უნიკალური, საოცარი, ულამაზესი, ხარაგაულელთა თავშეყრის საუკეთესო ადგილი, – ამ სიტყვებს ამბობდნენ ჩვენი რესპოდენტები ხარაგაულის კულტურისა და დასვენების პარკზე. ისინი ჩემთვის დაუჯერებელ ამბებს მიყვებოდნენ. ძნელი წარმოსადგენია, რომ ხარაგაულის პარკში ოჯახები იკრიბებოდნენ, ისვენებდნენ, ერთობოდნენ…
ნიკოლოზ მაჭავარიანი: -ჩემს ბავშვობაში პარკი მწვანედ ლივლივებდა. სავალ ბილიკებზე წითელი ფერის ქვიშა ფეხქვეშ სასიამოვნოდ ხრაშუნობდა. 10-11 წლის ვიყავი, მშობლებმა ღია ესტრადაზე სატირისა და იუმორის მსახიობის, თენგიზ ჩანტლაძის საღამოზე რომ წამიყვანეს.
მაშინ პარკში ხეები, დღევანდელთან შედარებით, პატარა ზომისა იყო. უნიკალური და ულამაზესი ვარდები მახსოვს, რომელსაც ლენა ლურსმანაშვილი და უშანგი ჯიმშიაშვილი უვლიდნენ. პარკის სიმდიდრე გახლდათ ირმები, შველი, გედები, დათვი. ხარაგაულის პარკში სიცოცხლე ჩქეფდა. 15-16 წლის რომ ვიყავი, მე, ცხონებულმა ზაზა ბარბაქაძემ და გია ფოფხაძემ ანსამბლი „იმერი“ ჩამოვაყალიბეთ. მე „იამაჰაზე“ ვუკრავდი, გია ფოფხაძე – გიტარაზე, ზაზა – დასარტყამ ინსტრუმენტზე. რეპეტიციებისთვის პარკის ადმინისტრაციულ შენობაში ვიკრიბებოდით. ანსამბლი კულტურისა და დასვენების პარკთან არსებობდა და კონცერტებს როგორც ხარაგაულში, ისე სოფლებში ვატარებდით. ხელს გვიწყობდა ჩვენი ელგუჯა ბიძია, – პარკის დირექტორი. ვფიქრობ, რომ ხარაგაულის კულტურისა და დასვენების პარკს ელგუჯა სებისკვერაძის სახელი უნდა მიენიჭოს.
ლია რამინიშვილი: -ხარაგაულის პარკში, უპირველეს ყოვლისა, ყურადღებას სიმწვანე, ლამაზად გაკრეჭილი და სიმეტრიული ბუჩქები იქცევდა. თვალწარმტაცი იყო მრავალფეროვანი ნარგავები, აუზი თეთრი და შავი გედებით, მდინარე ჩხერიმელას სანაპიროზე გალიებში მყოფი ფრინველები და ცხოველები. საქანელები და კარუსელები იყო როგორც პატარებისთვის, ისე უფროსკლასელებისთვის. ხარაგაულელი ახალგაზრდები თავისუფალ დროს თუ დღესასწაულებზე ამ პარკში ვიკრიბებოდით. პარკის დირექტორი ბატონი ელგუჯა სებისკვერაძე თავის თანამშრომლებთან ერთად სულ ფუსფუსებდა, იქაურობას ალამაზებდა და აწესრიგებდა. პარკში სამკერვალო საამქრო ფუნქციონირებდა, სადაც დროშები იკერებოდა. დედაჩემი ამ სამკერვალოში მუშაობდა. მინდა, რომ ხარაგაულის პარკში ძველი სიმწვანე და ის საოცარი ვარდები დაბრუნდეს.
დავით ჭყოიძე: -მახსოვს ხარაგაულის პარკში გედებით სავსე ტბა, ფანტანი, უზარმაზარი მწვანე ბუჩქები. წითელი ქვიშა და მწვანე ბუჩქნარი საოცრად ერწყმოდა ერთმანეთს. ამ სიმწვანეში ფარშევანგები დასეირნობდნენ. ირგვლივ მუსიკის ხმა ისმოდა. ხარაგაულელი გულშემატკივრები ფეხბურთს პარკის ტელევიზორში ერთად ვუყურებდით. პარკში ოჯახებით დადიოდნენ და ისვენებდნენ.
იური ლურსმანაშვლი: -ხარაგაულის პარკში შესვლა ძალიან სასიმოვნო იყო. ელგუჯა სებისკვერაძემ ხარაგაულელებისთვის და ხარაგაულის სტუმრებისთვის ძვირფასი დასასვენებელი ადგილი მოაწყო. ის დიდებული პიროვნება გახლდათ და პარკს საკუთარი შვილივით უვლიდა.
ახლა პარკი ძალიან მოუვლელია. სასურველია, რომ ძველი იერსახე დაუბრუნდეს. ძალ-ღონე არ უნდა დავიშუროთ ამ საქმისთვის. მუნიციპალიტეტის გამგებელი ნიკო თოფურიძე დაგვპირდა, რომ პარკი კეთილმოეწყობა. შეიძლება ფონდიც კი შევქმნათ დაბა ხარაგაულის მაცხოვრებლებმა და ჩვენი წვლილი შევიტანოთ პარკის აღდგენაში ისე, როგორ საკათედრო ტაძრის მშენებლობაში ვმონაწილეობთ. შეუძლებელი არაფერია. მიხარია, რომ თქვენი რედაქცია ამ საკითხით დაინტერესდა.
მაყვალა ვეფხვაძე: -ჩემს ახალგაზრდობაში, როცა პარკის დირექტორი ელგუჯა სებისკვერაძე გახდა, იქაურობა მართლაც ბაღნარს დაემსგავსა. ხალხიც ვუფრთხილდებოდით, რომ არაფერი გაფუჭებულიყო. სასიამოვნო იყო იქ შესვლა. მე და ჩემმა თანატოლებმა შვილები სანახევროდ პარკში გავზარდეთ. ღია ესტრადაზე არაჩვეულებრივი ღონისძიებები ეწყობოდა.
გიორგი (ჟორა) ბლუაშვილი: -1939 წლის ზაფხულზე ხარაგაულში დიდი წყალდიდობა მოხდა. წყალი რკინიგზაზე გადმოვიდა და გზა ორი კვირით ჩაიკეტა. ხანდებში თითქმის ორ კილომეტრზე რკინიგზა წყალმა წაიღო. პარკში, იქ, სადაც ახლა ღია ესტრადაა, მხოლოდ აკაციის ხეივანი იყო. ვიცი, რომ ორი კომუნისტი დამარხეს იმ ადგილზე, სადაც ახლა ღია ესტრადის სცენაა. წყალდიდობის შემდეგ პარკის ახლანდელ ტერიტორიაზე ნერგები გაშენდა, მაგრამ უსისტემოდ. პარკის პირველი დირექტორი ქუთაისელი ნიკო ფუტურიძე იყო. მასთან ელგუჯა სებისკვერაძე დეკორატორად მუშაობდა. როდესაც ფუტურიძე ქუთაისში გადაიყვანეს, 1960 წლიდან პარკის ხელმძღვანელი ელგუჯა სებისკვერაძე გახდა. გარდა იმისა, რომ ულამაზესი დეკორაციები გაკეთდა, ადგილზე ჰქონდათ სათბური, სადაც ვარდის სხვადასხვა ჯიშები გამოჰყავდათ. მახსოვს, აქ რუსი ებრაელი მხატვარი გვარად ტემჩინი მოიწვიეს. ხარაგაულის კულტურისა და დასვენების პარკის სამკერვალოში საბჭოთა კავშირში შემავალი ყველა რესპუბლიკისთვის დროშები იკერებოდა.
პარკი იყო ნამდვილი დასასვენებელი ადგილი. სატელევიზიო ჩვენებებთან ერთად ბატონმა ელგუჯამ მთხოვა, რომ კინოჩვენებები მოგვეწყო. უარს როგორ ვიტყოდი. მთელი ხარაგაული თავს პარკში იყრიდა. ელგუჯა სებისკვერაძე წავიდა პარკის დირექტორობიდან და პარკის საქმეც უკან-უკან წავიდა.
ლალი სებისკვერაძე: -ძნელია საკუთარ მამაზე საუბარი, მაგრამ პარკი რომ გასული საუკუნის 60-70-იან წლებში გამშვენიერდა, ფაქტია. დღესაც ისევ იმ თვალით ვუყურებ პარკში ყველაფერს, როგორც წლების წინ – მგონია, რომ გედები, ფარშევანგები, მოჭიკჭიკე ჩიტები, შველი და ირმები შემხვდებიან… პარკის მშვენება იყო მომღერალი ფანტანი ფერადი განათებით, პინგ-პონგის სათამაშო მაგიდა და გასართობი ატრაქციონები.
მამას ვარდის ნერგები ქალაქ ორჯონიკიძედან ჩამოჰქონდა, ხოლო ცხოველები – კრასნოდარიდან მოჰყავდა. ხარაგაულის პარკში სამასი ჯიშის ვარდი ხარობდა.
ადმინისტრაციის შენობაში მეორე სართულზე სამი ოთახი იყო – კულტურის მუშაკების, ბუღალტერისა და დირექტორისთვის. პირველ სართულზე სამუშაო იარაღებს ინახავდნენ. შენობის გვერდით, მდინარის მხარეს ნანგრევებია შემორჩენილი. იქ სამკერველო ფუნქციონირებდა. ოფიციალურ შეკვეთებს იღებდნენ დროშების დასამზადებლად.
გვიანობამდე პარკში სასიამოვნო მუსიკის ჰანგები ისმოდა. ფეხბურთის ჩემპიონატებზე განსაკუთრებული ხალხმრავლობა იყო.
მახსოვს, რომ ხარაგაულის კულტურისა და დასვენების პარკი მთაწმინდისა და მუშტაიდის პარკებთან ერთად ქვეყნის მასშტაბით საუკეთესოდ დასახელდა. მამა, როგორც საუკეთესო დირექტორი, 1980 წელს მოსკოვში ოლიმპიადაზე მიიწვიეს. ოჯახური მდგომარეობის გამო ვერ წავიდა და ბიძაჩემი ნუკრი კიკნაძე, რომელიც იმ დროს პარკში მუშაობდა, გაგზავნა. კულტურის საკავშირო მინისტრი ფურცევა მამას ყოველ დაბადების დღეს ულოცავდა.
ეკა შველიძე: –პარკში, სადაც ახლა ღია ესტრადაა, სასაფლაო ყოფილა. იქ რევოლუციონერებს ასაფლავებდნენ. მანდ იყო დასაფლავებული ივანე მაისუროვი, რომლის საფლავიც ახლა დაკარგულია. გასული საუკუნის 30-იან წლებში პარკის მშენებლობა დაიწყო, რაც 40-იან წლებში მეორე მსოფლიო ომმა შეაფერხა. ომის შემდგომ წლებში პარკის ინტენსიური განაშენიანება და მოწყობა გაგრძელდა. განვითარების პიკს ხარაგაულის პარკმა ელგუჯა სებისკვერაძის დირექტორობის დროს მიაღწია. კულტურისა და დასვენების პარკს ულამაზესი ხეები და ეგზოტიკური ფრინველები, მტაცებელი ცხოველები ამშვენებდნენ. ბატონი ელგუჯა პარკის დაცვის სადარაჯოზე თავად იდგა. წითელ ქვიშაზე ველოსიპედით გავლა იკრძალებოდა, მხოლოდ საფეხმავლო უნდა ყოფილიყო. პარკი წალკოტად იყო გადაქცეული მოვლილი, ახასხასებული ბუჩქნარით. დღეს ეს ყველაფერი მოგონებაა.
გუგა ბერაძე, ლუკა გურგენიძე
„ჩემი იმერეთის“ რედაქციასთან მოქმედი ჟურნალისტთა სკოლის „იმედი ხვალის“ სტუდენტები
სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი (CDI), World Vision-თან პარტნიორობითა და ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებს პროექტს სკოლის ახალგაზრდული ჯგუფების მხარდაჭერა ეფექტური და მდგრადი გადაწყვეტილებებისათვის (SYNCS), რომლის მიზანია საქართველოში ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობა ადგილობრივი პრობლემების გადასაჭრელად.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი