კიბის უჯრედი, სარდაფი, სახურავი, ლიფტი და სხვ.) იგი დაჯარიმდება 50 ლარით, განმეორების შემთხვევაში – 100 ლარით.
  • სახმელეთო საზოგადოებრივ ტრანსპორტში მძღოლის მიერ მოწევის აკრძალვის მოთხოვნის შეუსრულებლობა, გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 500 ლარით, განმეორებისას 1000 ლარით.
  • რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მესაკუთრის/მფლობელის მიერ შესაბამის სატრანსპორტო საშუალებაში მოწევის აკრძალვის/შეზღუდვის მოთხოვნის შეუსრულებლობა, გამოიწვევს მის დაჯარიმებას 500 ლარით, განმეორებისას – 1000 ლარით.
  • ფიზიკური პირის მიერ საზღვაო, სარკინიგზო და საჰაერო საოგადოებრივ ტრანსპორტში თამბაქოს მოწევა, გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარით, განმეორებისას – 100 ლარით.

2018 წლის 1 მაისიდან მარტივდება დაჯარიმების წესი და უფლებამოსილი პირი (საზოგადოებრივ შენობებში პოლიციას, ტრანსპორტის შემთხვევაში შესაბამის ადმინისტრაციებს, სამედიცინო დაწესებულებებში ჯანდაცვის სამინისტროს) ადგილზე შეუფარდებს ჯარიმას შესაბამის იურიდიულ თუ ფიზიკურ პირს. დაჯარიმებულ პირს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს, თუ იგი არ ეთანხმება საჯარიმო სანქციას.

თათია ბლუაშვილი
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის ექიმი-პროფილაქტიკოსი

მაკა გელაშვილი
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის ექიმი-პროფილაქტიკოსის თანაშემწე