დღეს, 31 ივლისს, 16:00 სათზე ხარაგაულში კონსტიტუციის ცნობიერების ასამაღლებლად რამდენიმე აქტივობა მოეწყობა. ახალგაზრდები ხარაგაულის ფოსტის მიმდებარე ტერიტორიიდან მემორიალამდე სხვადასხვა სახალისო თამაშის მეშვეობით „შეამოწმებენ,“ თუ რამდენად იცნობენ ხარაგაულელები კონსტიტუციას.

„კონსტიტუცია – გზა თავისუფლებისკენ,“ – ასე ეწოდება პროექტს, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია ევროპულ-ქართული ინსტიტუტის პლატფორმა „ინიციატივა“ ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში რამდენიმე კვირის წინ საქართველოს მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ ახალგაზრდებს, მათ შორის ხარაგაულიდან – ბერიკა ებანოიძეს, ლუკა თაბუკაშვილს, თინათინ ჩხეიძეს, მარიამ კვინიკაძეს, სალომე კვირიკაშვილს, ნინო ჭყოიძეს, კესო შარიქაძესა და თინათინ გელაშვილს ბაზალეთის საზაფხულო ბანაკში საგანმანათლებლო ტრენინგები ჩაუტარდათ.

„გვინდა, რომ ხარაგაულელებში კონსტიტუციისადმი ინტერესი გაიზარდოს, – ამბობს ხარაგაულელთა გუნდის წევრი კესო შარიქაძე, – მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებმა იცოდნენ კონსტიტუციის იმ მუხლების შესახებ, რაც მათ, შესაძლოა, ცხოვრებაში დასჭირდეთ. ვაწყობთ „სითი გეიმს“ ფოსტის მიმდებარე ტერიტორიიდან მემორიალამდე. დასკვნით ღონისძიებაზე მემორიალთან სხვადასხვა სახალისო თამაში ჩატარდება, მოეწყობა ვიქტორინა კონსტიტუციის ცოდნაში და გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან.“

„შეფასდება ჩვენი აქტივობა, პროექტში ჩართულთა რაოდენობა და ღონისძიების ხარისხი, – ამბობს ხარაგაულელთა გუნდის წევრი ბერიკა ებანოიძე, – საქართველოს მასშტაბით გამარჯვებული გუნდი აგვიტოს ბოლოს, საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე გაემგზავრება.“

პროექტის მონაწილე ხარაგაულელი ახალგაზდები მადლობას უხდიან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობას საჩუქრების შესაძენად ფინანსების გამოყოფისთვის და ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს პროექტის მომზადებაში ხელშეწყობისთვის.