ლეღვანიდან თბილისის მიმართულებით ჯონი არევაძე მიკროავტობუსით ყოველდღე გადაადგილდება. ის ამბობს, რომ ბოლო დღეებია, ხარაგაული-ძირულას გზის მდგომარეობა, წინა თვეებთან შედარებით, გაუმჯობესდა.

„ცოტა უკეთესია მდგომარეობაა იმასთან შედარებით, რაც იყო, – ამბობს ჯონი არევაძე, – გზა ხანდებში ასფალტით არის შეკეთებული და კარგია. აჯობებდა, მთელ პერიმეტრზე ასე გაეკეთებიათ. უმძიმესი მდგომარეობაა საღანძილე-ლეღვნის მიმართულებით. ავტომანქანების გავლა, ფაქტობრივად, შეუძლებელია. იქნებ გრეიდერი მაინც გაატარონ.“

„ორმოები ამოავსეს გზაზე, მაგრამ გზა საუკეთესო მდგომარეობაში რომ არ არის, ყველა ვხედავთ,“ – ამბობს ხიდარი-თბილისის მიკროავტობისის მძღოლი ვაჟა ბერაძე. ორი წელია, რაც საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ძირულა-ჩუმათელეთის გზის მოვლა-შენახვა ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას ამხანაგობა „იმერეთავტოგზა-2016“-ს დააკისრა. მისი ქვეკონტრაქტორი შპს „ფუგოს“ დირექტორი გოგი თხელიძე ამბობს, რომ ძირულიდან ხარაგაულამდე ორმოების ამოსავსებად 5 ტონა ასფალტის ნაფრეზი დაიგო.

– ორმოები დაბა ხარაგაულის ტერიტორიაზე ასფალტის ნაფრეზით შევავსეთ, – ამბობს გოგი თხელიძე, – 78 კბმ ღორღი დაიყარა ლაშეში მე-9, მე-10 და მე-11 კილომეტრებზე, დანარჩენ გზაზე 135 კბმ ღორღით შეივსო ორმოები.

ძირულა-ხარაგაულის გზაზე, ორმოების ამოსავსებად, აგვისტოს პირველ რიცხვებში 10 ტონა ასფალტის დაგებაა გათვალისწინებული.“

რაც შეეხება საღანძილე-ჩუმათელეთის გზას, გოგი თხელიძე ამბობს, რომ გუშინ, 26 ივლისს, „ინეზარდას წყაროდან“ 150 მეტრის მანძილზე დაიყარა ღორღი და გზა გრეიდერით შესწორდა. მისივე ინფორმაციით, 29 ივლისიდან, საღანძილე-ჩუმათელეთის გზაზე ინტენსიურ სამუშაოებს დაიწყებენ – მარელისის რკინიგზის სადგურამდე დაყრიან ღორღს და გრეიდერით გზას მოასწორებენ. ეს სამუშაოები, გოგი თხელიძის ინფორმაციით, აგვისტოს პირველ დეკადაში შესრულდება.

ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის სრული რეაბილიტაციის დეტალურ პროექტს საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანია „კოქსი“ ამზადებს.

ნინო კაპანაძე