დღეს ჩვენი ქვეყნის მთავარი მიზანი მალარიისგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსის შენარჩუნებაა.

მალარია ინფექციური დაავადებაა, რომელსაც სისხლის უმარტივესი პარაზიტები იწვევს.

მალარია ისტორიულად ერთ-ერთია უძველეს დაავადებათა შორის. ამჟამად მთელ მსოფლიოში ასზე მეტი ქვეყანა არის მალარიისთვის ენდემური. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მალარიით ყოველწლიურად 350-500 მილიონამდე ადამიანი ავადდება და მათგან  მილიონ სამასი ათასამდე (უმეტესად, 5 წლამდე ბავშვები) ამ დაავადებისაგან კვდება.

მალარია მსოფლიოში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთ ძირითად პრობლემას წარმოადგენს. გლობალური კლიმატური ცვლილებებისა და მზარდი მიგრაციის ფონზე სულ უფრო მეტი ქვეყნის წინაშე დგება მალარიის პრობლემა.

მალარიის გადაცემისათვის საჭირო ბუნებრივი პირობები ვრცელდება საქართველოს ტერიტორიის 51,6%-ზე. ამ ტერიტორიებზე განლაგებულია დასახლებული პუნქტების 80%, ე. ი. მოსახლეობის უმრავლესობა დასახლებულია იმ ადგილებში, სადაც არის მალარიის გავრცელებისათვის ხელსაყრელი ბუნებრივ-კლიმატური პირობები.

ისტორიულად საქართველოში მალარია ფართოდ გავრცელებული დაავადება იყო. ტროპიკული მალარია, როგორც ადგილობრივი დაავადება, ლიკვიდირებულია 1954 წლიდან და ამჟამად რეგისტრირდება, მხოლოდ როგორც შემოტანილი. სამდღიური მალარია, როგორც ადგილობრივი დაავადება, საქართველოში პირველად აღმოიფხვრა 1970 წლისათვის. 1996 წლიდან ის კვლავ გავრცელდა, როგორც ადგილობრივი ავადმყოფობა (ძირითადად, აღმოსავლეთ საქართველოში აზერბაიჯანთან მოსაზღვრე რაიონებში). ამჟამად საქართველოში მალარია აღმოფხვრის სტადიაშია. 2013 წლიდან ადგილობრივი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

მალარია უმრავლეს შემთხვევაში ვლინდება გამოხატული ციებ-ცხელების პერიოდით ე.წ. მალარიული შეტევებით. ინკუბაციური პერიოდის ხანგრძლივობა მერყეობს 8-30 დღემდე და დამოკიდებულია: მალარიის პლაზმოდიების სახეობაზე, პაციენტის ასაკზე, იმუნურ სტატუსზე და სხვ. ციებ-ცხელების დაწყებას წინ უსწრებს დაღლილობის შეგრძნება, თავის ტკივილები, სახსრების ტკივილი, გულისრევის შეგრძნება, ღებინება, მადის დაკარგვა. მალარიული შეტევები მეორდება ყოველ 48 ან ყოველ 72 საათში.

მალარიის ერთ-ერთი ფორმა (ტროპიკული მალარია) ყველაზე მძიმეა მალარიის ფორმებს შორის. ამიტომ მას ავთვისებიანსაც უწოდებენ. გართულებების ჩამოყალიბება და განვითარება მიმდინარეობს ძალიან სწრაფად, რის გამოც, სპეციფიკური და დროული მკურნალობის გარეშე, სრულდება ადამიანის სიკვდილით.

მალარიაზე ენდემურ ქვეყნებში წასვლისას მალარიის ქიმიაპროფილაქტიკისათვის მიზანშეწონილია ექიმთან კონსულტაცია (დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრში) პროფილაქტიკის ვადების, პრეპარატის დოზებისა და მიღების სქემების გარკვევის მიზნით.

პირები, რომლებიც იმყოფებოდნენ ქვეყნებში, სადაც გავრცელებულია მალარია, ჩამოსვლის დღიდან სამი წლის განმავლობაში თუ იგრძნეს თავი შეუძლოდ და მალარიისთვის დამახასიათებელი კლინიკური სიმპტომებიდან თუნდაც ერთი აღენიშნათ, აუცილებლად უნდა მიაკითხონ სამკურნალო დაწესებულებას და გამოიკვლიონ სისხლი მალარიაზე.

მალარიისგან თავის დაცვის ყველა საშუალება შეიძლება შემდეგნაირად დავაჯგუფოდ:

ეკოლოგიური  შეძლებისდაგვარად უნდა დამუშავდეს დაჭაობებული ტერიტორია და უნდა აღიკვეთოს დაჭაობების გამომწვევი მიზეზები. გუბურები უნდა დაშრეს, წყალსატევების ნაპირები გათანაბრდეს-გასწორდეს და დიდი წყალსატევების სანაპირო ზოლი ჩაღრმავდეს. წყალსატევები პერიოდულად უნდა გაიწმინდოს წყალმცენარეებისაგან. წყლის რეზერვუარები გადაიხუროს.

ფიზიკური  საცხოვრებელი ბინის კარი, ფანჯრები, მჭიდროდ უნდა იხურებოდეს და დაცული უნდა იყოს სპეციალური მწერსაწინააღმდეგო ბადეებით. მცირეწლოვანი ბავშვის საწოლს უნდა ჩამოეფაროს სამუმლე ბადე და კიდეები მჭიდროდ ამოეგოს ლეიბის ქვეშ.

ბიოლოგიური კოღოს წყლის ფაზების საწინააღმდეგოდ ეკოლოგიურად უსაფრთხო და ეფექტური საშუალებაა თევზი გამბუზიის გამრავლება. გამბუზია პატარა 3,5-7,5 სმ ზომის თევზია. გამბუზია კარგად ეგუება ნებისმიერი ტიპის წყალსატევს, არის ნაყოფიერი და გაუმაძღარი – შეუძლია დიდი რაოდენობის კოღოს მატლი და ჭუპრი გაანადგუროს. განსაკუთრებით ეფექტურია მცირე ზომის, წყალმცენარეებით ნაკლებად დაფარულ გუბურებში. გამბუზია მნიშვნელოვნად ამცირებს კოღოს რიცხობრიობას. ამ თვისებების გამო მას ფართოდ იყენებენ მალარიის კოღოს საწინააღმდეგოდ.

ქიმიური დეზინსექცია.

კოღო ანოფელესთან  საბრძოლველად ფართოდ გამოიყენება ე. წ. ინსექტიციდები. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, ინსექტიციდებით შენობების შიდა დამუშავება მალარიის კოღოსთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური საშუალებაა. შენობების დამუშავება ინსექტიციდებით მოითხოვს ყველა წესის მკაცრ დაცვას და  ჩვეულებრივ ხორციელდება დეზინფექციის სამსახურების მიერ, სპეციალისტების მიერ. რაც შეეხება დდტ-ს, რომელიც ქლორორგანული პრეპარატების ჯგუფს მიეკუთვნება, კანცეროგენული თვისებების გამო მისი გამოყენება ნებისმიერი სახით არის საფრთხის შემცველი და აკრძალული.

ზრდადასრული კოღოს გასანადგურებლად გამოიენება ჯანმო-ს მიერ რეკომინდირებული ეკოლოგიურად უსაფრთხო ინსექტიციდები.

ინდივიდუალური დაცვის საშუალებებია რეპელენტები და ელექტროფუმიგატორები. რეპელენტები არსებობს კრემების, მალამოების, ლოსიონების და ემულსიების სახით. რეპელენტებს ისვამენ სხეულის ტანსაცმლისგან დაუფარავ ნაწილებზე, თხელი ფენას, შეზელვის გარეშე. ერთჯერადი დამუშავებისათვის იყენებენ 5-10 მლ სითხეს ან 3-5 გრ მალამოს. გამაფრქვეველ ბალონში მოთავსებულ რეპელენტს ჯერ ხელის გულზე გააფრქვევენ და შემდგომ ამ ხელით წაუსმევენ სხეულის სხვა ნაწილებს. რეპელენტების ერთჯერადი გამოყენება საშუალებას იძლევა კოღოს თავდასხმისაგან თავი დავიცვათ 2-5 საათის განმავლობაში.

რეპელენტების უმრავლესობა არ არის რეკომენდირებული 3-5 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის.

ელექტროფუმიგატორი სპეციალური მოწყობილობაა, რომელიც  ჩვეულებრივ დენის წყაროს უერთდება და ახურებს ინსექტიციდებით გაჟღენთილ ფირფიტას. ამ დროს გამოიყოფა მწერებისთვის ტოქსიური აირები. ერთი ხელსაწყო, როგორც წესი, განკუთვნილია 12 კვმ ფართობის სივრცეზე. თუ ოთახის ფართობი მეტია, მაშინ მეტი ხელსაწყოს გამოყენებაა საჭირო.

ელექტროფუმიგატორის იმ შენობაში გამოყენება, სადაც ფეხმძიმე და მეძუძური ქალები ან ალერგიისკენ მიდრეკილი ადამიანები არიან, რეკომენდირებული არაა.

მზია მაღლაფერიძე
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის ენტომოლოგი