ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამმა კომისიამ მას შემდეგ, რაც კონკრეტულ შეკითხვებზე მერიისგან წერილობითი პასუხი მიიღო, დღეს, 2 მარტს, მუნიციპალური ააიპ-ების შეერთების თემაზე მსჯელობა გააგრძელა.

დეპუტატები მერიას სთხოვდნენ:
– რეორგანიზაციასთან დაკავშირებულ სავარაუდო ფინანსურ გაანგარიშებას,
– გამოთავისუფლებული თანხების მიზანმიმართულებას,
– მოსალოდნელი რეორგანიზაციის შედეგად გამოთავისუფლებული შტატების რაოდენობა.

მერიიდან საკრებულოსთვის გაგზავნილ წერილობით პასუხში ნათქვამია, რომ რეორგანიზაციის შედეგად 180 ათასი ლარიდან 200 ათას ლარამდე თანხა გამოთავისუფლდება; ამ თანხის ნაწილი ააიპ-ების განვითარებაზე მიიმართება, ნაწილი – სოციალური პროგრამების განსახორციელებლად.

დეპუტატებმა კომისიების სხდომაზე აღნიშნეს, რომ მერიის პასუხი არასრულყოფილია და კონკრეტული ფინანსური გაანგარიშება არ ჩანს.

საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ თავმჯდომარე გივი თავზარაშვილი ამბობს, რომ „ააიპ-ების გაერთიანების შედეგად საბიუჯეტო თანხები კი არ დაიზოგება, არამედ პირიქით, ხარჯი მოიმატებს.

ამჟამად ააიპ-ის დირექტორის საშუალო ხელფასი 1 100 ლარია. გაერთიანების ხელმძღვანელს ამაზე ნაკლები ვერ ექნება. ვის ვაკლებთ და საიდან მოგვაქვს ახალი დირექტორების სახელფასო ანაზღაურებისთვის საჭირო თანხა? მერიიდან განმარტავენ, რომ ააიპ-ების საქმიანობაში არაფერი შეიცვლება. რატომ უნდა მოვაკლოთ ხელფასი მაშინ იქ დასაქმებულებს? ხელფასის მოკლების გამო ააიპ-ების თანამშრომლებმა რომ იჩივლონ, რას ვეუბნებით?

ჩემი გათვლებით, დაახლოებით 100 ათასი ლარი უნდა მოვიძიოთ ბიუჯეტში მხოლოდ ახალი ხელმძღვანელების სახელფასო ანაზღაურებისთვის, ან მინიმუმ ასი კაცი უნდა გავუშვათ. გაითვალისწინეთ პარტია, მომავალი არჩევნები და კიდევ უმრავი პრობლემა, რომლის წინაშეც აღმოვჩნდებით. რას ვპასუხოთ ადამიანს, რომ მოვა და გვკითხავს, რატომ გამათავისუფლეთო? ეს აწყობს ოპოზიციას. ჩვენ მხარი დავუჭირეთ მერიაში ხელფასების გაზრდას და ახლა ააიპ-ებიდან ადამიანების გათავისუფლებას დავეთანხმოთ?!“ – ამბობს გივი თავზარაშვილი.

ხარაგაულის მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსის, კახა გოლუბიანის განმარტებით, ზუსტი ფინანსური გაანგარიშება მას შემდეგ ექნებათ, რაც გაერთიანებულ ააიპ-ებში ხელმძღვანელები დაინიშნებიან და საშტატო და სახელფასო ნუსხას წარმოადგენენ.

საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე დავით კიკნაძესთვის მნიშვნელოვანია, რომ რეორგანიზაციის შედეგად უმუშევარი არავინ დარჩეს. თუმცა ისიც იცის, რომ თითოეული ააპ-ის ხელმძღვანელი შტატს კონკრეტულ პიროვნებას არგებდა.

„2006 წელს სკოლების ოპტიმიზაციამ კარგი არაფერი მოგვიტანა, – ამბობს დავით კიკნაძე, – შედეგად მივიღეთ ვანში, ღორეშაში, საბეში, ქვებში გაუქმებული სკოლები. იქ დასაქმებულებიდან ზოგი სხვა ქალაქებში, ზოგიც უცხოეთში წავიდა. ამიტომ არის ჩემთვის ბუნდოვანი, სად მიგვიყვანს ააიპ-ების შერწყმა. ამ საკითხს კარგად აწონ-დაწონვა უნდა.“

დეპუტატი ინგა მაღრაძე რეორგანიზაციას არ ეთანხმება იმის მიუხედავად, რომ ის წლების მანძილზე ააიპ-ებში „გაბერილ“ შტატებს აპროტესტებდა. ინგა მაღრაძე ამბობს, რომ ზოგს ისევ „პოლიტიკური მფარველი“ გამოუჩნდება. ამავე დროს მისთვის რეორგანიზაციის ფინანსური ეფექტი ბუნდოვანია.

საბოლოოდ, კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატებმა აღნიშნეს, რომ მხარს უჭერენ რეორგანიზაციას, მაგრამ მერიის მიერ საკითხი არასრულყოფილადაა მომზადებული. ამიტომ საბოლოო გადაწყვეტილებას ერთობლივად, საკრებულოს სხდომაზე, მიიღებენ.

ააიპ-ების შერწყმის საკითხს ხარაგაულის მუნიციალიტეტის საკრებულო 5 მარტის სხდომაზე განიხილავს.

ხარაგაულის მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსის, კახა გოლუბიანის ინფორმაციით, საკრებულოს სხდომას მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ თოფურიძე დაესწრება.

ნინო კაპანაძე