ერთი კვირაა, რაც ხარაგაულში არქეოლოგიური ექსპედიცია მიმდინარეობს. ეროვნული მუზეუმის თანამშრომლები ხარაგაულში ქვის ხანის ნამოსახლარების გამოსაკვლევად და ახალი ძეგლების აღმოსაჩენად იმყოფებიან.
ექსპედიცია დევისხვრელის შესწავლით დაიწყო და ხვალ, 5 აპრილს, ნუნისში დასრულდება.
დევისხვრელი გასული საუკუნის 30-იან წლებში პროფესორმა გიორგი ნიორაძემ აღმოაჩინა. ასი წლის შემდეგ მისმა შვილიშვილმა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორმა გიორგი ნიორაძემ დევისხვრელში დამატებითი გათხრები ჩაატარა.
„დავინტერესდით, დევისხვრელის მღვიმე ბოლომდე შესწავლილი იყო თუ არა, – ამბობს გიორგი ნიორაძე, – დადგენილია, რომ ქვის ხანაში ადამიანი უკვე ცხოვრობდა საქართველოს ტერიტორიაზე. დევისხვრელი ზედა პალეოლითის პერიოდის ადამიანის სადგომია. ამ ძეგლის მიმართ ინტერესი ყოველთვის იყო. გავაკეთეთ საძიებო ჭრილები და დავადგინეთ, რომ მღვიმე ბოლომდე მეცნიერულად შესწავლილია.
მოხარული ვარ, რომ ამ ექსპედიციის ფარგლებში ხარაგაულში ახალი ძეგლი აღმოვაჩინეთ. სოფელ ბაზალეთის შესასვლელთან, იქ სადაც მატარებლის გვირაბია, არის პალეოლითის ხანის მღვიმე. მღვიმეში აღმოჩნდა არტეფაქტები. ძეგლი დავიტანეთ რუკაზე. ხარაგაულის კეთილმოწყობის სამსახური დაგვეხმარა და მღვიმე მავთულის მესერით შემოვღობეთ, რომ შეძლებისდაგვარად დავიცვათ დაზიანებისაგან. ბაზალეთის მღვიმეს აუცილებლად შევისწავლით, – წელს თუ არა, მომავალ წელს მაინც. შემიძლია ვთქვა, რომ ხარაგაულში ჩვენი ექსპედიცია წარმატებულია.“
დღეს, 4 აპრილს, ექსპედიციის წევრები თერჯოლაში საგვარჯილეს მღვიმეს მოინახულებენ.
იმერეთში არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელია თენგიზ მეშველიანი – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პალეანტროპოლოგიისა და პალეობიოლოგიის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი. ექსპედიციის წევრები გიორგი ნიორაძესთან ერთად არიან ეროვნული მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი, პალეოანტროპოლოგი ნიკოლოზ წიქარიძე და და პალეოანტროპოლოგი ნიკოლოზ ვანიშვილი.
ფოტოზე: არქეოლოგიური ექსპედიცია ხარაგაულში
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი