ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟათუბანში ახალი რკინიგზის მშენებლობაზე დასაქმებული ასამდე პირი გაიფიცა.
გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებული გიორგი კიკნაძე ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ დამსაქმებელი ორგანიზაციის, „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ წარმომადგენლები ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს სისტემატურად არღვევენ.
„ჩვენი რამდენიმე თანამშრომელი შვებულებიდან რომ დაბრუნდა, სამსახურში აღარ მიიღეს, – ამბობს გიორგი კიკნაძე, – ზოგს 24 დღის ნაცვლად მხოლოდ 12 დღის თანხა აუნაზღაურეს. გვაკლებენ ხელფასებს. გვირაბში მუშაობა უსაფრთხო არ არის. რამდენიმე დღის წინ ორი მუშა დაშავდა. გვპირდებოდნენ, გამოვასწორებთ მდგომარეობასო, მაგრამ არაფერი შეცვლილა. ამიტომ დღეს დილიდან მუშაობა შევაჩერეთ.“
ახალი რკინიგზის მშენებლობაზე დასაქმებულები რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების წევრები არიან.
„რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის მხრიდან, 2017 წლის ოქტომბერში ინსპექტირებისა და მონიტორინგის შედეგად, გამოვლინდა ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს მხრიდან აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის არაერთი ფაქტი, – ამბობს ორგანიზაციის წარმომადგენელი პაატა ნინუა, – კომპანიის მენეჯმენტს შესაბამისი რეკომენდაციები გავუგზავნეთ.“
რკინიგზელთა ახალი პროფკავშირები სს „საქართველოს რკინიგზას“ და „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ წარმომადგენლობას მოუწოდებს, რომ მოლაპარაკებები დასაქმებულებთან დროულად დაიწყონ.
ახალი რკინიგზის მშენებლობაზე დასაქმებულების პროტესტი ზვარესა და ბეჟათუბანში უსაფრთხო სამუშაო პირობებისა და სათანადო ანაზღაურების მოთხოვნით 2016 წლის აგვისტოდან ნოემბრამდე გაგრძელდა და მაშინ დასაქმებულთა ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა.
ბეჟათუბანში დასაქმებულები მოლაპარაკების დასაწყებად საქართველოს რკინიგზისა და პროფკავშირების წარმომადგენლებს ელოდებიან.
ნინო კაპანაძე
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი