ევროპულ-ქართული ინსტიტუტის (EGI) პროექტის ფარგლებში, ხარაგაულის გამგეობისა და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელშეწყობით, ხარაგაულელმა ახალგაზრდებმა პროექტის – „კონსტიტუცია – გზა თავისუფლებისკენ“ დასკვნითი ღონისძიება მოაწყვეს.

პროექტი  „ქუჩის თამაშით“ დაიწყო. 200 მეტრის ლოკაციაზე განლაგებულ რვა ორგანიზაციაში (რაიონული ფოსტა, სასამართლო, ცენტრალური ბიბლიოთეკა, დეპუტატის ბიურო, სოციალური მომსახურების სააგენტო, დამოუკიდებელი გამოცემა „ჩემი იმერეთის“ რედაქცია, საჯარო სკოლა, რაიონული პოლიცია) თამაშის მონაწილეებს ფერად ფურცელზე დაწერილი მინიშნება – კონსტიტუციის კონკრეტული მუხლი ხვდებოდათ. თამაშის მონაწილეს უნდა გამოეცნო, თუ რომელი მუხლი შეესაბამება კონკრეტული ორგანიზაციის საქმიანობას.

თამაშის მონაწილეებმა – ლუკა გურგენიძემ, ლიზი ბარბაქაძემ და გიგა ხიჯაკაძემ ადვილად გამოიცვნეს, რომ 24-ე მუხლი მედიის თავისუფლებას, 41-ე სასამართლო ხელისუფლებას, 37-ე კულტურული გარემოთი სარგებლობის თავისუფლებას, 32-ე სოციალურად დაუცველთა, 28-ე ამომრჩეველთა ნების თავისუფლად გამოხატვას, 35-ე განათლების მიღების თავისუფლებას, 40-ე უდანაშაულობის პრეზუმციას იცავს.

ვიქტორინაში, რომელიც მემორიალთან გაიმართა, ოცი მოხალისე ჩაერთო. ყველა მათგანმა კონსტიტუციიდან დასმულ შეკითხვებს სწორი პასუხი გასცა.

თამაშში – „კონსტიტუციის ლოტო“ საბა მახათაძემ გაიმარჯვა.

პროექტის მოხალისე თამარ ჭიპაშვილი ამბობს, რომ საქართველოს ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს საქართველოს კონსტიტუცია, რადგან ეს კანონი მოქალაქეთა უფლებებს არეგულირებს. თამარი ფიქრობს, რომ სახალისო თამაშებით კონსტიტუციის შესახებ მიღებული ინფორმაცია ღონისძიების მონაწილეებსა და მაყურებლებს მეტად დაამახსოვრდებათ.

„ზოგადი მდგომარეობა კონსტიტუციის ცოდნის კუთხით არც თუ ისე სახარბიელოა, – ამბობს პროექტის მონაწილე სალომე კვირიკაშვილი, – იმედია, ჩვენი ღონისძიება კონსტიტუციის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ხელ შეუწყობს.“