როგორ ვებრძვით აზიურ ფაროსანას
ქიმიური, ბიოლოგიური და მექანიკური საშუალებები – ეს ის ხერხებია, რომლებსაც საქართველო აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად იყენებს, თუმცა რამდენად წარმატებულად?
საქართველოში ბაღლინჯო 2015 წელს გამოჩნდა და მისი მავნებლობა სოფლის მეურნეობის სექტორმა მალევე იგრძნო. აზიურმა ფაროსანამ განსაკუთრებულად იმოქმედა თხილის, სიმინდისა და ციტრუსის მოსავლის რაოდენობასა და ხარისხზეც.
იქიდან გამომდინარე, რომ აზიური ფაროსანასთვის საქართველო ახალი გარემოა და მისი პოპულაცია ბიოლოგიურად არ კონტროლდება, დღის წესრიგში, ერთ-ერთ საკითხად, ქვეყანაში აზიური ფაროსანას ბუნებრივი მტრის შემოყვანის თემაც დადგა.
რა ხდება ანასეულის ლაბორატორიაში
ბაღლინჯოს გამოჩენამ ქვეყანას ფიტოსანიტარიის გაძლიერებისაკენ უბიძგა. სოფლის მეურნეობის უწყების პირველი პირის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, მიმდინარე წელს დარგის განვითარება პრიორიტეტულ საკითხებშია. მინისტრი ამბობს, რომ ქართველ ენტომოლოგებს ევროსტანდარტების შესაბამისი კვლევების ჩატარების საშუალება უნდა ჰქონდეთ.
სწორედ ამიტომ ანასეულის ლაბორატორიის გადაიარაღება დაიწყო. აქ მეცნიერები საქართველოში აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებულ კვლევებს განახორციელებენ. ერთ-ერთი მთავარი საკითხი კი ენტომოლოგებისთვის ჩვენს ქვეყანაში ბაღლინჯოსათვის ბუნებრივი მტრის გაჩენა იქნება. ლევან დავითაშვილი განმარტავს, რომ სოფლის მეურნეობის სექტორში მოცემული რისკებიდან გამომდინარე, თემა სიღრმისეულად უნდა შეისწავლონ.
“ვინ” იქნება მტერი?
აზიური ფაროსანასთვის ბუნებრივი მტრის გაჩენის საკითხზე აქტიურად მუშაობენ ქვეყნებიც, რომელთათვისაც მავნებელი ასევე ახალ და მნიშვნელოვან გამოწვევად იქცა. მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევაში გამოსავლად სამურაი კრაზანას გავრცელებას მიიჩნევენ. სამეცნიერო ნაშრომში ნათქვამია, რომ მწერი აზიური ფაროსანას კვერცხების რაოდენობას 60-90%-ით ამცირებს.
აშშ-ს ზოგიერთ შტატში, მცირე რაოდენობით სამურაი კრაზანას პოპულაცია ბუნებრივად არსებობს. მიუხედავად ამისა, ამერიკელი სპეცალისტები ჯერჯერობით ვერ ამბობენ თუ როგორ გავლენას მოახდენს გარემოზე სამურაი კრაზანას ხელოვნური გავრცელება.
მწერს აკვირდებიან შვეიცარიაშიც. მიმდინარე ექსპერიმენტის გასაცნობად ქალაქ დელემონში მდებარე ლაბორატორიას საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტები ესტუმრნენ. ცენტრის ხელმძღვანელის ლევან უჯმაჯურიძის განმარტებით, იაპონური კრაზანას ჩვენს ქვეყანაში შემოყვანაზე საუბარი ნაადრევია, რადგან ეს სიღმისეულ კვლევებს მოითხოვს.
მითები პოტენციურ მტერზე
იაპონური კრაზანა შეამცირებს ქართული ფუტკრის პოპულაციას, მისი ნაკბენი კი შეიძლება საფრთხისშემცველი აღმოჩნდეს ადამიანისთვის – ეს ის ძირითადი მითებია, რომლებიც ქართულ ინტერნეტ სივრცეში მწერთან დაკავშირებით გავრცელდა.
ლევან უჯმაჯურაძე ამბობს, რომ იაპონური კრაზანა, შემოყვანის შემთხვევაში, არ შეუქმნის საფრთხეს ქართული ფუტკრის პოპულაციას. იგი არ ესხმის თავს არც მწერებს და არც ადამიანებს.
მწერი კი, რომლის ფოტოებიც ქართულ საიტებზე ვრცელდება როგორც აზიური ფაროსანას ბუნებრივი მტერი, რეალურად წყლის გიგანტური ბაღლინჯოა. იგი სამხრეთ აფრიკასა და ინდოეთში ბინადრობს, შესაბამისად აზიურ ფაროსანასთან არავითარი კავშირი არ აქვს და რასაკვირველია, მისი არც საქართველოში შემოყვანის საკითხი განიხილება.
რაც შეეხება სამურაი კრაზანას, ის 1-1.5 მილიმეტრის სიგრძის შავი ფერის მწერია. უმეტესად, 90 %-ზე მეტ შემთხვევებში, აზიანებს მხოლოდ ფაროსანას კვერცხს. „სამურაი კრაზანა” საკუთარ კვერცხებს აზიური ფაროსანას კვერცხში დებს, საიდანაც 3 კვირის შემდეგ არა ფაროსანა, არამედ “სამურაი კრაზანა” იჩეკება.
სოფლის მეურნეობის უწყებაში განმარტავენ, რომ კვლევების სრული ციკლის ჩატარებამდე სახელმწიფო აზიური ფაროსანას ბუნებრივი მტრის შემოყვანაზე გადაწყვეტილებას არ მიიღებს. სპეციალისტები მედიასაშუალებებსაც მოუწოდებენ თემის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საკითხის გაშუქებისას, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ.
მედიაპროდუქტი მომზადებულია „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ EBRD-ის მხარდაჭერით „ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც „ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“- JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის, შესაძლოა, არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში